Home » საზოგადოება » ვახტანგ ჭარაია „ნამახვანი ჰესზე“: მსგავსი პროექტების განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს

ვახტანგ ჭარაია „ნამახვანი ჰესზე“: მსგავსი პროექტების განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ გამოვიყენოთ ჰიდრორესურსები, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს, ინკლუზიური იყოს, ყველა ჩაერთოს, შემოსავლები მივიღოთ და აქედან გამომდინარე, ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და მივიღოთ უკეთესი ქვეყანა, – ეს განცხადება პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ, „თსუ-ის“ ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ გააკეთა.

„აქედან გამომდინარე, თუ გვაქვს ერთ-ორ სფეროში კონკურენტული უპირატესობა, ეს ჰიდრორესურსია. ჩენ თუ უარს ვამბობთ ჰიდრორესურსებზე, ან ვერ ვიყენებთ. ფაქტია ვერ ვიყენებთ იმის 1/5-საც კი რაც გვაქვს, არადა იმავე რესურსს, როგორიცაა შვეიცარია, იტალია, იაპონია იყენებენ 50%-ზე ზევითაა ათვისებული, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 90%-ია.

სამწუხაროდ, საქართველო ამ რესურსს არ იყენებს. ამიტომ, მაქსიმალურად გვინდა არასწორად გადადგმულ ნაბიჯებსა და შეცდომებზე ბევრი ვიფიქროთ“, – განაცხადა ჭარაიამ.

ამასთან ვახტანგ ჭარაიამ თქვა, რომ ქვეყანას სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, იზრდება სამუშაო ადგილები, ბიუჯეტში შემოსავლები და იქმნება პროდუქტი, რომლის იმპორტირება არ გვიწევს.

„ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ, სულ რომ 6,2 კი არა, უფრო ძვირიც რომ ღირდეს, ვიდრე საშუალო ელექტროენერგიის ღირებულებაა, უკვე აჭარბებს იმ ზარალს, რომელიც ცენტებში შეიძლება გამოიხატებოდეს, იმით, რომ ქვეყანაში, ადგილზე გექმნება პროდუქტი, საქმდება ათასობით ადამიანი, რასაც ჯამში ქვეყნისთვის მოჰყვება ახალი შესაძლებლობების გახსნა. ეკონომიკური კუთხით, მსგავსი პროექტების განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა ჭარაიამ.

Share