Home » საზოგადოება » წელს სუბსიდია პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა
წელს სუბსიდია პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა

წელს სუბსიდია პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა

,,წელს ყურძნის უხვი მოსავალია და ხარისხიც საკმაოდ კარგია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვან და მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება განაპირობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე უარყოფითად აისახა – მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე. შესაბამისად, დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ კვლავ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო”,

– განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად, რთველი 2015-ის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის იაფი სესხის გაცემაც გაგრძელდება.
,,მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა რთველი 2015-ის ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრა.

,,რთველი 2015 -ის ორგანიზებულად ჩატარებისა და პროცესში ჩართულ მხარეებს შორის მაქსიმალური კომუნიკაციის მიზნით, წელს რთველის სკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. ამასთან, შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც გაიხსნება. ამოქმედდება ცხელი ხაზიც და რთველი 2015-ის ვებგვერდიც, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველის პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღების საშუალება ექნება. მომავალი კვირიდან, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უკვე გაემგზავრებიან კახეთში, ხოლო საკოორდინაცი შტაბი ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გაიხსნება”,

– აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

Share