Home » ბიზნესი » ზაალ იაკობიძე: აქციზის შემცირების შემთხვევაში, საწვავი მყისიერად 20 თეთრით გაიაფდება

ზაალ იაკობიძე: აქციზის შემცირების შემთხვევაში, საწვავი მყისიერად 20 თეთრით გაიაფდება

ბოლო რამდენიმე თვეა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები იზრდება. აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი. ფასის ზრდის მიზეზად ძირითად სახელდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მატება. საქართველოში საწვავზე ფასის მატების საკითხს ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბენზინზე ფასის ზრდა ბაზარზე პირდაპირ არ აისახოს“. ამის ერთ-ერთ გზად კი სექტორის წარმომადგენლები თუ ექსპერტები, ხელისუფლებას აქციზის შემცირებას სთავაზობენ.

როგორც „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა, აქციზის შემცირების შემთხვევაში, უხეში დათვლებით, საწვავი ლიტრზე მყისიერად 20 თეთრით შემცირდება. რამდენიმეთვიანი გაძვირების შემდეგ, უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ფასის კლება შეინიშნება საერთაშორისო ბაზარზე.

„ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებთან მიმართებით მუდმივი მატება შეიმჩნეოდა. მაგრამ რამდენიმე დღეა, დაახლოებით 50 დოლარით შემცირდა ბენზინის ფასი. ამასთან, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ერთ ნიშნულზე დგას. ზუსტი პორგნოზირება რთული და შეუძლებელია, თუმცა, თუ ამ 2 ფაქტორის გაუარესება არ მოხდა – საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი შესაძლოა შემცირდეს.

რაც შეეხება, აქციზს. დღეს მოქმედი გადასახადი 1 ტონაზე ბენზინს – 500, ხოლო დიზელს – 400 ლარით აძვირებს, ლიტრებში თუ გადავიყვანთ, გამოდის 40-50 თეთრი. ამას ემატება კიდევ დღგ-ც. თუ აქციზი განახევრდება ერთ ლიტრზე დაახლოებით 20-თეთრიანი შემცირება გვექნება. გამოვა, რომ საწვავი მყისიერად 20 თეთრით შემცირდება,“ – აღნიშნა იაკობიძემ.

Share