Home » ეკონომიკა » ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციები საქართველოში
ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 პროცენტით აღემატება 2014 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს.

ინვესტიციების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. გთავაზობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების ათეულს:

1. სავაჭრო კომპლექსი „ისთ ფოინთი“ – თბილისში კახეთის გზატკეცილზე საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი გასულ კვირას გაიხსნა. კომპლექსი 85 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული. „ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

2. თბილისის ზღვის ახალი უბანი – ეს არის „ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტი, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. გეგმის მიხედვით, დამტკიცებული ფართის მშენებლობის დასრულება იგეგმება 10 წლის განმავლობაში, პირველი სამი წლის მინიმალური საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 150 მილიონი აშშ დოლარის. პროექტი მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს, სააგარაკო სახლებს, ტურისტულ-დასასვენებელ ზონას, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრს, საბაჟო საწყობს და ოლიმპიურ სოფელს. თბილისის ზღვის ახალი უბანი „ჰუალინგ ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში.

3. სასტუმრო “მერკური” თბილისში – ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური“ ორთაჭალაში საერთაშორისო ჰოლდინგის – „მაქრო ქონსთრაქშენის“ ინვესტირებით აშენდა. პროექტში 16 მილიონი დოლარი ჩაიდო. სასტუმრო „მერკური“ მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. თბილისში 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.

4. „ჯინო ფერედაისი“ – გასართობი ცენტრი და გრანდიოზული აკვაპარკი თბილისში. პროექტში 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტორია ნოდარ გიორგაძე, რომელსაც სლოვაკეთში აქვს ბიზნესი.

5. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა” – ცენტრი განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს. ცენტრი დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „თიბისი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. ცენტრში ინვესტირებულია 15 მილიონამდე ლარი, დასაქმებულია 120 ადამიანი.

6. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“ – საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, საბურთალოზე 11.700 მ2 ფართობის ტერიტორიას იკავებს. კომპლექსი ევროსტანდარტის იზოლირებულ კომპლექსს წარმოადგენს. საერთაშორისო ჰოლდინგმა „მაქრო ქონსთრაქშენი“ კომპლექსში თითქმის 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

7. „დირსი“ – ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4 898 ბინას დასრულებული რემონტით. მშენებლობის პირველი ეტაპი 2014 წელს დასრულდა, ხოლო მთლიანი კომპლექსი 2016 წელს ბარდება. პროექტის ინვესტიცია აზერბაიჯანულ კომპანია AS Group Investment-ს ეკუთვნის. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტში 170 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

8. „თბილისი მოლი“ – სავაჭრო ცენტრი თბილისში, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. „თბილისი მოლს“ შ.პ.ს „რაკიინ აფთაუნ დეველოფმენთი“ მართავს, რომელიც თავის მხრივ, შ.პ.ს „რაკიინ დეველოფმენთს“ და IFC-ს (საერთაშორისო საფინანსო კომპანიას) ეკუთვნის. „თბილისი მოლის“ პროექტში 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

9. „რიქსოს ბორჯომი“ – სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი ბორჯომში. ინვესტორია შპს „ყაზმუნაიგაზ სერვისი”. ჯამურმა ინვესტიციამ 48 მილიონი დოლარი შეადგინა. სასტუმრო 2014 წელს გაიხსნა და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სასტუმროს წარმოადგენს საქართველოში.

10. ფოთის პორტი – 2011 წლის აპრილში „ეიპიემ ტერმინალსმა“ საქართველოში ყველაზე დიდი პორტი – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ შეისყიდა. კომპანიამ 70 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო პორტის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი 2018 წლისთვის დასრულდება.

Bpn.ge

Share