Home » ფინანსები » ვინ უხელმძრვანელებს ეროვნულ ბაკნკს ქადაგიძის შემდეგ
ვინ უხელმძრვანელებს სებ-ს ქადაგიძის შემდეგ

ვინ უხელმძრვანელებს ეროვნულ ბაკნკს ქადაგიძის შემდეგ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე ან  არჩილ მესტვირიშვილი მოიაზრება

გაზაფხულზე საქართველოს ეროვნულ ბანკს სავარაუდოდ ახალი პრეზიდენტი ჩაიბარებს. ამ თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის 7 წლიანი ვადა 25 თებერვალს იწურება. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაში უკვე საუბრობენ, რომ არამარტო საბჭოს წევრის, არამედ პრეზიდენტობის თანამდებობაზეც ქადაგიძეს კობა გვენეტაძე შეცვლის. თუმცა, ასევე არსებობს სცენარის მეორე ვერსიაც. რომ ახალ პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო ახალი შემადგენლობით წლის ბოლოს აირჩევს და ბანკის მართვის სადავეები, დროებით, ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილს გადაეცემა.

პრეზიდენტის ადმინიატრაციამ კობა გვენეტაძე 6 კანდიდატიდან შეარჩია და პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს. ამის შემდეგ, ერთ კვირაში შესაბამისი პროფილის საპარლამენტო კომიტეტმა საბჭოს კანდიდატის საკითხი უნდა განიხილოს, თუ საჭიროდ ჩათვლის კანდიდატს, ამ შემთხვევაში კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინოს და შესაბამისი დასკვნა დადოს. შემდეგ ეს დასკვნა გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და ჩაინიშნება პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა. საბჭოს წევრის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონმდებლობის მიხედვით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოს წევრების პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია, ვინაიდან სწორედ ეროვნული ბანკის საბჭოა უფლებამოსილი განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვა-განკარგვის ძირითადი პრინციპები. ამასთანავე დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი, შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრებს, ამ შემთხვევაში გიორგი ქადაგიძეს ვადის ამოწურვის შემდეგ 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი, ვინაიდან ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს სხვა საბანკო ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში მუშაობა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური “ბანკებსა და ფინანსებთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ გვენეტაძის კანდიდატურის შეფასებას, ეროვნული ბანკის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, მისი ხედვებისა და პროგრამის გაცნობის შემდეგ შეძლებს.

“ჯერჯერობით, ამ კუთხით მსჯელობა მიჭირს, ალბათ მას კომიტეტში მოვუსმენთ, მის შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებთ და შესაბამის დასკვნას შემდეგ გავაკეთებთ’’, – აღნიშნა მეჭიაურმა.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუას აზრით, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკმაოდ რთული სამუშაო ექნება ჩასატარებელი. ახალი პრეზიდენტის მიმართ მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი გამყარებაა.

“ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო საბჭოს წევრობაზე წარდგენილი კანდიდატების პროგრამების, გეგმების განხილვა და შემდეგ საუკეთესოს შერჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოხდა კობა გვენეტაძეზე არჩევანის გაკეთება კარგი გადაწყვეტილებაა. იმედია, რომ მას დაამტკიცებს პარლამენტი და ეროვნული ბანკის საბჭო პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩევს. გვენეტაძე სავალუტო ფონდში ნამუშევარია და ვფიქრობ, იგი სწორად შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს’’, – ამბობს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა. იგი ვარაუდობს, რომ სწორედ კობა გვენეტაძე იქნება ის ადამიანი, რომელსაც საბჭო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე უყრის კენჭს.

“გამორიცხული არაფერია, მაგრამ არამგონია, რომ საბჭოს წევრებმა გვენეტაძის კანდიდატურას წინააღმდეგობა გაუწიონ, ვინაიდან რამდენიმე წევრს, მოკლე პერიოდში, საბჭოში ყოფნის ვადა ეწურება’’, – ამბობს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა თავი უნდა გაართვას იმ მოვალეობას, რომელსაც ქადაგიძე თავს ვერ ართმევდა. კერძოდ, უზრუნველყოს მაკროპრუდენტული მართვა, რომელიც გულისხმობს სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, ფინანსური სტაბილურობის ეფექტური პოლიტიკის გატარება. დუნდუა იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკის ახალი მმართველების პირობებში შეიქმნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი და გამოქვეყნდება ფინანსური სტაბილურობის ანგარიშები, ასევე მოხდება ეკონომიკის მასტიმულირებელი სესხების წახალისება. “ბევრი საკითხია, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს. ვფიქრობ ეს ადამიანი, რომელიც სავალუტო ფონდში ნამუშევარია ამ ყველაფერს თავს გაართმევს’’, – ამბობს მიხეილ დუნდუა.

ოპოზიცია კობა გვენეტაძის ერთ “ნაკლზეც’’ საუბრობს და ეს შევარდნაძის პერიოდში წამყვან თანამდებობებზე მუშაობაა. თუმცა, “ნაციონალური’’ მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ შევარდნაძის “ეპოქაში’’ ყველა დამნაშავე არ იყო და ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ გვენეტაძე პროფესიონალია.

“კობა გვენეტაძეს ვიცნობ, შევარდნაძის პერიოდში ბევრი ადამიანი მუშაობდა, ზოგი აშავებდა, ზოგი არ აშავებდა და ვერ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება რამე საეჭვო იყოს ჩემთვის. ვიცი, რომ იგი არის საკმაოდ კარგი პროფესიონალი და დიდი ხანია ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობს”,-განაცხადა წერეთელმა.

ეროვნული ბანკის ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 5 წევრისაგან შედგება. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 3 ან 3-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. არადა, ეკონომისტების მიერ პრეტენზიები სწორედ საბჭოსა და მისი პრეზიდენტის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს ეხებოდა. საბჭოს რამდენიმე წევრი საერთოდ იურისტია და მათი საქმიანობა საბანკო-საფინანსი სფეროს ეროვნულ ბანკში მოსვლის შემდეგ დაუკავშირდა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის არსებობდა ეჭვი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და ქადაგიძეს ბადრი პატარკაციშვილის “სტანდარტ ბანკისა’’ გაკოტრებისა და ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკის’’ გაკოტრების მცდელობის საქმეებს ხშირად უხსენებენ.

“ეროვნული ბანკის საბჭო ისეა დაკომპლექტებული. რომ მასში ძლიერია ნეპოტისტური კავშირები, 2 არაპროფესიონალი წევრია, ისინი არ არიან ეკონომისტები და ფინანსისტები, ეს ცუდია. ჯანყარაშვილი და ქადაგიძე არიან უახლოესი ნათესავები… საბჭო ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ წევრებს შორის არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი, გარიგების, ხელის დაფარების ფაქტორი გამოირიცხოს. იყოს გამჭვირვალე ქვეყნის და საზოგადოების წინაშე”,- განაცხადა დუნდუამ.

რაც შეეხება, კობა გვენეტაძის საქმიანობას, იგი 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt & Taggart-ის (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია) ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში. იგი 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

Share