Home » ეკონომიკა » უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მლნ-იან საკრედიტო ხაზს გამოყოფს
უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მლნ-იან საკრედიტო ხაზს გამოყოფს

უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მლნ-იან საკრედიტო ხაზს გამოყოფს

უნგრეთი საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო ხელშეწყობისთვის 68 მლნ-იან საკრედიტო ხაზს გამოყოფს, – ამის შესახებ ცნობილი გახდა უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შორის გამართული შეხვედრის დროს.

უნგრული მხარის ინიციატივით, „ექსიმ ბანკში“ ქართული და უნგრული ერთობლივი პროექტების ხელშეწყობისთვის 68 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გაიხსნება. საკრედიტო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობა ორივე ქვეყნის იმ კომპანიებს მიეცემათ, რომლებიც ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ მისი პერსონალური მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ორ ხალხს შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რასაც ამყარებს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები.

როგორც პიტერ სიიატრომ აღნიშნა, ბუდაპეშტი მომხრეა ევროპული და ევრო-ატლანტიკური გაფართოების და მომავალშიც ურყევად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მან ასევე აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში და დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ევროკავშირისა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების უახლოეს მომავალში მიღების თაობაზე.

მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული ტენდენციები სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა უნგრეთის გადაწყვეტილებას, საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის 68 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაიხსნას „ექსიმ ბანკში“. მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს უნგრეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 პუნქტიანი რეფორმების პაკეტის შესახებ, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას.

მიხეილ ჯანელიძემ დაუდასტურა პიტერ სიიარტოს საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ხელი შეუწყოს უნგრეთთან შემდგომი სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებად დასახელდა განათლების სფერო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მთავრობის მიერ უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი სტუდენტების განათლების დაფინანსების პროექტის გამო, რაც მომავალში ახალ შესაძლებლობებს შეიძენს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის აქტიური მონაწილეობისათვის. საუბარი შეეხო ნატო-ს ვარშავის სამიტს და საქართველოს მიერ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა კვლავაც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას რეგიონალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროპისთვის სტრატეგიული პარტნიორია ენერგო წყაროების დივერსიფიკაციისა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ხაზის მიმართულებით. ამ კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის აბრეშუმის ფორუმის ინიცირება, რომელიც კარგ პლატფორმას იძლევა რეგიონალური სატრანზიტო, ეკონომიკური და ენერგეტიკული შესაძლებლობების განხილვისა და ერთობლივი სტრატეგიის დასახვის თვალსაზრისით. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. მიხეილ ჯანელიძე უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 29-30 მარტს სტუმრობს.

Share