Home » საზოგადოება » წინასაარჩევნო კვლევებში დაკარგული რეალობა
წინასაარჩევნო კვლევებში დაკარგული რეალობა

წინასაარჩევნო კვლევებში დაკარგული რეალობა

წინასაარჩევნო პერიოდში, დაძაბულობისა და მოლოდინების ფონზე, არაერთი კვლევა ვრცელდება, რომელიც ამომრჩეველთა წინასწარ შედეგებს გვამცნობს, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი მონაცემები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა და უფრო მეტიც, უმეტესწილად იმ პარტიების პროცენტული წილი ლიდერობს ვინც აღნიშნულ კვლევას აქვეყნებს. ასეთი რეალობიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, სად გადის ზღვარი რეალურსა და აბსურდულ სტატისტიკურ მონაცემებს შორის და ვის კვლევას შეიძლება ენდოს საზოგადოება.

ნებისმიერი კეთილსინდისიერი კვლევა, რომელიც პროცედურებისა და მოთხოვნების სრული დაცვით ტარდება მეტნაკლებად უნდა გვაცნობდეს გენერალური ერთობლიობის დამოკიდებულებებს, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მინიმალური რაოდენობის ცდომილების გარეშე, რომლის არსებობაც ნებისმიერი კვლევის დროს ბუნებრივია, თუმცა დღევანდელი ქართული რეალობიდან თუ ვიმსჯელებთ გავრცელებული კვლევების ცდომილების ზღვარი საკმაოდ მაღალია, რადგან სრულიად ურთიერთსაპირისპირო სურათს ვაწყდებით.

ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო რუსთავი2-ის დაკვეთილმა კვლევამ, რომელიც Edison Research-ის სრული ალოკაციის მიხედვით ჩატარდა. კვლევის მიხედვით  დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 37% ხმას “ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, სალომე ზურაბიშვილს – 32%, ხოლო დავით ბაქრაძეს – 16%. ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა. კვლევის ცდომილება +/- 3%-ია.

სრულიად სხვა შედეგებს აქვეყნებს ,,ქართული ოცნების’’ დაკვეთით ჩატარებული კვლევა რომლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც განაცხადა. სხვა კანდიდატების პროცენტული გადანაწილებით კი “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 18%-იანი მხარდაჭერა აქვს, “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი 16%-იანი. სხვა კანდიდატებს – 12%. მამუკა მდინარაძის თქმით, გამოკითხვა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოიცავდა დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რეგიონს, გარდა ოკუპრებული ტერიტორიებისა. გამოიკითხა 2200 რესპონდენტი. დეპუტატის მტკიცებით, კვლევა უზრუნველყოფდა შედეგების 95%-იან საიმედოობას, ხოლო ცდომილების ფარგლები იყო 3%.

კვლევების განსხვავებულ შედეგებთან დაკავშირებით განცხადება ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

“გახსოვთ აცდენილი პროგნოზები “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს და გამართლებული პროგნოზები “ქართული ოცნების” მხარეს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას როცა ვაქვეყნებთ ამ კვლევებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ვხედავთ, პირველი კვლევის მიხედვით იმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე 37%-ით, ამასთან იგი 5%-ით მეტ ხმას იღებს სალომე ზურაბიშვილთან შედარებითმ, ხოლო მეორე კვლევის მიხედვით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი 53%-ით,  რაც 35%-ით მეტია გრიგოლ ვაშაძის მოსალოდნელი ხმების რაოდენობაზე. ორივე შედეგი ალოკაციის მეთოდის გზითაა ჩატარებული, რომელიც გულისხმობს, რომ შესაძლოა ამომრჩეველს პირდაპირ არ ვკითხოთ ვის აძლევს ხმას მაგრამ ვკითხოთ ვის არ მისცემს ხმას არც ერთ შემთხვევაში. ითვლება, რომ ასეთი ფორმულირებული კითხვის დროს რესპონდენტთა პასუხი უფრო გულწრფელია.

ამ არჩევნების შედეგი რომ ძნელად პროგნოზირებადია, ყველა თანხმდება. სოლიდური სოციოლოგიური სააგენტო GFK „ნაციონალურ მოძრაობას“ 26% „უწერს“, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 25,4%. არანაკლებ სოლიდური და რესპექტაბელური TNS – ს დასკვნით კი, მმართველი პარტია ორჯერ უსწრებს „მთავარ ოპოზიციურ ძალას“. თითქოსდა, როგორ ან რატომ შეიძლება იყოს ესოდენ დიდი სხვაობა ამ ორი, მართლაც ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნებში? ამ კითხვაზე საპასუხოდ გავიხსენოთ, რომ მესამე ორგანიზაციამ, – NDI – რომელიც პერმანენტულად „ზომავს“ საზოგადოებრივ განწყობას, ბოლოს საერთოდ უარი განაცხადა პროგნოზზე ნიშანდობლივი არგუმენტით: „თავშეკავებულ“ თუ „გადაუწყვეტელ“ ამომრჩეველთა ოდენობა იმდენად დიდია, რელევანტური დასკვნის დადება შეუძლებელი ხდებაო.

როგორც ჩანს, ამავე ფაქტორით აიხსნება აგრეთვე კოლოსალური სხვაობა GFK და TNS დასკვნებში: ისინი სხვადასხვა მეთოდს იყენებენ იმ ამომრჩეველთა გადაწყვეტილების პროგნოზირებისას, ვინც უარს აცხადებს გაამხილოს არჩევანი ან ჯერ მართლა არ გადაუწყვეტია: GFK ე.წ. „ალოკაციის“ მეთოდს მიმართავს.მეორე მეთოდი კი (TNS) გულისხმობს ე.წ. „ანალოგიას“ ანუ, „გადაუწყვეტელი“ და „გაუმხელელი“ ამომრჩევლების რაოდენობას ყველა წინა არჩევნებზე და პროცენტის „ანალოგით“ გადანაწილებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. როგორც ჩანს, მხოლოდ არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომელი მეთოდი უფრო სწორი იყო.

რომელიმე კონკრეტული პარტიის დაკვეთის დამოუკიდებლად გავრცელდა სოციოლოგების დავით სიჭინავასა და რატი შუბლაძის მიერ მომზადებული საარჩევნო პროგნოზები, რომელშიც წარმოდგენილია ღიად ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პროგნოზის ორი ვარიანტი.ირველი მათგანი წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგების შეწონილი საშუალო მნიშვნელობებითაა გამოთვლილი, მეორე მეთოდი კი სტატისტიკურ მოდელირებას ეფუძნება.

კვლევაზე დაყრდნობით საარჩევნო პროგნოზის ამ ვარიანტში წარმოდგენილია 2000-ჯერ სიმულირებული არჩევნების შედეგების განაწილება. და მათზე დაყრდნობით 25%-ია იმის შანსი რომ რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას. შესაძლოა, 25%-იანი ალბათობა მცირედ მოგეჩვენოთ, მაგრამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის წარმატების შანსებს ერთ-ერთი პროგნოზი 29%-ით აფასებდა. ასე, რომ მოულოდნელი არ იქნება, თუკი ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში მიაღწევს წარმატებას. ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ვაშაძემ 2000 სიმულაციიდან მხოლოდ ერთში გადალახა ზღვარი, ხოლო ბაქრაძემ – ვერცერთში. ასე, რომ ამ ორი კანდიდატის გამარჯვება პირველ ტურში თითქმის საერთოდ არაა მოსალოდნელი. ხმების პროცენტული გადანაწილება კი შემდეგნაირად გამოიყურება:

როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული მონაცემები საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოა რაც ერთი მხრივ, შესაძლოა გამოკითხვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით იყოს გამოწვეული, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი ამომრჩევლების დიდი რაოდენობით, რომლებიც ჯერ გაურკვევლობის სტადიაში იმყოფებიან და ვერ გადაუწყვიტავთ საკუთარი არჩევანი.  გარდა ამ ორი ობიექტური მიზეზისა, შესაძლოა საქმე გვქონდეს კონკრეტული კვლევითი ცენტრების მიკერძოებულებასთან ამა თუ იმ პარტიის მიმართ, ამიტომ ძნელია კონკრეტული დასკვნების გამოტანა და იმის ზუსტად განსაზღვა თუ ვის მონაცემებს უნდა ენდოს საზოგადოება.

ავტორი: მარიამ აბრამიშვილი

Share