Home » ბიზნესი » ,,უვნებელი” ნატურალური წვენები მავნებლური შედეგებით
,,უვნებელი" ნატურალური წვენები მავნებლური შედეგებით

,,უვნებელი” ნატურალური წვენები მავნებლური შედეგებით

ნატურალური წვენების რეგლამენტირება აუცილებელია

მთავრობა ნატურალური წვენებისა და სპირტის შემცველი სასმელების რეგლამენტირებაზე მუშაობს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნატურალური წვენების რეგლამენტირების მოთხოვნა ბიზნესიდან წამოვიდა და საკითხზე სამინისტრო მუშაობს. რაც შეეხება სპირტიანი სასმელების რეგლამენტს, მინისტრის განმარტებით, საქართველოში აქამდე არ ხდებოდა ისეთი პროდუქციის წარმოება როგორიცაა ჯინი და ვისკი. შესაბამისად, არც რეგლამენტის საჭიროება იყო.

როგორც ცნობილია, რეგულაციის შემოღებით განისაზღვრება როგორც ეტიკეტირების სტანდარტები, ისე ბაზრის მოთამაშეებს შორის დარეგულირდება თამაშის წესები.

საინტერესოა რატომ გახდა აუცილებელი ქვეყანაში წვენებზე და ალკოჰოლურ სასმელებზე ტექნიკური რეგლამენტის შემოღება და რეალურად რა პრობლემის წინაშე დგას სექტორი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სფეროში მოქმედი კომპანიების პოზიციებით დავინტერესდით.

წვენების მწარმოებელი კომპანია “კამპას” დამფუძნებელი დავით ბუაძე განმარტავს, რომ ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილი ნატურალური წვენის ნაცვლად, ნახარშს აწარმოებს და ბაზარზე კეთილსინდისიერ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე “კამპას” დამფუძნებელი ამბობს, რომ ბაზარზე ნატურალური წვენების რეგლამენტირება აუცილებელია. დავით ბუაძე აცხადებს, რომ რეგლამენტი ბაზარზე თამაშის წესებს დაარეგულირებს, რის შემდეგაც განისაზღვრება რა არის წვენი, ნექტარი და წვენის შემცველი სასმელი.
“სამწუხაროდ, ზოგიერთ მწარმოებელს ეტიკეტზე უწერია წვენი და სინამდვილეში არის სხვა რამ, მაგალითად, ნახარში. საერთოდ მომხმარებლის ცნობიერებაშიც წვენი არის ყველაფერი, რასაც ახატია ხილი და სასმელი ასხია, მაგრამ ეს ასე არ არის. წვენი არის სასმელი, სადაც ხილის შემცველობა არის 100%, სადაც პროცენტულობა ნაკლებია, ის უკვე არის ნექტარი, ხოლო თუ ხილის ძალიან დაბალი შემცველობაა, ნიშნავს, რომ ეს არის წვენის შემცველი სასმელი. დღეს ქართულ ბაზარზე ჩნდებიან მოთამაშეები, რომლებიც ამბობენ, რომ მათი პროდუქცია ფორთოხლის წვენია, მაგრამ ფორთოხლის შემცველობა სასმელში არის 45%”, – აცხადებს “კამპას” დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ სინამდვილეში მომხმარებელს შეხება აქვს ნექტართან, რაც ეტიკეტზე მითითებული არ არის.

დავით ბუაძე ამბობს, რომ წვენების რეგლამენტირებას წლებია ითხოვენ, ისეთივე ფორმით, როგორიც, მაგალითად, რძისა და რძის პროდუქტების შემთხვევაშია ამოქმედებული.

ბუაძის თქმით, ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩართულები არიან ნატურალური წვენების რეგლამენტირების საკითხში.

“კამპასგან” განსხვავებით, ახალ რეგულაციებზე ინფორმაცია არ აქვს “კულას”. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ვანო გოგილიძემ განაცხადა, მათთან კონტაქტი ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ ჰქონია.

,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი თემურ ჭყონია განმარტავს, რომ ბაზარზე ნატურალური წვენების 90 პროცენტი ნატურალური არ არის. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, ბაზარზე ნატურალური წვენების რეგლამენტირება აუცილებელია.

ჭყონიას თქმით, ის უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე 40 წლის განმავლობაშია და იცის, რომ ყველაფერი, რასაც დღეს რეკლამირებას უწევენ, არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და სფეროში ცვლილებები და კონტროლი უნდა განახორციელოს.

მისი თქმით, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პროდუქცია წარმოებულია 100 პროცენტით ნატურალური პროდუქტისგან, ეს არის ტყუილი. ,,ჩვენ ეტიკეტზე ყოველთვის გვაქვს განმარტებული, ის რაც რეალობაა. ანუ, ვუჩვენებთ, ნატურალური წვენის შემადგენლობა რამდენი პროცენტია. სხვა ამას არ უჩვენებს. ჩვენი წარმატების ფორმულა ეს არის. ეს ფალსიფიკაცია არ არის, ეს არის ტყუილი. ეს არის მოხმარებლის შეცდომაში შეყვანა. იყენებენ ადამიანის ფსიქოლოგიას, თითქოს აწარმოებენ ჯანსაღ პროდუქტს. მაგალითად, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ტარხუნის და მსხლის ლიმონათი ნატურალური წვენებისგან არის დამზადებული, ეს არის აბსურდი. ეს არის კატასტროფა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მწვანე ფერის შემადგენლობა, სადაც შედის მაგალითად, ტარტრაზინი, საშინელებაა. ბევრ ქვეყანაში ეს ინგრედიენტები აკრძალულია”, -აცხადებს ჭყონია.

მისი მტკიცებით, ნატურალური წვენების 90 პროცენტი სტანდარტებს არ შეესაბამება და ის ნატურალური არ არის. ცნობისათვის, ტარტრაზინი (უ102, ყვითელი საღებავია) განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობისა და ძილის დარღვევას.

თუ რატომ შემოაქვს სახელმწიფოს აღნიშნული რეგულაცია, ჭყონია განმარტავს, რომ როგორც ჩანს, მთავრობა მიხვდა, ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს. მისი მტკიცებით, ახალი რეგულაციები არ უნდა იყოს ერთდღიანი, არამედ უნდა შეიქმნას სისტემა, რათა კონკრეტული შედეგი დადგეს.

როგორც ჭყონია აცხადებს, რასაც ადამიანი, სახელმწიფო აკეთებს, ის შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. ბიზნესმენის მტკიცებით, ზოგჯერ რეგულაცია ვალის მოხდას უფრო ნიშნავს, ვიდრე დანერგვას. სახელმწიფომ შესაძლოა, ვალი მოიხადოს და ნატურალური წვენების ტექნიკური რეგლამენტი აამოქმედოს, თუმცა ამის რეალურად დანერგვას დრო და პოპულარიზაცია სჭირდება.

ლიმონათი ,,ხილიანის” ხელმძღვანელი ნატურალური წვენების რეგლამენტირების პარალელურად, უალკოჰოლო სასმელების რეგლამენტის აუცილებლობასაც ხედავს. კომპანია ,,ქართული ლიმონათის” ხელმძღვანელი ვარაზ ასპანიძე აცხადებს, რომ ბაზარი ადრე თუ გვიან უნდა დარეგულირდეს, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვაშიც უნდა გამოიხატებოდეს.

მისი განმარტებით, მთავრობის სურვილი, რომ მოხდეს ნატურალური წვენების და ალკოჰოლური სასმელების რეგლამენტირება, კარგია, რადგან ბაზარზე არსებული ნატურალური წვენებიდან, რასაც ნექტარი აწერია, ის რეალურად ნატურალური არ არის. მისი მტკიცებით, ნატურალური წვენების ბაზარი რეგულაციებს საჭიროებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია უალკოჰოლო სასმელების, ამ შემთხვევაში ლიმონათების რეგლამენტირებაც.
ბიზნესმენის განმარტებით, დღეს უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ხარისხის კუთხით პრობლემაა. კერძოდ, ტარტრაზინი, რომელსაც ლიმონათის წარმოებაში იყენებენ, არის საკვები საღებავი და მისი მიღება კარგი არ არის, თუმცა, მეწარმეები იძულებული არიან აღნიშნული საღებავი გამოიყენონ.

,,ისეთი ხასიათის პროდუქციას შეხვდებით, მათ შორის ლიმონათებს, რომლებიც მომხმარებლისთვის არასასურველია. ეს ვითარება ჩვენ და ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული, არასახარბიელო მდგომარეობაში გვაყენებს.რაც შეეხება ჩემს მიერ წარმოებულ ლიმონათებს, მაგალითად, ტარტრაზინი მხოლოდ ერთ სახეობაში- ტარხუნის ლიმონათშია. ტარხუნას ტარხუნისგან ვაკეთებთ, ნაყენს ჩვენვე ვამზადებთ, თუმცა, შემდეგ ემატება საკვები საღებავი გამომდინარე იქიდან,რომ ფერი, რომელსაც ტარხუნა გამოყოფს, არის ძალიან ღია. შესაბამისად, ამას ასე ვერ გავყიდით, მომხმარებელი ამას არ მიიღებს. ამიტომ იძულებულები ვართ საკვები საღებავი დავამატოთ, ეს მომწამვლელი არ არის, თუმცა ბავშვებისთვის და მეძუძური დედებისთვის მის მიღება სასურველი არ არის”, – აცხადებს ასპანიძე.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ ყველა სხვა დასახელების ლიმონათში კომპანია ,,ქართული ლიმონათი” ბუნებრივ შაქარზე დამზადებულ დანამატს იყენებს. `მსოფლიოს ნებისმიერ ლაბორატორიაში შეამოწმონ ლიმონათი ხილიანი. გარდა ტარხუნისა, არცერთი არ შეიცავს ტარტრაზინს”, – აცხადებს ასპანიძე.

მისი განმარტებით, აუცილებელია ეტიკეტზე მოხდეს იმის აღნიშვნა, რომ პროდუქტი შეიცავს ტარტრაზინს და არ არის სახარბიელო ბავშვებისთვის და მეძუძური დედებისთვის. როგორც ასპანიძე აცხადებს, მეწარმეები უკვე ამის შემდეგ იფიქრებენ სიტუაციას მოერგონ.

როგორც ასპანიძე განმარტავს, ტარტრაზინის ნაცვლად თუ მოხდება ისეთი საკვები საღებავის გამოყენება, რომელიც არ შეიცავს ტარტრაზინს და რომელიც ზღვის მცენარეებზე მზადება, პროდუქციას გააძვირებს. `ბევრი მცდელობა მქონდა, მინდოდა ეს საღებავი გამომეყენებინა, ვთვალეთ კიდეც, თუმცა, დღევანდელ საბაზრო ფასში ვერ ჩავჯექით”, – აცხადებს ასპანიძე.

ნათია სიხარულიძე

 

Share