Home » საზოგადოება » უმუშევრობის კომპენსაცია – რა სახის დახმარებას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა
უმუშევრობის კომპენსაცია - რა სახის დახმარებას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

უმუშევრობის კომპენსაცია – რა სახის დახმარებას ითვალისწინებს ახალი ინიციატივა

საქართველოში შესაძლოა უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდეს. ხელისუფლებას პროფკავშირებმა მიმართა ინიციატივით, რომ დაუსაქმებელ პირებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, პენსიის ან საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა გადაუხადონ. უფრო ზუსტად კი კომპენსაცია უნდა შეეხოს ადამიანს, რომელიც სამსახურიდან კომპანიის დახურვის, გაკოტრების, რეორგანიზაციის ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო გათავისუფლდა, მაგრამ დასაქმების სურვილი აქვს.

“უსამართლოა,  როდესაც, ადამიანი წლების განმავლობაში იხდის საშემოსავლო გადასახადს და ერთ დღესაც ის რჩება ყოველგვარი მატერიალური რესურსის გარეშე. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი როლი, არამხოლოდ კომპენსაციის გაცემის კუთხით, არამედ ხელახლა დასაქმების კუთხითაც “ – განაცხადა პროფკავშირების აპარატის უფროსმა ლაშა ბლიაძემ.

ასევე ლაშა ბლიაძე განმარტავს, თუ ბენეფიციარი 3-ჯერ იტყვის უარს სახელწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაო ადგილზე, კომპენსაციის მიწოდება შეუწყდება.

სპეციალისტების განმარტებით, უმუშევრობის კომპენსაცია ბევრ ქვეყნაში გამოიყენება, თუმცა საქართველოს ბიუჯეტიდან დღეისათვის მსგავსი ხარჯებისთვის თანხის მოძიება რთული იქნება. ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ქვეყანის პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს და არა უმუშევრობის კომპენსაციის მოდელის შემუშავება.

„განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2% მიდის უმუშევრების კომპენსაციაზე. ასე, რომ ჩვენი პრიორიტეტი არა უმუშევრების დახმარების პროგრამის მოდელირება, არამედ დამატებისთი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს“,  – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

პროფკავშირების ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უკვე დიდი ხანია მსჯელობის საგანია.

ოფიციალური სტატისტიკით, დღესდღეობით საქართველოში 240 ათასზე მეტი უმუშევარია.

წყარო: პალიტრა ნიუსი

Share