Home » საზოგადოება » ვინ არის და რას საქმიანობს “რაინდი” ლევან ვასაძე? – პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პორტრეტი

ვინ არის და რას საქმიანობს “რაინდი” ლევან ვასაძე? – პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პორტრეტი

“რაინდი” ლევან ვასაძე პოლიტიკაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის გარშემო ტრიალებდა და ხმაურიან, სკანდალურ განცხადებებსაც აკეთებდა. პოლიტიკაში მოსვლაც რამდენჯერმე სცადა, მაგრამ …

 

ვინ არის ლევან ვასაძე და რა საქმიანობას ეწევა დღემდე? რა პოლიტიკური მესიჯებით გამოირჩეოდა და როგორ განცხადებებს აკეთებდა?

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ პოლიტიკურ ველზე მისი აქტიურობის ქრონოლოგიას.

 

ქართველი ბიზნესმენი 1970 წლის 20 დეკემბერს დაიბადა და გაიზარდა თბილისში, მთაწმინდაზე.

 

1992 წელს,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა,  1995 წელს კი, ქალაქ ატლანტის (აშშ) ემორის  უნივრსიტეტის რობერტო გიოზუეტას  სახელობის  ბიზნესსკოლა. სხვადასხვა დროს (1997-2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის, ვაშინგტონის, მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში.

ლევან ვასაძე ბიზნესის სფეროში აშშ-სა და რუსეთში მუშაობდა.

2009 წელს საქართველოში დაბრუნდა. იყო წამყვანი რუსული საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი.

ბიზნესმენი პროფესიონალი მორაგბე იყო და 1988-1992 წელს,  თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა. 2010 წელს მისი ძალისხმევით კიკეთში დაარსდა სარაგბო კლუბი “იუნკერები”.

დღემდე არის რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, შპს “ბაგრატიონი 1882-ის” და შპს “სამოსელი პირველის“ დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კიკეთის “იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის” დამაარსებელი და მმართველობის წევრი, საქართველოს დემოგრაფიის აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიების “ქართული მეჯლისის” დამფუძნებელი და სამეურვეო საბჭოს წევრი. ასევე, აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას.

არის პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეების ავტორი.

2013 წლის მარტში, გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ვრცელი წერილი – „ერი და სახელმწიფო“ გამოაქვეყნა. პირველ ნაწილში, მისივე თქმით, მოცემულია „გააზრება იმისა, როგორი იყო ეპოქათა ცვლა საქართველოში. წავიდა საბჭოთა სოციალისტური სისტემა და შემოვიდა კონსიუმერისტული, სამომხმარებლო დასავლური სისტემა“. მეორე ნაწილში „სააკაშვილის მმართველობის ანალიზია“.

„ჩემი ამოცანა არ არის პერსონალებზე შეტევა და მათი კრიტიკა, მაგრამ უამრავი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მსოფლმხედველობისთვის სახიფათო ვექტორი აირჩია“.

მესამე ნაწილში მოცემულია „ნაფიქრი საქართველოს მომავალ განვითარებაზე“. წერილს მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან. გამოითქვა ლევან ვასაძის ქვეყნის მმართველობაში მოხვედრის სურვილიც, თუმცა ბიზნესმენმა უარყო ასეთი შესაძლებლობა და განაცხადა, რომ „არასოდეს მნდომებია პრეზიდენტობა და არც პოლიტიკური ამბიციები მქონია, მაგრამ, მეორე მხრივ, მჯერა ერის მსახურების“.

თუმცა, ბოლო წლებში ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა რამდენჯერმე სცადა.

2013 წელს, პრემიერობის კანდიდატად მედიაში რამდენიმე პოლიტიკოსს განიხილავდნენ: დავით უსუფაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, თეა წულუკიანსა და ლევან ვასაძეს. ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურად ყოფნისას დაუწყო თავის მემკვიდრეს ძებნა. ვასაძეზეც ფიქრობდა, მაგრამ ეს ვარიანტი არ გამოვიდა, რადგან 2013 წლის 17 მაისის გეიაღლუმის დარბევის შემდეგ, ვასაძის პრემიერობა წარმოუდგენელი იქნებოდა. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ უმცირესობების აწიოკების უკან ის იდგა.

“ვრჩები აპოლიტიკურ, კერძო პირად და არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას“, – აცხადებდა ლევან ვასაძე. მაგრამ, აპოლიტიკურობის მიუხედავად, ხმაურიან განცხადებებს ჟურნალისტებთან მაინც აკეთებდა.

ბიზნესმენი ხშირად აღნიშნავდა, რომ მისი “კეთილისმყოფელები” ცდილობდნენ, რუსეთის აპოლოგეტად წარმოეჩინათ, თუმცა, რუსეთი მისთვისაც ოკუპანტია.

“რამდეჯერ უნდა ვთქვა, რომ რუსეთი ჩემთვის ისეთივე ოკუპანტია, როგორიც ნებისმიერი ქართველისთვის, არ იქნება საკმარისი, რადგან მე გავბედე და ისტორიული ფაქტი გავიხსენე. სურთ, ამის გამო ჯვარზე გამაკრან და დამაბრალონ, თითქოს რუსეთის ხახაში ჩავარდნა მინდა. რამდენჯერაც უნდა ვთქვა, რომ ეს არის ცილისწამება, მათ აზრს ვერ შევაცვლევინებ“, – აღნიშნავდა ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.

2014 წლის მაისში, “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვდა.

ვასაძის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი საერთაშორისო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც მიმართული იყო ოჯახური და სულიერი ღირებულებების დეგრადაციასა და გარყვნაზე.

ბიზნესმენი კატეგორიულად მოითხოვდა აღნიშნული კანონის გაუქმებას ან გადაკეთებას.

“უარეს შემთხვევაში, მე მოვითხოვ მის სრულ ალტერაციას და ისე გადაკეთებას, რომ მან ასახოს ქართველი ერის ნება და არ იყოს თავსმოხვეული ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტი, რომლის გატარების შემდეგაც ჩვენ გვმოძღვრავენ ჩვენი ხელისუფალნი, რომ თურმე ეს არის საერთო საკაცობრიო მონაპოვარი. ეს პარლამენტი სასწრაფოდ არის დასაშლელი და ასარჩევია ახალი“, – აღნიშნავდა ლევან ვასაძემ.

2014 წელს ბიზნესმენი “კაზანტიპის” ფესტივალის ჩატარების სასტიკი წინააღმდეგი იყო. ის მიიჩნევდა, რომ კაზანტიპი ხელისუფლების იმიჯზე ცუდად იმოქმედებდა და ხელისუფლებას მოუწოდებდა აღნიშნული ფესტივალი არ ჩაეტარებინა.

2018 წელს, ქართველმა ბიზნესმენმა პოლიტიკაში მოსვლა საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც სცადა. მისი კანდიდატურის წარდგენა დიდ საერო და სასულიერო კრებაზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ კრება ჩაიშალა. ვასაძემ უბრალოდ წარდგენა იუკადრისა. მას არც მოსკოვიდან ჰქონდა ნებართვა და დროებით ისევ განზე გადგა.

 

2019 წელს, როცა ქართველი ახალგაზრდები რუსთაველზე გავრილოვის ღამის მომწყობების დასჯას ითხოვდნენ, ისევ გამოჩნდა. ვასაძის გუნდის წევრებმა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყეს.

„ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია, მინდა ვუთხრა – არაფერი შეგეშალოთ!“ – აცხადებდა ლევან ვასაძე.

თუმცა, ისევ გააჩერეს. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში ისევ გააქტიურდა, როცა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – პრემიერა კინოთეატრ ამირანში იმართებოდა. ბიზნესმენი ითხოვდა, რომ ეს ფილმი კინოთეატრში არ გასულიყო. აქციის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით, მაყურებელი ფილმის პრემიერას მაინც დაესწრო. ვასაძემ მეორე დღეს ვერის ბაღში აქცია გამართა.

„ძალიან სჭირდებათ, რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის,“- აცხადებდა ბიზნესმენი.

ბიზნესმენი მედიასთან საუბარში ხშირად ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაში მოსვლა არ სურდა. ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადადგამდა, თუ ამის აუცილებლობას დაინახავდა.

 

და აი, ეს დღეც დადგა…

“გადავწყვიტე, დავემშვიდობო კერძო პირის სტატუსს და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 6 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პერმანენტული კრიზისია. “ბოლო წვეთი” იყო “დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა”, რომელმაც, ვასაძის თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება განაპირობა და ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირება აჩვენა.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მან მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა, საწყის ეტაპზე შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”, რომლის აბრევიატურა არის ერი. ვასაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში პარტიად გარდაიქმნება.

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, მედიაში ექსპერტების სხვადასხვა მოსაზრებები გაჩნდა, თუ რა შანსები აქვს მას. ამბიციური, მომავალი პოლიტიკოსის უკან კი ჩვეულებრივი ადამიანი იმალება.

„ჯორჯიან თაიმსის“ წყარო ყვება, რომ ბიზნესმენმა კიკეთში ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია ააშენა, სადაც, თავად არის სტიქაროსანი და შაბათ-კვირას ტაძარში მსახურობს, ცოლ-შვილთან ერთად ესწრება წირვას.

მისივე თქმით, ორი წლის წინ, კიკეთის მოსახლეობას შესთავაზა, რომ წვრილფეხა საქონელს უყიდდა, იმ პირობით, თუ გაამრავლებდნენ და მეურნეობას შექმნიდნენ.

„ზოგი დათანხმდა, ზოგი – არა, თუმცა, ბევრ ოჯახს უყიდა წვრილფეხა საქონელი და ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის განვითარებას.

მორაგბეებს ძალიან ეხმარება. სპეციალურად მოწყობილი სპორტული სივრცე აქვს და მათ ზაფხულობით მასპინძლობს. როგორც ვიცი, მორაგბე კვესელაძე მისი დახმარებით გახდა წარმატებული.

კიკეთში, ხშირად ვხედავთ, რომ მოტოციკლით მოძრაობს. ძალიან უბრალო ადამიანია. აქ ხალხს უყვარს და მის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ასევე, აქვს “იაკობ გოგებაშვილის სახელობის” სკოლა, სადაც ბავშვებს ასწავლიან მეურნეობას, თესვას, თონის პურის ცხობას.

უნდა, რომ ხალხი დაუბრუნდეს სოფელს დ იქ განაგრძონ ცხოვრება. მიაჩნია, რომ სოფელი ეკონომიკის ხერხემალია. კიკეთში ბევრი მიტოვებული სახლია. სურს, რომ ყველა ადამიანი დაუბრუნდეს თავის კერას და სხვადასხვა შეთავაზებებით მათ სტიმულს აძლევს,“- აცხადებს „ჯორჯიან თაიმსის“ წყარო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

Share