Home » საზოგადოება » “ვერ გავაკონტროლებთ კერძო კომპანიებს თუ რა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს”
"ვერ გავაკონტროლებთ კერძო კომპანიებს თუ რა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს"

“ვერ გავაკონტროლებთ კერძო კომპანიებს თუ რა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს”

ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს იმის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რომ აკონტროლოს კერძო კომპანიები რა მარკეტინგული თუ სხვა მოსაზრებებით ცვლიან მედიკამენტებზე ფასებს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრი არ აკონკრეტებს, მოქმედებს თუ არა ლარის გაუფასურება წამლების ფასის მომატებაზე.

„მოსახლეობის დანახარჯები ჯანდაცვაზე ხასიათდება რამდენიმე პარამეტრით, რომლიდანაც მთავარი არის ჯიბიდან გადახდები, რომელიც ყოველ წელს იზომება. საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებამდე ეს იყო 70%, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ამის შემდეგ შემცირდა და შარშანდელი მაჩვენებელი არის 56%, მაგრამ ესეც ძალიან მაღალია. 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამ ჯიბიდან გადახდების 70%-ზე მეტს შეადგენს, სამწუხაროდ, მედიკამენტებზე დანახარჯები.

სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ შეუძლია, რომ თვითონ დაარეგულიროს ფასები, რადგან თავად არ აქვს სახელმწიფო წარმოება. ეს არის კერძო ინდუსტრია. სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დავიწყეთ შარშან, როდესაც სოციალურად დაუცველებისთვის, შემდგომ პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. უფრო კონკრეტულად, სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ 1 ლარად აქვთ გარკვეულ მედიკამენტებზე წვდომა, პენსიონერებს იმ ფასის ნახევრად აქვთ, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე ეხებათ შშმ პირებს. უახლოესი კვირების განმავლობაში მედიკამენტების ჩამონათვალი (23 მედიკამენტი) გაიზრდება, წლის ბოლოს კიდევ ერთი ზრდა იქნება და მომავალი წლის ამოცანაა, რომ ამ ჯგუფებს მედიკამენტებზე რეალურად გავუნულოთ ეს ხარჯები,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Share