Home » საზოგადოება » უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის

უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის

მათთვის, ვინც ჩემს ბლოგებს ეცნობა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის უჩვეულო პროფესიული ზნე და ხასიათი უცხო აღარ იქნება. ახლა იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც მენიშნა და რაც შესაძლოა იყოს ის, რის გამოც ადამიანები არა მარტო თანამდებობებსა და პოზიციებს ემშვიდობებიან, არამედ უფრო თვალსაჩინო პასუხისმგებლობასაც ვეღარ გაურბიან.

რაზე ვსაუბრობ – ვიცით, რომ 2007 წლიდან მოყოლებული, არსებობს ასეთი კომპანია – „სეისმიკ კონსალტინგი“, რომლის დირექტორიც 2010 წლამდე პერიოდში იყო თეა გოდოლაძე. ის ამ კომპანიის დამფუძნებელიც რომ არის, 40%-იანი წილით, საკუთარ ბიზნეს-პარტნიორ ზურაბ ჯავახიშვილთან და კიდევ 2 პიროვნებასთან ერთად, ესეც ვიცით.

საქმე ის არის, რომ „სეისმიკ-კოსალტინგის“ წესდება, პრაქტიკულად, ერთი–ერთში იმეორებს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქციებს და ამოცანებს. ანუ, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე მიზნებით და ამოცანებით, ფლობენ ერთი მხრივ კომერციულ სტრუქტურას და იმავდროულად ილიაუნის დაქვემდებარებულ ინსტიტუტსაც მართავენ.

როგორც უნდა შეხედო, საიდანაც უნდა მოარგო სახელური, ამ ქოთანში ნოყიერი კორუფციული ინტერესების ფუთფუთის დიდი შესაძლობაა დაშვებული. კორუფცია კი, მოგეხსენებათ, ფულის ტომრით სახლში წაღება არ არის. კორუფცია, უპირველეს ყოვლისა, ამ შესაძლებლობის დაშვებაა. ჯერ დაუშვებ შესაძლებლობას, შემდეგ მას გამოიყენებ, ან იქნება არც გამოიყენებ, მაგრამ ის რომ, ეს შესაძლებლობა თავად დაუშვი, უკვე საეჭვოზე მეტია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაშვებულია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ამოცანების მქონე სახელმწიფო კვლევითი დაწესებულება და კომერციული სტრუქტურა (ერთი და იგივე ხელმძღვანელი პირებით წარმოდგენილი), ზიარჭურჭელის პრინციპით, ისე ახდენდეს შეკვეთებისა და დაკვეთების ერთი მხრიდან მეორეში გადადინებას, რომ გამოცდილი და მრავლისმნახველი მონიტორის გარდა ვერც ვერავინ მიუხვდეს რეალურ კომერციულ მიზანს.

საკითხი – კომპანია „სეისმიკ კონსალტინგის“ მეშვეობით უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის, ღიად რჩება, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს გაცილებით მეტ ყურადღებას, ვიდრე ეს ერთი ბლოგის მასშტაბია.

 

გიორგი ცაგარეიშვილი

 

Share