Home » ბიზნესი » ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა
ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა

სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ დაილუქა. შენობიდან სტუმრების გაყვანა გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ განაცხადა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც უწყებამ სასამართლოს მიმართა, სადაც სასტუმრომ სასამართლოს ორივე ინსტანციაში წააგო.

“ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება, სასტუმრო ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს, სასტუმროს მხრიდან არ მოხდა იმ ვალდებულებების გათვალიწინება და დარღვევების გამოსწორება, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო“,- განაცხადა ლევან მაისურაძემ.

ყოფილი „ლეოგრანდიდან“ ტურისტების გადაყვანის პროცედურებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ტურისტები ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში არიან მოთავსებული და უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან.

ყოფილ ლეოგრანდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაერთხელ მოუწოდა, რომ სასტუმროში ადამიანების უსაფრთხოების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაეცვა. უწყებიდან სასტუმროს 44 რეკომენდაცია მიეცა, რისი შესრულებაც გარკვეულ ვადებში ევალებოდა. როგორც სასტუმროს იურისტმა განაცხადა, ამ ეტაპზე 30 რეკომენდაციის შესრულება მოხდა და დარჩენილ რეკომენდაციებს ეტაპობრივად აღმოფხვრიან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 20-მდე პირი დაშავდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, საქმეზე ორი პირია დაკავებული.

Share