Home » საზოგადოება » „უკვე დღესავით ნათელია, რომ ამ პროტესტს აღარაფერი აქვს საერთო არც გარემოზე ზემოქმედებასთან, არც ფლორასთან და არც ფაუნასთან“

„უკვე დღესავით ნათელია, რომ ამ პროტესტს აღარაფერი აქვს საერთო არც გარემოზე ზემოქმედებასთან, არც ფლორასთან და არც ფაუნასთან“

“უკვე დღესავით ნათელია, რომ ამ პროტესტს აღარაფერი აქვს საერთო არც გარემოზე ზემოქმედებასთან, არც ფლორასთან და არც ფაუნასთან”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი “ნამახვანჰესის” მშენებლობასთან ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.

გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ძალიან სამწუხაროა, რაც დღეს რიონის ხეობაში ხდება. სამწუხაროა, რომ ისევ გრძელდება პროტესტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის, “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ გაიზიარა საზოგადოების პროტესტი და არსებით საკითხებზე ეფექტური შემხვედრი ნაბიჯები გადადგა.

1) გადავადდა ჰესის ყველა ძირითადი ნაგებობის (კაშხლის, წყალსაცავის) მშენებლობის პროცესი;

2) დაიწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ყველა დოკუმენტის გადასინჯვა, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

მიუხედავად ამისა, ერთი მისხალითაც არ შეცვლილა პროტესტის ხარისხი. რატომღაც ფლორასა და ფაუნაზე “გულშემეატკივარი” ადამიანების პროტესტმა, მოულოდნელად პოლიტიკური შინაარსი შეიძინა. ამ ადამიანებს უკვე არაფრის მოსმენა აღარ უნდათ – კომპანიის წარმომადგენლის ნაცვლად, პრემიერმინისტრთან ლაპარაკს ითხოვენ, სპეციალისტებთან საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, ეკონომიკის მინისტრის გადაყენება უნდათ და ა.შ.

შესაბამისად, უკვე დღესავით ნათელია, რომ ამ პროტესტს აღარაფერი აქვს საერთო არც გარემოზე ზემოქმედებასთან, არც ფლორასთან და არც ფაუნასთან. რეალურად საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ და მართულ პროცესთან.

ენით აღუწერელი ვირიშვილობაა, როცა გარემოს დამცველების სტატუსს ამოფარებული მაიმუნები  ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ შიდა რესურსების ათვისებას სხვაზე დამოკიდებულება სჯობია. ადგილობრივ წარმოებაზე უფრო მომგებიანი იმპორტია. მყარ და სტაბილურ განვითარებას, თურმე ქაოტური და გაუგებარი პერსპექტივა სჯობს და ა.შ. მოკლედ, ამ “მწვანეებს” თავიანთი “აზრის პოლიცია” აქვთ შექმნილი და ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ ხალხში არასწორი განწყობების დათესვას.

ასევე ვირიშვილობაა, როდესაც ადამიანების გულწრფელ პროტესტზე ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე ჯგუფები ხელის მოთბობას ცდილობენ. მთელი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ადასტურებს, რომ “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმართული პროტესტი თავიდან ბოლომდე მართულია. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც დიდი ენერგოობიექტების მიმართ გარკვეული უკმაყოფილება აქვთ. მათთან ინტენსიური კომუნიკაცია არის საჭირო, კარგად უნდა აიხსნას რაში გვჭირდება ჰესები, რა პრობლემები გვექნება ჰესების გარეშე, რა რისკებს შეიცავს, რა ბენეფიტები აქვს და ა.შ.

რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ “ნამახვანჰესის” პრობლემა. ზოგადად, ჰესების წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. სინამდვილეში ღიად და დაუფარავად თვალყურს ვადევნებთ როგორ ილახება ქვეყნის ინტერესები, როგორ ყალიბდება ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობები. საგანგაშო კი ის არის, რომ გულხელდაკრეფილები ვუყურებთ ამ მარაზმს და ჯერ ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესს ხელს ვერ ვუშლით”, – წერს გვიდიანი.

Share