Home » ეკონომიკა » უმუშევრობა უმნიშვნელოდ შემცირდა – დასაქმება 9 წელია იზრდება, მოსახლეობა მაინც უმუშვერობას უჩივის
უმუშევრობა უმნიშვნელოდ შემცირდა – დასაქმება 9 წელია იზრდება, მოსახლეობა მაინც უმუშვერობას უჩივის

უმუშევრობა უმნიშვნელოდ შემცირდა – დასაქმება 9 წელია იზრდება, მოსახლეობა მაინც უმუშვერობას უჩივის

დასაქმება ბოლო 9 წელია იზრდება, თუმცა მოსახლეობა მთავრ პრობლემად კვლავ უმუშვერობას ასახელებს

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით,  ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება და ბოლო 13 წლის განმავლობაში უმუშევრობა საქართველოში ყველაზე დაბალია. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით მოხდა ბოლო 15 წლის მანძილზე მონაცემების ჩასწორება. უმუშევრობის გასული წლის მაჩვენებლები ემყარებოდა 2002 წლის მოსახლეობის აღწერას, ხოლო მიმდინარე წლიდან მაჩვენებლის გადათვლა მოხდა 2014 წლის აღწერის შესაბამისად. ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის დონე 2018 წლის პირველ კვარტალში 14%-ია, ხოლო გასულ წელს ხელახალი გადაანგარიშების შედეგად ამ მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა, მაშინ როცა ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი 2016 წლის მაჩვენებელი 11.8% იყო.

“2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით დაფიქსირდა მოსახლეობის რაოდენობის კლების ტენედენცია და იმავდროულად ურბანიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 52%-დან 56-57%-მდე გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის წილი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფელთან შედარებით. დაახლოებით 23%-ია ქალაქში და 5%-ის ფარგლებშია სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილის ზრდა, ბუნებრივია, ავტომატურად განაპირობებდა მთელ დინამიკურ მწკრივში უმუშევრობის დონის მაღალ მაჩვენებელს”, – აღნიშნა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

„საქსტატის“ მონაცემებით ტრადიციულად, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით. სოსო არჩვაძე ამბობს, რომ თვითდასაქმებულები დასაქმებული კონტიგენტის 3/5 ნაწილს შეადგენენ, დაქირავებით დასაქმებულები კი მხოლოდ 2/5-მდეა. თვითკმაყოფილების დიდი ნაწილი აგრარულ სექტორშია დასაქმებული. შედარებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 85%-ია, ხოლო თვითდასაქმებულთა 15%, საქართველოში თვითდასაქმებულების ნაწილი 4 ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ევროკავშირში.

უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია თბილისში, აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, შემდეგ იმერეთის რეგიონში – 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში – შესაბამისად 2.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარის ა.რ-ში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, შესაბამისად 5.8 და 3.4 პროცენტული პუნქტით.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (29.6 პროცენტი). ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.

ბოლო 9 წელია იზრდება დასაქმება, 2017 წლის უმუშევრობის დონე 13 წლის მინიმუმია, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, რომ მოსახლეობის მთავრ პრობლემას კვლავ უმუშევრობა წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობის 60% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს – ამის შესახებ NDI-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. რვა წლის წინ თავს უმუშევრად მოსახლეობის 70%-ზე მეტი თვლიდა, ახლა ეს მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა. რა იწვევს უზარმაზარ სხვაობას ოფიციალურ მონაცემებსა და გამოკითვების შედეგად დამდგარ შედეგებს შორის? ის მეთოდოლოგიით, რომლითაც უმუშევრობის დათვლა ხდება, განვითარებად ქვეყნებში არ წარმოაჩენს რეალურ სურათს. ამასთან მოსახლეობის უმრავლეობას აქვს დაბალანაზღაურებადი ან/და არასტაბილური სამუშაო, რა დროსაც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევენ. ასე მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით დეკლარირებული შემოსავალი მხოლოდ 1.18 მილიონ ადამიანს აქვს, მათ 20%-ს (230,000 მოქალაქეს) 2017 წლის განმავლობაში 1200 ლარზე, ანუ თვეში საშუალოდ 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. 120,000 მოქალაქეს წელიწადში 1200-2400 ლარი ანუ თვეში საშუალოდ 200 ლარზე ნაკლები ჰქონდა. მცირეა იმ ადამიანთა რიცხოვნობა, ვინც შედარებით მდიდარია და წელიწადში 60,000 ლარზე მეტი (თვეში 5,000 ლარზე მეტი) შემოსავალი აქვს. ასეთი საქართველოში 9,614 პირია, მათი რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.6%-ია.

მერაბ ჯანიაშვილი

 

[poll id=”5″]
Share