Home » საზოგადოება » ვახტანგ კაპანაძე: პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის
ვახტანგ კაპანაძე: პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის

ვახტანგ კაპანაძე: პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჰაერიდან არ არის მოტანილი. კაპანაძე იმ არგუმენტებს პასუხობს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეებს აქვთ.

„ძირითადი არგუმენტი რაც პროფესიული ჯარის მოწინააღმდეგეებს აქვთ, არის ის, რომ პროფესიული ჯარი წყდება საზოგადოებას და ხდება ერთგვარი სამხედრო კასტა, მეორე არგუმენტი არის რომ პროფესიული ჯარისკაცის შენახვა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე წვევამდელის. ჩვენი კონცეფცია არის, რომ არ უნდა მოხდეს წყვეტა საზოგადოებასა და ჯარს შორის და რეზერვი შეავსებს ამ ნიშას. რაც შეეხება ფინანსებს, ეს უნდა განვიხილოთ გრძელვადიან პერიოდში. პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ წვევამდელი ჯარისკაცი ისევე უნდა მომზადდეს, როგორც პროფესიონალი ჯარისკაცი, ელემენტარულად, ეს დამატებით თანხებს ითხოვს. ამავე დროს ცუდ ჯარისკაცს და კარგ ჯარისკაცს აქვთ ერთნაირი კვება, სჭირდებათ აღჭურვილობა, ტრანსპორტირება. ამავე დროს წვევამდელს ვერ წაიყვან საერთაშორისო ოპერაციებში. ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ეს გადაწყვეტილება, საკმაოდ დიდხანს იყო დისკუსია. ასევე ჰაერიდან არ არის მოტანილი რიცხვები და გათვლილია ყველა ხარჯი, რაც სჭირდება ჯარისკაცს თავის საქმიანობაში. ამის დაჯამების შედეგად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სწორია“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

მისივე თქმით, წვევამდელების შემთხვევაში ქვეყანას აკლდება სამუშაო ძალა, გადასახადის გადამხდელი და ამავე დროს აქვს ხარჯი მის შენახვაში. რაც შეეხება ჟურალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ იცოდა ეს დეტალები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, კაპანაძის თქმით, ეს კითხვები მას არ უნდა დაუსვან.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე გუშინ მოაწერა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.

თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

Share