Home » მსოფლიო » უნგრეთის პრემიერი: რომის პაპმა მითხრა, რომ ოჯახი მამისგან, დედისა და შვილებისგან შედგება. წერტილი

უნგრეთის პრემიერი: რომის პაპმა მითხრა, რომ ოჯახი მამისგან, დედისა და შვილებისგან შედგება. წერტილი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რომის პაპთან შეხვედრამ ის შთააგონა, ტრადიციული ოჯახის დაცვა განაგრძოს.

„შეხვედრამ ძალიან გამამხნევა. რომის პაპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ბრძოლა, რომელსაც ოჯახების დასაცავად ვაწარმოებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპის მომავალთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ოჯახი მამისგან, დედისა და შვილებისგან შედგება. წერტილი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

16 სექტემბერს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ქალსა და კაცს შორის, რადგან ეს ზიარებაა, რომლის შეცვლა ეკლესიას არ შეუძლია.

„თუ ჰომოსექსუალებს სურთ უსაფრთხოდ იცხოვრონ, სახელმწიფოს აქვს სამოქალაქო შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს მათ, უზრუნველყოს მემკვიდრეობის, ჯანმრთელობის გარანტია.

ფრანგებს აქვთ კანონი ამის შესახებ, არა მხოლოდ ჰომოსექსუალებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ურთიერთობა ქორწინების გარეშე სურს, მაგრამ ქორწინება ქორწინებაა. ეს არ ნიშნავს ასეთი ადამიანების დაგმობას.

ისინი ჩვენი ძმები და დები არიან და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, თუმცა ქორწინება, როგორც ზიარება, სხვა რამეა. ჩვენ ყველას პატივი უნდა ვცეთ. უფალი კეთილია და ყველას გადაარჩენს, ჩვენ შეგვიძლია ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ გთხოვთ, ნუ აიძულებთ ეკლესიას თავისი სიმართლე უარყოს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

imedinews.ge

Share