Home » ბიზნესი » ვასილ ხოდელი – საპენსიო საკითხებზე დაპირებები და მოლოდინების შექმნა სიტუაციის გაანალიზებით უნდა მოხდეს

ვასილ ხოდელი – საპენსიო საკითხებზე დაპირებები და მოლოდინების შექმნა სიტუაციის გაანალიზებით უნდა მოხდეს

,,ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ სახელმწიფოს მიერ 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის პენსიის გაცემის საკონტრაქტო პირობებში დაგეგმილ ცვლილებებსა და პროგრამაში სხვა ბანკების ჩართვის მიზნით ახალი ტენდერის გამოცხადების თემაზეც ისაუბრა.

ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ „ლიბერთის“ აქვს სოციალურ გასაცემლებზე ადაპტირებული საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ასევე დაფარვის ყველაზე დიდი ქსელი, რაც ტენდერში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.

ლიბერთის გენერალური დირექტორის თქმით, აუცილებელია, პროცესი წარიმართოს რაციონალური ანალიზის და არა ემოციების ფონზე, რაც ხშირად იწვევს არასწორ დასკვნებს და ცრუ დაპირებებს, ეს კი შემდგომში, კომერციულ სექტორს მნიშვნელოვნად აზარალებს.

,,ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ დანაპირებების (პოლიტიკოსების წინა საარჩევნოდ გაცემული ) აღსრულებას შესაძლებელს გახდის. მე რასაც ვაკვირდები, კონკრეტული კვლევების და ანალიზის გარეშე, ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო, რიგი პოლიტიკოსები აკეთებენ წინასწარ დასკვნებს და შემდეგ, ამის მიხედვით ჰპირდებიან ამომრჩეველს სხვადასხვა რამეს. ჩვენ, რეალურად ანალიტიკა გავაკეთეთ და ვთქვით, რომ არ არის კარგი დაპირებების გაცემა, რომელიც არასწორ მოლოდინებს შექმნის.

ეს შემდეგ, კომერციულ სექტორზე საკმაოდ ცუდად მოქმედებს, მათ შორის ჩვენზეც როგორც სისტემურ ბანკზე. სისტემური ბანკების არ არსებობის გარეშე კი ეკონომიკას დიდი პრობლემები ექმნება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი ჩაივლის რაციონალური ანალიზის საფუძველზე და არ იქნება ემოციური მიდგომა და ცრუ დაპირებები. ჩვენ ვემზადებით სატენდერო პროცესისთვის, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით წლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს.

ჩვენ, გვაქვს ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში, დაფარვით და ქსელით ყველაზე დიდი ბანკი ვართ და შესაბამისად გვაქვს ამბიცია, რომ ყველაზე კარგ ინფრასტრუქტურას ვფლობთ. ვნახოთ იქნება თუ არა ეს საკმარისი დავრჩეთ ერთგულ პარტნიორად პენსიონერებისთვის“- განაცხადა ხოდელმა ,,საქმეში“.

ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასევე განახლებულ გუნდსა და სერვისებზეც ისაუბრა. ვასილ ხოდელმა განმარტა, რას მოიცავს ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ და როგორია ბანკის სამომავლო გეგმები.

,,ჩვენ წარვადგინეთ 5 წლიანი სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ახალ ხედვას, რომელსაც ახალი გუნდი განახორციელებს ახალი ფილოსოფიით. ადრე, ბანკი თუ უფრო მეტად პროდუქტზე ორიენტირებული იყო, ახლა იქნება მომხმარებელზე ორიენტირებული“ – თქვა ხოდელმა საქმეში.

ცნობისთვის, პენსიის გაცემის შესახებ ახალი ტენდერის ჩატარების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტში საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გაიმართა, სადაც დასმულ კითხვებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი პასუხობდა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საპენსიო გასაცემლის მიმართულებით 2022 წელს სახელმწიფოსა და “ლიბერთი ბანკს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა იწურება. რისთვისაც საპენსიო სესხების საკითხზე სახელმწიფომ მიმდინარე წელს სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც პირველი სხდომა აგვისტოში გამართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობები განსაზღვრა.

Share