Home » საზოგადოება » უნდა მოიხსნათ თუ არა პირბადე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ და შეგიძლიათ თუ არა წვეულებების გამართვაც

უნდა მოიხსნათ თუ არა პირბადე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ და შეგიძლიათ თუ არა წვეულებების გამართვაც

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად არაერთი აქტუალური კითხვა ისმის. საჭიროა თუ არა აცრილმა ადამიანებმა შემზღუდველი ზომების დაცვა ისევ გააგრძელონ? პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის შენარჩუნება და სხვებთან ხანგრძლივი კონტაქტის შეზღუდვა კვლავ ძალაში უნდა დარჩეს თუ არა?

ეს წესები ისევ უნდა დავიცვა?

ძირითადად კი. ამაზე არაერთი ორგანიზაცია საუბრობს, მათ შორის:

–    გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრო;
–    დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო;
–    კანადის იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული საბჭო;
–    აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი;
–    ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

თუმცა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დეტალური რეკომენდაციის თანახმად, შემზღუდავი წესების უგულებელყოფა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთმანეთს სრულად ვაქცინირებული ადამიანები ხვდებიან. მეტი თვალსაჩინოებისთვის, აღნიშნულმა დაწესებულებამ შექმნა სურათი, რომელშიც განმარტებულია, როდის შეიძლება უსაფრთხოების ზომებზე უარის თქმა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტსაც, რომ ვაქცინირებული ადამიანები შეხვდნენ არავაქცინირებულებს, თუ ისინი ერთად ცხოვრობენ. თუმცა მსგავს „შერეულ“ შეკრებებზე სხვა სივრცეში მცხოვრები აუცრელი ადამიანები არ უნდა იყვნენ. ეს ზრდის რისკს, რომ ისინი ერთმანეთს დააინფიცირებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, აუცრელ ადამიანებს დაავადების მძიმედ წარმართვის რისკი არ უნდა ჰქონდეთ. ამავდროულად, ისინი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად არ უნდა ცხოვრობდნენ.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? თუ ადამიანი აცრილია, მას ხომ ნამდვილად არ აქვს კოვიდი!

მთლად ასე ნამდვილად არ არის. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ვაქცინაცია ხელს უწყობს ინფექციის თავიდან არიდებას ან დაავადების უფრო მარტივად გადატანას. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს სანდო მონაცემები, რომ ვაქცინირებული ადამიანები ვირუსის ასიმპტომური მატარებლები ვერ იქნებიან. სავარაუდოა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ დაავადდნენ და ვირუსი სხვებსაც გადასდონ (თუმცა უკვე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ ეს ბევრად უფრო იშვიათად ხდება).

ეს იმას ნიშნავს, რომ გარანტირებულად დაცული არც ვაქცინირებული ადამინია?

ამ შემთხვევაში დაავადება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა თუ თქვენ გარკვეული სიმპტომები მაინც გამოგივლინდათ, აქ ორი ვარიანტი არსებობს: ან ვაქცინამ არ იმუშავა (100%-იანი ეფექტიანობა არცერთ ვაქცინას არ აქვს), ან ვირუსი ორგანიზმში მოხვდა მანამ, სანამ საკმარისი იმუნური დაცვა გამომუშავდა.

სხვათა შორის, თუ ვაქცინაციის შემდეგ 15 წუთზე მეტხანს ისაუბრეთ იმ პირთან, ვისაც შემდეგი 2 დღის განმავლობაში COVID-19 აღმოაჩნდა, თვითიზოლაცია და ტესტის გაკეთება აუცილებელი არ არის. თუმცა თუ რაიმე მიზეზით (მაგალითად, სამსახურებრივი აუცილებლობით) ჩაიტარეთ ტესტი და პასუხი დადებითი აღმოჩნდა, თქვენ უნდა დაიცვათ სიფრთხილის იგივე ზომები, რომლებსაც არავაქცინირებულები ითვალისწინებენ. ანალოგიურად უნდა მოიქცეთ, თუ აცრის მიუხედავად, COVID-19-ის სიმპტომები გამოგივლინდათ.

რა ეტაპზე შემიძლია ვიყო საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული?

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, რაც ვაქცინის ერთადერთი დოზა გაიკეთეთ (თუ ვაქცინა ერთკომპონენტიანია) ან მეორე დოზის შემდეგ (თუ ორკომპონენტიანია).

ყოველი შემთხვევისთვის, ვიმეორებთ: ვაქცინირებული ადამიანებისთვის ისევ არ არის რეკომენდებული ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვა და  თუ ეს შეუძლებელია, ატარეთ პირბადე (თუნდაც ქუჩაში).

წყარო: imedinews.ge

Share