Home » ბიზნესი » ზამთრის ტურისტულმა სეზონმა კინოკადრივით ჩაიარა – სექტორი ჩიხურ მდგომარეობაშია

ზამთრის ტურისტულმა სეზონმა კინოკადრივით ჩაიარა – სექტორი ჩიხურ მდგომარეობაშია

შეზღუდვების ძალაში დარჩენით, შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ისე დასრულდა, რომ არც დაწყებულა

ტურიზმის სექტორი ჩიხურ მდგომარეობაშია. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. მართალია, ტურისტული საქმიანობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – საერთაშორისო ავიამიმოსვლა, პირველი თებერვლიდან სრულად განახლდება, თუმცა იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანაშია – დახურული კაფე-ბარები, საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, კომენდანტის საათი და სხვა, ტურისტებისათვის კარგს არაფერს მოასწავებს. შეზღუდვების ძალაში დარჩენით, შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი ისე დასრულდა, რომ არც დაწყებულა.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სათხილამურო კურორტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების განმარტებისას განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინება ხდება.

„ვიცით, რომ არის დიდი პრეტენზია და მათ მართლაც უჭირთ. ეს სეზონი მათთვის პრაქტიკულად დაიკარგა და გაცდა. მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ რომ ამ ნაბიჯზე წავსულიყავით და თავის დროზე ზამთრის კურორტები არ დაგვეკეტა, იქ ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალ გავრცელებას მივიღებდით და მაინც მოგვიწევდა უფრო მკაცრი ზომების მიღება და შესაძლოა, იმ რეგიონების სრული გადაკეტვაც კი. ევროპული ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, უმეტესწილად ზამთრის კურორტები არ ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. წელს მთელს მსოფლიოში ჩავარდა ტურისტული სეზონი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისგან საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რესტორანი და სასტუმრო „ტერასას“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მთავრობის დაანონსებული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია. როგორც სიდამონიძე აღნიშნავს, ფრენების გახსნა საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვსმენია მსგავსი ანონსი და შემდეგ არ ასრულებულა. მეორე მხრივ, ეს არათანაბარი პოლიტიკა შეზღუდვებთან დაკავშირებით არაადეკვატურია. ფრენები რომ აღდგეს, ვინც ჩამოვა, გამოდის, რომ მთის კურორტებზე ვერ დაისვენებს, ვერ ისარგებლებს სხვადასხვა ტურისტული მომსახურებით, რადგან ყველა ასეთი ორგანიზაცია, რესტორანი თუ სასტუმრო, დაკეტილია.

თუ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია, გახსნა, ვერ ვხვდები ფრენებს რა მნიშვნელობა აქვს? გარდა ამისა, როდესაც რაღაცას აანონსებენ და შემდგომში გადაწყვეტილებას ცვლიან, ესეც არ არის ნორმალური. შეიძლება დღეს გვითხრან, რომ ხსნიან და მერე 1 თვეში ისევ დაკეტონ,“ – აცხადებს სიდამონიძე.

მისი განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში ტურისტულ ბიზნესს სამომავლო მოლოდინები არ აქვს. სიდამონიძის განცხადებით, სექტორი მთავრობას თვეების განმავლობაში ემუშავა იმისთვის, რომ  სექტორში რეგულაციები დანერგილიყო, რაც გახდებოდა იმის საფუძველი, რომ ბიზნესი არ დაკეტილიყო.

სიდამონიძის განცხადებით, სიტუაციიდან გამომდინარე, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იმხელა კონკურენციაა, რომ ყველა მიმართულება, რომელიც არ დაიკეტა და გახსნილია, იბრძვის გადარჩენისთვის. შესაბამისად, მათ აქვთ უამრავი შემოთავაზება.

„ამასობაში საქართველო რას სთავზობს, გაჩერებულია ყველანაირი მარკეტინგული აქტივობა, გეგონება გავქრით საერთოდ ტურისტული რუკიდან, მეორე მხრივ, ვინც არის ტურისტული სერვისის პროვაიდერი, ფაქტობრივად ნახევარზე მეტი გაკოტრებულია და მეორე ნახევარი გაკოტრების პირასაა. თუ არ იქნა ტრანსპორტი და ტურისტს გადაადგილების საშუალება არ ექნა, ასევე კვების და  ელემენტარული გასტრონომიის დაგემოვნება ვერ შეძლეს,  სხვას რას ვთავაზობთ? ამას ერთვის ისიც, რომ ვართ წითელ ზონაში, არ ვართ უსაფრთხო ქვეყანა და  ვაქცინაციის გეგმაც კი არ გვაქვს შეთანხმებული. დღეს ესეც მოქმედებს, უსაფრთხოების ნორმები მოგზაურების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია,“ – აცხადებს მაია სიდამონიძე.

მისი განცხადებით, ქვეყანას არ აქვს გარკვეული და გაცხადებული, თუ ფრენების გახსნისას რა რეგულაციები იქნება აეროპორტში და საზღვარზე. სიდამონიძის განცხადებით, ფრენების გახსნის გადაწყვეტილებასთან ერთად, კარგი იქნებოდა დაანონსებულიყო რა მიმართულებები დაიწყებს ფრენას და რეალურად, რა რეგულაციები იქნება.

„როდესაც ტურისტული სააგენტო უცხოელ პარტნიორს შეთავაზებებს უგზავნის, ინფორმაცია ელემენტარულად რა უნდა მიაწოდოს, არ აქვს. ერთმანეთს ვეკითხებით ხშირ შემთხვევაში, კომუნიკაციაც ისეთი ქაოტურია, რომ ხშირ შემთხვევაში ჭორის დონეზე ვიგებთ ხოლმე. ამიტომ, მთლიანად ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა,“ – აცხადებს სიდამონიძე.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძეც. მისი განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ქვეყანა, თუ მარჯვნივ.

,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე მოვიხსენიებ.

ჩვენ შევთავაზეთ გახსნის გეგმა, თუ როგორ დავიცავდით რეგულაციებს უმკაცრესად, თუმცა ლოგიკა და მათი მოქმედებები კორელაციაში არ მოდის. ამიტომ, მათი მხრიდან არ ყოფილა არავითარი საპირწონე არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება გახსნა თბილისში და შეიძლება ბათუმში, ან სხვა ნებისმიერ დეტალზე.

1-ლი მარტიდან ვეღარავინ ვეღარ გაიხსნება, იმიტომ, რომ აღარ იარსებებს რესტორნები. ასეთია დღეს ბიზნესის მდგომარეობა საქართველოში. ვინმემ ჰკითხა სამთო კურორტებს, 1-ლი მარტიდან სჭირდებათ თუ არა საერთოდ გახსნა, როცა სეზონი გადავლილია? მივიდნენ სასაფლაოზე და შესთავაზონ მკვდრებს თუნდაც უზრუნველი ცხოვრება, რამდენი მათგანი დასთანხმდება?“ – აცხადებს გაბრიჩიძე.

სანდრო პირველი

 

 

Share