Home » ბიზნესი » „ვითხოვთ, სოციალური გასაცემლების ტენდერის გამჭირვალედ ჩატარებას“ – ლიბერთის გენდირექტორი

„ვითხოვთ, სოციალური გასაცემლების ტენდერის გამჭირვალედ ჩატარებას“ – ლიბერთის გენდირექტორი

„ვითხოვთ, სოციალური გასაცემლების (პენსიის) კონტრაქტთან დაკავშირებით გამჭირვალე ტენდერის ჩატარებას“, – ეს განცხადება „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „საქმიან დილაში“ სახელმწიფოს მიერ 60 წელს ზემოთ პირებზე პენსიის გაცემის საკონტრაქტო პირობებში დაგეგმილ ცვლილებებსა და პროგრამაში სხვა ბანკების ჩართვის მიზნით ახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ საუბრისას გააკეთა.

ვასილ ხოდელის ინფორმაციით, ამ საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისია ტენდერის გამოცხადებას 2021 წლის ბოლომდე გეგმავს, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ბანკები კომისიის მუშაობაში ჩართულები არ არიან.

„რაც შეეხება პარლამენტს და სხვა ტიპის საკითხებს, ისეთი როგორიცაა სოციალური გასაცემლების კონტრაქტს, ვითხოვთ დროზე გაირკვეს ყველაფერი და ვითხოვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვები, რომ არ ისმოდეს, გამჭირვალე ტენდერი ჩატარდეს, რომლის საფუძველზე გამოვლინდება ბანკი თუ ბანკები, რომლებიც ამ კონტრაქტს მოემსახურებიან. რა მოხდება – პასუხი არ მაქვს არ ვიცი, კომისია შეიქმნა და მუშაობა მიმდინარეობს. ბანკები ამ კომისიაში არ არიან. ნათქვამია რომ წლის ბოლომდე ტენდერი უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.
კითხვაზე – მისცემს თუ არა ბანკს, პარლამენტში გაჟღერებული ინიციატივა სახელმწიფოს მიერ საპენსიო სესხების პროცენტის სუბსიდირება, გამართული მუშაობის საშუალებას, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თუ პირობები მისაღები იქნება, მაშინ ეს საკითხი ბანკისთვის საინტერესო იქნება.

„სუბსიდირება მიიყვანს თუ არა იმ მიზნამდე, რაც კონკრეტული ტიპის პროდუქტზე სესხის პროცენტის შემცირებაა, თეორიულად ამის შესაძლებლობა არის ამ მიზნამდე მიიყვანოს დაინტერესებული მხარე. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ პირობები მისაღები იქნება და სერვისის მიწოდება შესაძლებელი იმ ფასად, რომელიც სერვისის მიმწოდებლისთვისაა მისაღები, მაშინ ჩვენთვის ეს თემა საინტერესო იქნება. რაც შეეხება სუბსიდიას, ეს ბანკის გემოვნების საკითხი არ არის. დამკვეთმა, ანუ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს აწყობს თუ არა სერვისის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

მისი თქმით, ტენდერის გამოცხადების შემდეგ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები „ლიბერთი“ უფროსი თაობის მომხმარებლის ერთგული დარჩება.

„ჩვენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტები დავაანონსეთ, რომელიც ახალი „ლიბერთის“ ეგიდის ქვეშ იყო და ასევე სპეციალური ხაზი ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისა. ჩვენი პასუხია, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველას ერთგული დავრჩებით, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენელბისა, რომლებიც ურთიერთობის გაგრძელებას ჩვენთან გადაწყვეტენ“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, პენსიის გაცემის შესახებ ახალი ტენდერის ჩატარების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტში საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გაიმართა, სადაც დასმულ კითხვებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი პასუხობდა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში მას შემდეგაც არაერთხელ შედგა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საპენსიო გასაცემლის მიმართულებით 2022 წელს სახელმწიფოსა და “ლიბერთი ბანკს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა იწურება. რისთვისაც საპენსიო სესხების საკითხზე სახელმწიფომ მიმდინარე წელს სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც პირველი სხდომა აგვისტოში გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობები განსაზღვრა.

BM.GE

Share