Home » საზოგადოება » უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ფორმულასთან საუბარში თქვა, რომ მოსამართლემ თავდაპირველად  მას 10 წელი მიუსაჯა, შემდეგ კი ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს არის დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამატყუნებელი განაჩენი.

მის საქმეზე 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ასევე, იგი გამართლდა პირველ ინსტანციაშიც.

იმ დროს პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან განიხილა დავით კეზერაშვილის საქმე კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად.

ფორმულას გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების განახლებას პოლიტიზირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ტელეკომპანიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება.

“როცა ყოფილ პროკურორს ეწერება საქმე იმ მოსამართლეებთან, ვინც კლანის ნაწილი არიან, ბუნებრივია, ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს, რომ საქმე არის პოლიტიზირებული და უკავშირდება ფორმულას. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ განსაკუთრებით მასიურ შეტევას კრიტიკულ მედიაზე”, – აცხადებს ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე.

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო.

“მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს” – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა დავით კეზერაშვილის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, უშედეგოდ – გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

ორ ინსტანციაში წაგებული საქმე პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როცა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.

formulanews.ge

Share