Home » მსოფლიო » უნგრეთმა COVID19-ის რუსული ვაქცინა დროებით დაამტკიცა

უნგრეთმა COVID19-ის რუსული ვაქცინა დროებით დაამტკიცა

უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც Covid19-ის რუსული ვაქცინა დაამტკიცა. მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ Sputnik V-ისა და  AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ნებართვა 6 თვით გასცა. არც ერთი მათგანი ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოს მიერ ავტორიზებული არ არის.

უნგრეთში მათი გამოყენების ნებართვას პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ზეწოლას უკავშირებენ. ორბანს ევროკავშირში მუდმივად აკრიტიკებენ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან ახლო ურთიერთობის გამო. ის შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი დასავლელი ლიდერი, რომელიც ევროპაში ვაქცინაციის ნელი ტემპის ფონზე, ქვეყნას აღმოსავლური ალტერნატივით მოამარაგებს. ბუდაპეშტის მთავრობა Sinopharm-ის ჩინური ვაქცინის შეძენის საკითხსაც განიხილავს. მარეგულირებელი ორგანოს დასტურის შემდეგ, ქვეყანა მილიონი დოზა ვაქცინის შეძენას გეგმავს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ხვალ მოსკოვში მიემგზავრება. სავარაუდოდ, ის მოლაპარაკებას რუსული ვაქცინის დიდი ოდენობით შეძენასთან დაკავშირებით აწარმოებს.

მიუხედავად დროებითი ნებართვისა, უნგრეთში რუსულ ვაქცინაზე დაკვირვებას კვლავ აწარმოებენ და მის მასობრივ გამოყენებაზე დასტურს, კვლევის საბოლოო შედეგის შემდეგ გასცემენ.

უნგრეთში ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. უნგრელები Covid19-ის ვაქცინების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. მთავრობის განცხადებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავად გადაწყვიტონ რომელი ვაქცინის მიღება სურთ.

წყარო: businessformula.ge

Share