Home » ფინანსები » ვინ არიან ის ექსპერტები, ვინც წარდგენილი კანდიდატების შეფასებას ახდენდნენ?
ვინ არიან ის ექსპერტები, ვინც წარდგენილი კანდიდატების შეფასებას ახდენდნენ?

ვინ არიან ის ექსპერტები, ვინც წარდგენილი კანდიდატების შეფასებას ახდენდნენ?

როგორც ცნობილია, თებერვალში უფლებამოსილების ვადა ეწურება ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, რომელიც ამავე დროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრიც არის.  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი უკვე შეარჩია. ესენი არიან: კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე, რომლებიც ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შეფასების შედეგად წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან იქნენ შერჩეულნი.

წარმოდგენილ კანდიდატებს სხვადასხვა მედია საშუალება პერიოდულად აცნობდა საზოგადოებას და შეფასებებიც იწერებოდა ხალხის მიერ კომენტარების თუ სტატუსების სახით. მას მერე, რაც უკვე ცნობილი გახდა სამეულის ვინაობა, არაერთმა ადამიანმა მოგვმართა და გვთხოვა გაგვერკვია ვინ იყვნენ ის ექსპერტები და არასამთავრობოები, რომლებიც წარმოდგენილი კანდიდატების შეფასებას ახდენდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოების ნაწილმა თავისი უკმაყოფილება სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა და განაცხადა, რომ ამ სამეულიდან მათ ნდობას არც ერთი არ იმსახურებს, ზოგი კი იმასაც წერს, რომ იმ ექვსეულში გაცილებით უფრო პროფესიონალები იყვნენ და რა კრიტერიუმებით მოხდა კანდიდატების შერჩევა გაურკვეველიაო.

ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს აქვე მივაწოდოთ ინფორმაცია კრიტერიუმების შესახებ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს კრიტერიუმებია- „პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა”.

„ფოსტალიონი“ სხვადასხვა კომპეტენტურ ადამიანს დაუკავშირდა და ვცდილობთ მოვიპოვოთ კომისიაში შემავალი ექსპერტების  ვინაობა, რასაც მიღებისთანავე მივაწვდით მკითხველს.

რაც შეეხება მკითხველის მოთხოვნას, კიდევ ერთხელ გავაცნოთ წარდგენილი სამი კანდიდატი საზოგადოებას, ინფორმაციებს მოგვიანებით მოგაწვდით, რადგან ამ ეტაპზე როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის უცნობია 1 კანდიდატი, დანარჩენ 2-ზე კი მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, კობა გვენეტაძე ნოღაიდელის დროს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ხოლო გიორგი ბაქრაძე ინტელექტუალური თამაშიდან „რა, სად, როდის“ გვახსოვს, გარდა ამისა, ის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მრჩეველი და საზოგადოების დიდ ნაწილში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება.

Share