Home » საზოგადოება » ვარლამ გოლეთიანი – პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მივიღებთ

ვარლამ გოლეთიანი – პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მივიღებთ

პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, იმ ნაწილშიც ახლა, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მივიღებთ. რატომ მოეწერა ხელი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებას, ამაზე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც ხელი მოაწერა.

პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეა და მთელ რიგ ჩინოვნიკებზე, ვისი ხელმოწერებიც ამ დოკუმენტში არის ასახული, – ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერცერთ შემთხვევაში გაექცევა.

„ახლა, რაც არ უნდა სხვა მისამართით გადაიტანონ ვექტორები, ეს ვიქნებით ჩვენ, თუ საზოგადოების რომელიმე სხვა ჯგუფი, ამას მათ არავინ გაუტარებს. უბრალოდ, ახლა, ვერ შეძლებენ იმას, რომ ასე შემოაბრუნონ საკითხი, თითქოს ჩვენ ვებრძვით ქვეყნის განვითარებას და ა.შ. როგორც ეს, თავიდან იყო მათი ნარატივი. მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, ვინც ჩართული იყავით და ხართ ჩართული ამ პროცესში. ბრძოლა არ მთავრდება, ვიდრე ამ პროცესის საბოლოო გაჯანსაღებას არ მივაღწევთ.

თუმცა, ნამდვილად მოსალოცია ის საკითხი, რომ კომპანია „ენკა“ ხელშეკრულების გაწყვეტას და გასვლას აპირებს. ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა ჯერ ფორმალურად ეს ყველაფერი ქაღალდზე არ არის გაფორმებული, ასევე ნებართვები არ არის გაუქმებული, რაც სამინისტროს უნებართვოდ აქვს გაცემული, მიწის საკითხი ჯერ არ არის გარკვეული, სად წავა მიწა, დაგვიბრუნდება თუ არა და როგორ იქნება. ამიტომ, ამ ნაწილში ბრძოლა გრძელდება და ყველა ამ დეტალს უნდა დავაკვირდეთ, გავატაროთ კრიტიკის ქარ-ცეცხლში“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ამ პროცესში შესაბამის პირების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.

„ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენლებს და საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაა ჩასატარებელი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „რიონის ხეობის მცველები“ არ მონაწილეობენ „იმ პოლიტიკურ მასკარადებში და დაგეგმილ პროცესებში, რომელიც არაფრის მომცემი და არაფრის მომტანია ხალხისთვის.

„რეალურად, რაც თითოეული ჩვენგანისთვის და ქვეყნისთვის კეთილდღეობაზე შეიძლება ჰპოვოს ასახვა, იმ საქმეში ვერთიანდებით თითოეული ჩვენგანი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, კომპანია “ენკა” საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ ეცნობება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აუცილებლად გაგრძელდება კომუნიკაცია ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება.

Share