Home » ბიზნესი » „ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა

„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა

თბილისის ჰოლოგრამების მუზეუმის დასასრულებლად „ვითიბი“ ბანკმა 700,000-ლარიანი ფინანსური რესურსი გასცა, შედეგად, დღეს „ჰოლოზეუმი“ გამართულად ფუნქციონირებს და ვიზიტორებს იღებს.

„ჰოლოზეუმი“ პირველი ილუზიების მუზეუმია საქართველოში, სადაც დამთვალიერებლებს საქართველოს ისტორიის ჰოლოგრამებით გაცნობა, ილუზიებით გახალისება და სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნა შეუძლიათ. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ვიზიტორზე. კოლექცია 70-ზე მეტი ექსპონატისგან შედგება, რომლებიც მეცნიერების, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ცოდნაზეა დაფუძნებული.

ამასთან, პანდემიური მდგომარეობის გამო, მუზეუმის ზოგიერთი სივრცე სრულად მოერგო რეგულაციებს და თავსატეხებიდან ამოღებულია ისეთი საგნები, რომელიც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის.

„ჰოლოზეუმის“ ადმინისტრაციის დირექტორის ლადო ჩალათაშვილის თქმით, პროექტის იდეა 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე გაჩნდა. მას და მის გუნდს ტურისტულ ბიზნესში სურდათ ინვესტიციის ჩადება, რისთვისაც თავდაპირველად, სასტუმროზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით, ჰოლოგრამების მუზეუმის საინტერესო პროექტი აღმოაჩინეს. საბოლოოდ, ხოვატიაში შეიძინეს ფრანშიზა და „ვითიბი“ ბანკის ჩართულობით ჩვენს ქვეყანაში „ჰოლიზეუმი“ გაიხსნა.

„ახლა მუზეუმი ფუნქციონირებს, თუმცა მკაცრად არის დაცული რეგულაციები და ყველა ვიზიტორს კოვიდ უსაფრთხოების გათვალისწინებით შეუძლია ჩვენს სივრცეში სტუმრობა. რაც შეეხება განვითარების გეგმებს, შეიძლება, ფილიალი გავხსნათ აზერბაიჯანში ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდეთ. არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამგვარი პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი. ასევე, სამომავლოდ გვინდა, რომ მუზეუმების რამდენიმე სექცია გავაკეთოთ, რომელიც ასევე შემეცნებითი იქნება“, – განგვიმარტა მან.

„ვითიბი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩაჩხიანის თქმით, „ვითიბი“, როგორც ქართული ბიზნესის ნომერ პირველი ქომაგი აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. მისი განმარტებით, თავდაპირველად, „ჰოლიზეუმი“ ერთგვარი სტარტაპი იყო მრავალი რისკით, რის გამოც ბანკების ნაწილი მისი დაფინანსებისგან თავს იკავებდა, თუმცა „ვითიბიმ“ გადაწყვიტა, საინტერესო პროექტისთვის ხელი შეეწყო.

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ „ჰოლოზეუმი“ ძალიან ინოვაციური პროექტი იყო, ქვეყანას ტურისტების მოზიდვაში დაეხმარებოდა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და გადავწყვიტეთ, მისთვის მხარი დაგვეჭირა“, – განგვიმარტა მან.

არჩილ ჩაჩხიანის თქმით, „ვითიბი“ ბანკი მოხიბლულია მუზეუმის ახლანდელი სახით, სადაც მაღალტექნოლოგიური მიღწევებით შესაძლებელია უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტის გაგება, ამოცანების ამოხსნა და უბრალოდ, თავისუფალ დროს გართობა.

„ვფიქრობთ, ყველაფერი მართლაც უნიკალური და საინტერესო გამოვიდა: შედიხარ და ჰოლოგრამული გამოსახულებით ნახულობ ბაგრატის ტაძარს, ნარიყალას ციხეს და თან ისტორიასაც ეცნობი. ტურისტი ამგვარად საქართველოზე ბევრ რამეს შეიტყობს, თანხასაც დახარჯავს, რაც ეკონომიკას წაადგება. ასევე, მოსწავლე, სტუდენტი თუ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი დიდ სიამოვნებას მიიღებს აქ სტუმრობისგან“, – აღნიშნა მან.

როგორც არჩილ ჩაჩხიანი განმარტავს, „ვითიბი“ ბანკი ბიზნესს მხოლოდ ფინანსური რესურსებით არ უწევს დახმარებას. ბანკი ამჟამად ავითარებს ანგარიშის დისტანციურად გახსნის სერვისს, რაც როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. ასევე, შეარჩია 10 კომპანია, რომელსაც ბიზნესის განვითარების ტრენინგს შვეიცარული საკონსულტაციო ორგანიზაცია ჩაუტარებს. „ვითიბი“ ბანკში განმარტავენ, რომ ამგვარ პროექტებს არ ექნება ერთჯერადი სახე და მასში მონაწილეობის მიღებას სხვა კომპანიებიც შეძლებენ.

„გვიხარია, რომ ქართული ბიზნესის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, – აღნიშნა მან.

Share