Home » მსოფლიო » უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა

უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა

უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის მთავრობის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც 8 თებერვლითაა დათარიღებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში არ დაიშვება კოვიდ 19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია და / ან წარმოებულია რუსეთში.

შეგახსენებთ, უკრაინაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება. 30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინური Sinovac-ის ვაქცინის 1.9 მილიონი დოზის მიღების შესახებ.

ამასთან, თებერვალში ქვეყანა, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 117 000 დოზას მიიღებს. თებერვლის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე კი უკრაინაში 2.2-3.7 მილიონი დოზა AstraZeneca/Oxford-ის შეტანა იგეგმება.

5 თებერვალს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დამტკიცებულია AstraZeneca და Novavax– ის მიერ წარმოებული ვაქცინების 12 მილიონი დოზის შეტანის საკითხიც.

Share