Home » ეკონომიკა » ზაფხულის ჩავარდნილი ტურისტული სეზონი ციფრებში
ზაფხულის ჩავარდნილი ტურისტული სეზონი ციფრებში

ზაფხულის ჩავარდნილი ტურისტული სეზონი ციფრებში

2018 წელს საქართველოში ტურისტების ჯამური რაოდენობა თითქმის 5 მილიონს შეადგენდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს. ყოველწლიური მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით, ტურიზმის სექტორი მიმდინარე, 2019 წელსაც ტურისტული ნაკადის ზრდას ელოდა. თუმცა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოში 20 ივნისს დატრიალებულმა მოვლენებმა, რომელიც „გავრილოვის ღამით“ ან/და „პარლამენტის შტურმით აღების ღამით“ არის ცნობლი.

ამ მოვლენამ ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუსეთს შორის, ავიამიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. შედეგად, ტურიზმის სექტორი გამოწვევის წინაშე დადგა, რადგან რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრად შემცირების მოლოდინი შეიქმნა. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა სხვა ქვეყნებიდანაც.

ტურისტების ნაკადი ივნის-აგვისტოში

ზაფხულის ტურისტული სეზონი თითქმის მიიწურა. ამის ფონზე კი საინტერესოა თუ როგორ გამოიყურება „ზაფხულის ჩავარდნილი ტურისტული სეზონი“ ციფრებში და ზოგადად, რამდენად გვაქვს საფუძველი, რომ წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონს ვუწოდოთ „ჩავარდნილი“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში ტურისტული ნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა. 2018 წლის ივნისში საქართველოში სულ 399 ათასი ტურისტი შემოვიდა, წელს კი  ქვეყანას 471 ათასი ტურისტი ესტუმრა. 20%-ით გაიზრდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც. ჯამში ტურისტების და ვიზიტორების საერთო რაოდენობა ივნისში 874 ათასამდე აღწევს.

ივნისში ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში რუსეთიდან (152,155; +30%) შემოვიდა. რუსეთს თურქეთი (131,814; +45%) და აზერბაიჯანი (124,780; +18%) მოსდევს. ამ სამი ქვეყნიდან ჩამოსულები ივნისში ტურისტების 86%-ს შეადგენდნენ.

რაც შეეხება ზაფხულის მეორე თვეს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში ტურისტული ნაკადი საქართველოში 1%-ით, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 5,8%-ით გაიზარდა.

სულ ივლისში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1,099,474 ადამიანი შეადგინა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთიდან (+9.6%) და სომხეთიდან (+3.2%) შედგა.

რუსეთიდან ტურისტული ნაკადის კლება, როგორც ჩანს, ავია სანქციების დაწესებას უკავშირდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ნაკადი რუსეთიდან 6,4%-ით შემცირდა. რუსეთთან ავია მიმოსვლის შეჩერებამ გავლენა იქონია საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე. წელს ამ გზით შემოსული ნაკადის რაოდენობა 8,7%-ით შემცირდა.

4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა აგვისტოს თვეში. აგვისტოს თვეში ჯამში 1 358 598 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი დაფიქსირდა საქართველოში. ვიზიტორების რაოდენობით აზებაიჯანი ლიდერობდა 226 133 ვიზიტით (12.8%-იანი ზრდით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით). მეორე ადგილზე რუსეთია 207 899 ვიზიტით, თუმცა ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით ნაკლებია. მესამე-მეოთხე ადგილებზე კი სომხეთი და თურქეთი არიან. სომხეთიდან 4.5%-იანი(191 817), ხოლო თურქეთიდან კი 6.8%-იანი(154 834) ზრდაა.

შემოსავალი ტურიზმიდან ივნის-აგვისტოში

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მიმოხილვის მონაცემებით, ივნისში ტურიზმიდან შემოსავლებმა 340 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით მეტია. თუმცა, ზაფხულის მომდევნო ორ თვეში, ტურიზმის სექტორის შემოსავლებმა საგრძნიბლად იკლო, რაც რუსული ავია ემბარგოს შედეგია.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში ტურიზმის შემოსავლები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13,3 პროცენტით შემცირდა. შემოსავლებმა ტურიზმიდან ივლისის თვეში 374,7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 432,5 მლნ დოლარი იყო.

ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში კი ტურიზმის სექტორიდან ქვეყნის შემოსავალმა 396.1 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის აგვისტოში აღნიშნული მაჩვენებელი 442.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.  შესაბამისად, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, შემოსავალი 10.6 პროცენტით შემცირდა.

დასკვნის მაგიერ

ტურიზმი საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყაროა. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა და მშპ-ს 7%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება 2019 წელს, ჯერჯერობით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2,2 მილიარდი დოლარია.

საბოლოოდ, ტურისტული ნაკადი, შეიძლება ითქვას, რომ ჯამში არ შემცირებულა. ძირითადი შემცირება ფიქსირდება რუსი ტურისტების. თუმცა, საგრძნობლად შემცირდა ტურიზმიდან გენერირებული შემოსავლები ივლისსა და აგვისტოში. სექტორის შოკიდან ყველაზე დიდი დარტყმა მცირე და საშუალო ზომის, ასევე საოჯახო სასტუმროებმა მიიღეს, რომელთა უმრავლესობასაც საბანკო დავალიანება აქვთ. მთავრობამ მათ ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა.

როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება ტურიზმის სექტორში დღეს არსებულ გამოწვევბს, რა კონკრეტული გეგმა აქვს და რამდენად გაამართლებს ის, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი კი ერთია – წელს, ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა ის ავანსები ვერ გაამართლა, რაც მასზე იყო გაცემული.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share