Home » საზოგადოება » ვინ არიან აფხაზები და საიდან მოვიდნენ ისინი
ვინ არიან აფხაზები და საიდან მოვიდნენ ისინი

ვინ არიან აფხაზები და საიდან მოვიდნენ ისინი

„ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ სასჯელს ვიხდით“ გოდება იერემიასი 5,7

მას შემდეგ, რაც კავკასიის ხალხები კრემლის შვილობილებად მოვინათლეთ, მზერა ჩრდილოეთისაკენ გაგვექცა და ერთმანეთი დავივიწყეთ. დღეს ჩვენი ხელმეორედ გაცნობა რუსული იარაღის ჟღარუნით ხდება. კავკასიური სიჯიუტით ვცდილობთ აფხაზები ერთმანეთის დაჯაბნას, ნაცვლად გაერთიანებისა და ერთ მუშტად შეკვრისა, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ…. საქართველოს მეფის დაძახილზე მთელი კავკასია ფეხზე დგებოდა; ამ ერთობის შეგნებამ გადაარჩინა ჩვენი ხალხები, ხოლო პირიდან მიწისა აღიგავა მათი განადგურების მოსურნე არაერთი იმპერია.

მიუხედავად კავკასიაში რუსეთის ცარიზმის ორასწლიანი ბატონობისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაპყრობილ ქვეყანაში შუღლისა და მტრობის გაჩაღება იყო, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს არ დაუკარგავთ წონასწორობა. დღეს კი საქართველოს მიმართ სამარცხვინო მისია იკისრეს, რუსეთის რეაქციულ ძალებთან ალიანსში, შეთქმულების მონაწილენი გახდნენ, ვერ გაითვალისწინეს, რომ იმავე ძალების მორიგ ლუკმად თვითონ იქცეოდნენ. ამის აშკარა დასტურია ჩეჩნეთის ომი.

მანამდე ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან საქართველოს ადიდებდნენ; მის ძლიერებასა და მომავალში ხედავდნენ საკუთარ მომავალს, თაყვანს სცემდნენ ქართველ მეცნიერებს, ხელოვნების კორიფეებს, სასწავლებლადაც თბილისისკენ მოუწევდათ გული; აქ იცავდნენ სამეცნიერო დისერტაციებს.

ოდესღაც ქრისტიანი სჯულის აღმსარებელნი, მაგრამ უკვე მუსულმანი მთიელები, თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ სასთუმალქვეშ სათუთად შენახულ ქართული სახარების ფურცლებს, დარწმუნებულნი იმაში, რომ მათ უდიდესი ძალა გააჩნიათ.

ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებს ჩვენი იმედი ჰქონდათ, ჩვენს სიტყვასა და რჩევას ელოდნენ, ჩვენ კი ზურგი შევაქციეთ, რუს და აფხაზ ავანტურისტებს შევატოვეთ ხელში. ისტორიულად ისინი ყოველთვის საქართველოზე ამყარებდნენ იმედებს.

იმპერიის სატანურმა ძალებმა მიაღწიეს იმას, რომ კავკასიაში მოძმე ხალხები რუსული მრისხანე იარაღით დარეოდნენ ერთმანეთს (იარაღი კი ყველას ბლომად დაურიგეს, ქართველების გარდა).

ჯერჯერობით გონიერებაზე უგუნურება ზეობს მაგრამ როგორც ყოველთვის, საბოლოო გამარჯვება სიკეთის წილხვედრია.

სეპარატისტების ქმედებით, საქართველოს წინააღმდეგ საცეცხლე წერტილად ქცეული აფხაზეთი ერთ-ერთი პირველი ჩაიძირა მოძმეთა სისხლის მორევში. ჭრილობების მოშუშებას ათეული წლები დასჭირდება.
ამ უბედურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი აფხაზთა ეთნიკური ვინაობის განგებ გაუკუღმართება იყო. თავის დროზე ყველაფერი გარკვეული და ნათელი იყო. აფხაზი თავს ქართველად თვლიდა და საქართველოს მზეს ფიცულობდა. ამას ადასტურებს თუნდაც ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი შარვაშიძის შემდეგი სიტყვვბი: „მართალია, ჩვენს სამშობლო ივერიას ყოველგვარი კულტურული განცდა გამოუვლია, მაგრამ ჩვენი წარსული ისეთს ჟამს გაშეშდა, რომ დაგვებნა ბუნვბრივი ევოლუციის შარა და კანონი…

ენა გაღარიბდა, ზნეობა წაგვიხდა, ქონება-შეძლება დავკარგეთ, რაინდობა და პატიოსნება განვაგდეთ და ბოლოს მივაღწიეთ იმ ხანაში, როცა კეთილდღეობასა ვპოვნიდით ჯაშუშობაში და სამშობლოს ღალატში“. თითქოს დღევანდელ დღეზე იყოს ნათქვამი.

აფხაზთა ვინაობის გაბუნდოვანებაში რუს მეცნიერებთან ერთად ქართველ მკვლევართა გარკვეულ ნაწილსაც მიუძღვის ბრალი. ეს იყო ბოლშევიკური იმპერიის იდეოლოგიური სამსახურისათვის გაღებული ხარკი.

ყოველივე ამან ხელი შეუწყო აფხაზური სეპარატიზმის აღორძინებას.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი ქართველი სწავლული დღესაც სეპარატისტთა წისქვილზე ასხამს წყალს, ვითომც ობიექტური მკვლევარის სახელის დაცვის მიზნით, სიმართლის გაწირვის ხარჯზე, მაშინ, როცა თვით აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი იდეოლოგიური ხელმძღვანელი, პროფესორი შ.ინალ-იფა 1992 წელს ქართული ინტელიგენციის ერთ ჯგუფთან შეხვედრის დროს სინანულით ამბობდა: „К сожалению, в прошлом я тоже много глупостей написал“.

ეს იყო ომის დაწყებამდე. იმ დროს ბატონი შ.ინალ-იფა უკვე გრძნობდა, რომ აფხაზური სეპარატიზმის ნოყიერ ნიადაგზე აღზრდილი არძინბა თავის ხალხს უფსკრულისაკენ მიაქანებდა.

დღეს ყველასათვის ცხადია, რომ აფხაზთა დაახლოებით 80 პროცენტი ქართველია, ქართული გვარის მატარებელი. 12-13 პროცენტი კი ჩრდილო კავკასიელია – ადიღელი, აბაზი, შაპსუღი, ჩერქეზი, ყაბარდოელი და ა.შ., რომელთაც თავიანთი მოძმეები ხაჩიფსეს ეძახიან. აფხაზი და აფსუა ჩრდილოეთ კავკასიელებისათვის გვიან გაცნობიერებული ტერმინებია. ისინი ადრე „აფხაზებს“ თავისიანებად არ თვლიდნენ, მაგრამ, როცა გაიგეს, რომ ხაჩიფსეებსაც აფხაზებს ეძახიან, შემდეგ ეს ტერმინი ქართველობის აღმნიშვნელად აღარ მიიჩნიეს.

ხაჩიფსუ ხეობას ჰქვია ადიღეში. მაგრამ ყველა ე.წ. აფხაზი ამ ხეობიდან როდია ჩამოსახლებული. მათში არიან შაპსუღები, აბაძეხები, აბაზები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ადიღეები და ა.შ. ეს კარგად ჩანს მათი გვარებიდან (იხ. თ.მიბჩუანი, აფხაზური სეპარატიზმის სისხლიან ნაკვალევზე; 1994, გვ.82-89).

აფხაზეთში ჩამოსახლების შემდეგ ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა უმრავლესობის (აბაზების) ენა გაითავისა. ამ ენაზე მეტყველებს დღევანდელი აფხაზების გარკვეული ნაწილი. სხვა ადიღეური ენები (ჩერქეზულ-ყაბარდოული და ა.შ.) აფხაზებისთვის გაუგებარია.

ადიღეური ხალხები, ასევე მათი მეზობელი ტომები, ჩრდილო კავკასიური წარმოშობის აფხაზებს ხაჩიფსეებს ანუ აბაზებს უწოდებენ. ამაში ისინი მართალნი არიან, რადგან ეს ე.წ. აფხაზები აბაზურ ენაზე მეტველებენ.
ხაჩიფსე ტერმინს აფხაზთა მიმართ ხმარობენ ყაბარდოელები, ჩერქეზები, ყარაჩაელები, ბალყარლები. მათი სიტყვით, ისინი ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან გადმოსული შავი ზღვისპირეთში, არცთუ შორეულ წარსულში.

ასეთი გაგება ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიელებს ამ 20-25 წლის წინათ.

დღევანდელი აფხაზები საკუთარ თავს აფსუას უწოდებენ და ამ ტერმინს „აფშილ“ ეთნონიმთან აკავშირებენ. აფშილები (აფსილები) კი ანტიკურ და ადრეულ შუა საუკუნეებში დღევანდელი გულრიფშის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ, ზღვიდან წებელდამდე. ამ ტერმინს არაფერი აქგს საერთო „აფსუას“ დღევანდელ გაგებასთან. ცხუმი (დღევანდელი სოხუმი, რომელიც სვანური წარმოშობის ტოპონიმია) აფშილთა მიწა-წყალზე მდებარეობდა. მართალია, არაფერი ვიცით აფშილთა ენის შესახებ, მაგრამ მათი განსახლების ტერიტორიაზე მხოლოდ სვანურ-მეგრულ-ჭანური ტოპონიმები გვხვდება. XVII საუკუნემდე ამ რეგიონში არც ერთი ადიღეურ-აბაზური წარმოშობის გეოგრაფიული სახელი არ დასტურდება.

ეს ჩანს იმ რუკებიდან (I-XVII სს.), რომელთა გამოქვეყნებას აფხაზი მკვლევარები ყოველთვის თავს არიდებდნენ.
ეს და სხვა ფაქტები არც აკად. ივ.ჯავახიშვილისათვის იყო უცხო. დიდი მეცნიერი სხვებზე უფრო ღრმად ერკვეოდა აბაზგთა და აფშილთა ვინაობაში, ამიტომ სხვებზე უფრო მის მოსაზრებას უნდა გაეწიოს ანგარიში. ის კი შემდეგს წერდა: „როგორც ვხედავთ, კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ჰკუთვნებია: ლაზ-მეგრელებს, აფშილ-აფხაზებს და სვანებს“.

ანაკოფიის ეკლესია სიმონ კანანელის სახელობისა (IX-X სს.)

ამგვარად, აკად. ივ. ჯავახიშვილი აფშილებს და აფხაზებს ქართველურ ტომად მიიჩნევდა. დიდი მეცნიერი უსაფუძვლოდ არაფერს ამბობდა. კავკასიის ხალხების ისტორიაშიც მასზე უფრო ღრმად არავინ ერკვეოდა. ივ.ჯავახიშვილის შემდეგ აფხაზთა ეთნიკური ვინაობის გარკვევაში ყველაზე სერიოზული შრომა გასწიეს პ.ინგოროყვამ და აკად. ნ.ბერძენიშვილმა, აფხაზთაგან პროფ. ხ.ბღაჟბამ. ყველა მათგანის დასკვნა ემთხვევა აკად. ივ.ჯავახიშვილის მოსაზრებებს აფშილებისა და აფხაზების წარმომავლობის შესახებ. ყველა ეს მეცნიერი აფხაზმა სეპარატისტებმა ანათემას მისცეს.

დიახ, ისტორიული აფხაზები ისეთივე ქაროველებია (მეგრელები), როგორც ლეჩხუმელები არიან სვანები და ორივე ერთად ქართველები. ამ ისტორიული აფხაზების წინაპრები არიან აბაზგები და აფშილები, სანიგები და ჰენიოხები, ლაზები და მისიმიანები, ჭანები და სუანო-კოლხები.

მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ხაჩიფსესა და აბაზებზე, ადიღელებზე და ჯიქებზე, ჩერქეზებსა და ყაბარდოელებზე, შაპსუღებზე და აბაძეხებზე, რომლებიც დღეს აფხაზობასაც ჩემულობენ და აფშილობასაც, სანიგობასაც და ჰენიოხობასაც, მისიმიანობასაც და კოლხობასაც. სეპარატისტთა აზრით, ლეგენდარული აიეტიც (ძველი კოლხეთის მეფე) ადიღი ყოფილა, ანბანური დამწერლობაც ფინიკიელებს ადიღეველთაგან გადაუღიათ (გ.ტურჩანინოვი) და ა.შ.

პროფ. შ.ინალ-იფა დღეს თავს უხერხულად გრძნობს, ასე ღრმად რომ შეტოპა სიცრუის მორევში, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ ქართველ მკვლევარზე, რომლებიც კვლავ ძველებური სტერეოტიპებით აზროვნებენ და დოგმად ქცეულ თეორიებს წამდაუწუმ იმეორებენ. ისინი აფხაზთა ვინაობის საკითხს უდგებიან ზერელედ, შორიდან მაყურებლის თვალით. არ უცხოვრიათ აფხაზეთში, არ გასცნობიან მათ ყოფას, ადათ-წესებს, ფოლკლორს, არ დაინტერესებულან ტოპონიმიკური კვლევა-ძიებით, არ უმუშავნიათ აფხაზეთის არქივებში, არ უცდიათ აფხაზურ გვართა ვინაობის დადგენა და ა.შ.

ამ სტრიქონების ავტორს წლების განმავლობაში შემოვლილი აქვს აფხაზეთის სოფლები, დაკითხული ჰყავს თითქმის ყველა აფხაზური გვარის წარმომადგენელი. ეს იყო ამ 20-25 წლის წინათ (სტატია გამოქვეყნებულია 2005 წელს – გიორგი ლაზი), როცა სეპარატიზმი სარეველა ბალახივით არ იყო მოდებული, როცა ხანდაზმული აფხაზები სიმართლეს უყოყმანოდ ამბობდნენ.

ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის აფხახები ცალსახად აღიარებდნენ იმ ფაქტს, რომ მათი წინაპრები აფხაზეთში გადმოსული არიან იმიერკავკასიიდან 100-200-300 წლის წინ. ზოგიერთი მათგანი კონკრეტულადვე მიუთითებდა თავდაპირველ საცხოვრის ადგილს.

ქართული წარმოშობის აფხაზები კი ასევე კატეგორიულობით გვისაბუთებდნენ ადგილობრივ წარმომავლობას, ან დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან მოსულობას და ა.შ.

ადიღეური წარმომავლობის აფხაზებს თავიანთ ჩრდილოეთ კავკასიელ მოძმეებად (ე.ი. ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის აფხაზებს) აბაზები მიაჩნდათ. ამ რიგის აფხაზების ზოგიერთი წარმომადგენელი ზუსტად ასახელებდა ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი წინაპრების თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილს.

ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა ერთი ფაქტიც, კერძოდ: 1979 წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოვიდნენ სტუმრები. აფხაზებმა მათ დიდებული შეხვედრა მოუწყვეს, შემდეგ სუფრაზე მიიპატიჟეს. ერთმა სტუმარმა ასეთი სიტყვები გამოურია თავის სადღეგრძელოში: „თქვენ ჩვენი მეგობრები კი არა, ძმები ხართ, სისხლითა და ხორცით ნათესავები, ერთი მიწა-წყლის შვილები. თქვენი წინაპრების ნასახლარები ჩვენთან დღემდეა შემორჩენილი, მათ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით“.

ამის გაგონებაზე აფხაზებმა ჩოჩქოლი ატეხეს, სტუმარს სიტყვა შეაწყვეტინეს…

შემდგომ ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელს აფხაზეთს. მეგობრული შეხვედრების დროს ქართველები აფხაზებს ამ ფაქტს ხუმრობით შეახსენებდნენ ხოლმე. ეტყობა, ისინი ამ ხუმრობას მწარედ განიცდიდნენ და გულში იხვევდნენ.

აფხაზ მკვლევარებს, როცა საშუალება მისცეს ემტკიცებინათ ის, რაც უფრო აწყობდათ, დრო არ დაუკარგავთ: მანამდე წერილობითი წყაროების უქონლობით გამოწვეული ვაკუუმი ახალი გამოგონილი ლეგენდებით შეავსეს. ამ ლეგენდებს უკავშირებდნენ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მატერიალური კულტურის ძეგლს, ან რომელიღაც გეოგრაფიული სახელის ე.წ. აფხაზურ (აფსუურ, აბაზურ) წარმომავლობას. ამ ლეგენდების გუდა-ხურჯინებად იქცნენ პროფ. შ.ინალ-იფასა და მეცნიერებათა კანდიდატის, ვ.ფაჩულიას ნაშრომები, რომელთაც მასიური ტირაჟით სცემდნენ მოსკოვსა და სოხუმში. მათ წიგნებში მოტანილი ყველა ლეგენდა თითქმის შეყვარებულთა მწარე ხვედრთანაა დაკავშირებული.

ბევრი სვამს კითხვას, როგორ მოხდა, რომ უმრავლესობის ენაზე უმცირესობის ენამ გაიმარჯვაო. მხედველობაშია ის, რომ აფხაზთა დაახლოებიი, 80% ქართველური წარმოშობისაა, უმცირესობა კი აბაზური (აბაზინური).

სინამდვილეში ეს ასე არ არის. აფხაზთა უმრავლესობამ იცის მეგრული ენა, უმცირესობამ კი ე.წ. აფხაზური; ასევე, აფხაზთა უფრო დიდმა ნაწილმა იცის ქართული, ვიდრე აფხაზური. მხოლოდ თანამედროვე აფხაზ ახალგაზრდებს ვერ მოსთხოვ ქართულის ცოდნას, ვერც მაინცდამაინც ე.წ. აფხაზურის. სამაგიეროდ, მათ მშობლიურ ენად რუსული გაიხადეს. ეს პროცესი 1956 წლიდან დაიწყო.

ის ილუზია, რომ ე.წ. აფხაზური თითქმის უმრავლესობამ იცის, იმ პროპაგანდის შედეგია, რასაც ამ ენის დანერგვისათვის ეწეოდნენ, მაგრამ დღემდე სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ 1979 წელს, როცა აფხაზეთის უნივერსიტეტში ქართული სექტორის ხარჯზე აფხაზური გახსნეს, ენის უცოდინარობის გამო ვერ მოახერხეს ლექციების აფხაზურ ენაზე წაკითხვა. ამ სექტორზე უნივერსიტეტის გაყოფის (1989 წ.) შემდეგაც ლექციებს რუსულ ენაზე კითხულობდნენ.

საინტერესოა, რომ ქართული წარმომავლობის აფხაზები მშობლიურ ენას „სიზმრისეულ ენას“ უწოდებენ. ამ „სიზმრისეულ ენაში“ ისინი მეგრულს გულისხმობენ.

ერთ სტატიაში ძნელია პასუხი გასცე ყველა იმ კითხვას, რომელიც ხალხის ეთნიკურ ვინაობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ აშკარაა და დღესავით ნათელია, რომ აბაზები აფხაზები არ არიან და პირუკუ – აფხაზები აბაზები არ არიან, მცირე გამონაკლისის გარდა (12-13%). ეს კი საკმარისად ჩათვალეს იმისათვის, რომ ბოლშევიკური იმპერიის მესვეურებს მათთვის ეროვნულობის სტატუსი მიენიჭებიათ. ასეთი წყალობის გაღების საიდუმლოება მდგომარეობდა იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი „ურჩი“ ქართველების წინააღმდვგ გამოეყენებიათ. გამოიყენეს კიდეც. ჩვენ კი პირში ბურთი ჩაგვჩარეს და კრინტის დაძვრის უფლებაც არ მოგვცეს. ყველაფვრი ეს უკვე მოხდა. ნუთუ ახლაც ბნელია იმის მიხვედრა, თუ რისთვის მონათლეს აფხაზები ცალკე ეროვნებად? ნუთუ ძნელია იმის გაგება, რომ ერთმანეთი ახოცვინეს ერთ მოგვარე ქართველებს: აბაშიძეებს, გაბუნიებს, ახვლედიანებს, ხუბუებს, ბენიებს, ბერულავებს, ბაგრათულიებს, ბასარიებს, პაპასკირებს, ჯინჯოლიებს, ზარანდიებს, კაკალიებს, ქარდავებს, ქარჩავებს, კუპრავებს, მარღანიებს, ნაჭყებიებს, ფაჩულიებს, ცეცხლაძეებს, ჭანტურიებს, შენგელიებს, წულუკიებს, შაკაიებს, ჩერქეზიებს, ხარჩილავებს და სხვ.

ახლა ისიც ვიკითხოთ, ხოცავდნენ თუ არა ერთმანეთს ჩრდილოკავკასიური წარმოშობის აფხაზები: არძინბები, შამბები, კაპბები, ხინტბები, წვიჟბები, კუტარბები და ა.შ. რა თქმა უნდა, არა! მათ ამ ომში მაკონტროლებელი ფუნქცია ეკისრათ და სიამოვნებით ხვრეტდნენ „ურჩებს“, ე.ი. ვინც ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას თავს არიდებდა.

აი, რისთვის სჭირდებოდათ აფხაზობა, როგორც ცალკე ეროვნება.

ამ ერთმა მუჭა ადიღეურმა ეთნიკურმა ჯგუფმა ხელზე დაიხვია კარიერისა და განდიდების მაძიებელი ქართველები, რომლებიც აგრეთვე თვისტომთა წინააღმდეგ გამოიყენეს. ამის ნიმუშად გამოდგება თუნდაც ვლ.არძინბას მიერ აფხაზვთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნული ვაჟა ზარანდია. როცა მისი თანადგომით ქართველები აფხაზეთიდან აჰყარეს, ამ კარიერისტის ფუნქციაც შესრულებულად ჩათვალეს აფხაზთა სეპარატისტებმა და ვ.ზარანდია მაღალი თანამდებობიდან გადააყენეს, შემდეგ გალში მიავლინეს, სადაც ქართველთა ეთნიკური წმენდა ბოლომდე უნდა მიეყვანა. ვ.ზარანდიამ ამასაც მშვენივრად გაართვა თავი.

სამწუხაროდ, ასეთების რიცხვი ამ ერთით არ შემოიფარგლება.

„უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ. მათი გამრავლება ნუ გაგახარებს. არ აქვთ შიში უფლისა“ (სიბრძნე ზირაქისა 16,1-2).

ქართველი აფხაზების მამლუქობა შავ ლაქად დააჩნდება საქართველოს ისტორიას.

ნუთუ ძნელია იმის გაცნობიერება, რომ მარშანია და არძინბა, ჭკადუა და წვიჟბა, ახვლედიანი და შამბა, მარღანია და ხინტბა… ერთი ტომისანი არ არიან?!

აფხაზი აბაშიძე და პაპასკირი, ისევე არ არიან ადიღეური მოდგმისა, როგორც არძინბა და ციმცბა არ არიან აბაზგები და აფშილები. ისინი აფხაზებად ჩვენ მოვნათლეთ, მას შემდეგ რაც ხიზნებად იქცნენ და აფხაზეთის ქართველებში ნახეს თავშესაფარი. მიუხვდავად ამისა, დღემდე თავიანთ თავს აფსუას უწოდებენ. ამ ტერმინს შინაარსობრივი დატვირთვა მისცეს… მათ მიერ მხარის სახელად დამკვიდრებული აფსნი თითქოს „სულის ქვეყანას“ ნიშნავდეს. მაგრამ აქაც ხელი მოეცარათ. ამ სიცრუეში ისინი აკად. ს.ჯანაშიამ ამხილა. აი, რას წერს დიდი მეცნიერი ამასთან დაკავშირებით: „აფხაზები დარწმუნებულნი არიან, რომ „აფს-უა“ – აფხაზი და „აფს-ნ“ – აფხაზეთი დაკავშირებულია სიტყვა აფსნ-სთან (სული), რომ აფსნ, ამრიგად „სულის ქვეყანას“ ნიშნავს. მაგრამ ეს შეცდომაა, სათანადო ფუძეების შემთხვევით გარეგნული მსგავსების ნიადაგზე აღმოცენებული“ (ს.ჯანაშია, შრომები, ტ.III, თბ., 1959, გვ.68).

კომიკურ მდგომარეობაში ვარდებიან ის მკვლევარები, რომლებიც ერთის მხრივ ამტკიცებენ, რომ აფხაზები ადგილობრივი, აბორიგენული მოსახლეობაა, მეორეს მხრივ მხარს უჭერენ მათ ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსულობის ვერსიას.

რატომღაც არაფრით არ უნდათ იმის გაგება, რომ აფხაზთა დაახლოვბით 80% ქართველებია, ქართული გვარის მატარებელი, ხოლო 12-13% ადიღეურ-აბაზურ-ჩერქეზული. აბორიგენულ მოსახლეობად ითვლება სწორედ უმრავლესობა ქართველი აფხაზები და არა უმცირესობა, ანუ ადიღეური ეთნიკური ელემენტი, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში ჩნდება ამ ტერიტორიაზე.

ასევე სასაცილოდ გამოიყურება ი.ვორონოვისა და გ.ტურჩანინოვის ყბადაღებული თეორიები იმის შესახებ, რომ თითქოს მსოფლიოს ყველა ხალხების ეთნოსუბსტრატი (გარდა ქართველებისა და ავსტრიელებისა) აფხაზები არიან, რომელთაგან ანბანური დამწერლობა, თურმე, ფინიკიელებს გადაუღიათ.

ეს ხომ ამ ხალხის გამასხარავებაა, რასაც ეიფორიაში მყოფი სეპარატისტები ტაშს უკრავენ.

ვორონოვისა და ტურჩანინოვისაგან ასეთი რამ გასაკვირი არ არის, რადგან მათი „თეორიები“ ცრუ ილუზიების საფუძველზეა აგებული, მხოლოდ ბოროტი პოლიტიკური ზრახვების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება იმ ავტორებს, რომლებმაც აბაზგთა და აფშილთა ადიღეური წარმომავლობა დოგმად აქციეს, მშვენივრად იციან, რომ ამის დამამტკიცებელი არც წერილობითი, არც ლინგვისტური, არც ტოპონიმიკური, არც ანთროპოლოგიური, არც ფოლკლორული, არც მატერიალური კულტურის ძეგლების სახით არანაირი მასალა არ არსებობს, როცა მათი ქართველური წარმომავლობის დამამტკიციბელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი სახეზეა.

რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ აბაზთა (აფსუათა) ეპოსში ომის ღმერთ აირიგის შესახებ ნათქვამია: „აირიგ, შენ მხოლოდ ზღვისპირეთს ძარცვავ“. შეიძლება ღმერთი საკუთარი ხალხის მძარცველი იყოს? აირიგისათვის (აბაზთათვის) ზღვისპირეთი საძარცვი ქვეყანაა და არა სამშობლო.

რატომაა, რომ ჩრდილო კავკასიური ეპოსი ნართების შესახებ ბრწყინვალედაა ასახული აფსუურ (აბაზურ) ფოლკლორში, ხოლო არავითარი წარმოდგენა არა აქვთ არგონავტებსა და ოქროს საწმისზე, მაშინ როცა ამის შესახებ საკმაო მასალა არსებობს დასავლეთ საქართველოს ძირძველ ქართველებში – მეგრელებსა და სვანებში (იხ. თ.მიბჩუანი, დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზისის, განსახლებისა და კულტურის ისტორიიდან, თბ. 1989, გვ. 188-208).

რატომ არ უნდა გაეწიოს ანგარიში დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ევროპელ მისიონერთა შრომებში დაცულ ცნობებს იმის შესასვბ, თუ XVI-XVII საუკუნეებში დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე როგორ არბევდნენ, ანადგურებდნენ ქართულ მოსახლეობას ე.წ. აფხაზები, როგორ ყიდდნენ მათ მონათა ბაზრებზე, როგორ ხურავდნენ ქრისტიანულ ეკლესიებს, როგორ დაიპყრეს და დაეპატრონენ ოდიშის სამთავროს მდინარე ენგურამდე (ო.მიბჩუანი, აფხაზური სეპარატიზმის სისხლიან ნაკვალევზე, თბ., 1994, გვ.7-36).

რატომაა, რომ XVII საუკუნემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არც ერთი ადიღეური წარმოშობის გეოგრაფიული სახელი არ გვხვდება?

დღევანდელი აფხაზები არც ერთი კლასიკური რელიგიის მიმდევრები არ არიან; სხვათაშორის, აღიარებენ ისლამის რელიგიას, ქრისტიანობასაც, მაგრამ მათში ყველაზე უდრო, წარმართული რწმენა-წარმოდგენებია შემორჩენილი.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ იმ უამრავი ისტორიული რუკებიდან (I-XVII სს), რომლებზედაც აფხაზეთია ასახული, არც ერთი აფხაზ მეცნიერთა შრომებში არ გვხვდება. ისინი ამ რუკებს გაურბოდნენ. ამ რუკებზე ყველა ტოპონიმი ქართველურია. აფხაზეთი კი ოდიშის სამთავროს ნაწილადაა წარმოდგენილი. ანთროპოლოგიურადაც ნამდვილი აფხაზები უპირისპირდებიან ადიღელებს და ქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს იმეორებენ (В.П. Алексеев. Происхождение народов Кавказа. М. 1974. с.194).

დროა საერთაშორისო ექსპერტების დონეზე შეიქმნას კომპენტენტური სამეცნიერო კომისია აფხაზთა ეთნიკური ვინაობის დადგენის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთი ქართველთათვის ყოველთვის სახიფათო ზონად დარჩება, მითუმეტეს, როცა ლაპარაკია ქვეყნის ფედერაციულ მოწყობაზე და აფხაზთათვის ფართო პოლიტიკური უფლებების მინიჭებაზე.

თეიმურაზ მიბჩუანი

 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

 

თსუ სოხუმის ფილიალის ისტორიის კათედრის გამგე

წყარო

 

Share