Home » ბიზნესი » უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია
უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

უხარისხო საწვავი თუ მცირე კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ზოგიერთი არაბრენდული კომპანია უხარისხო საწვავს ყიდის. ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა “რადიო პალიტრას” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ხარისზე ეჭვს ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს.

„დღეს ბევრი ოპერატორი ოპერირებს, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროდუქტი შემოდის და ხშირ შემთხვევაში იმაზეა საუბარი, რომ ეს პროდუქტი არასტანდარტულია. უხარისხო პროდუქტი არის იმის გარანტი, რომ ფასი შედარებით ნაკლები იქნება ან ზომა-წონაში მოგატყუებენ. რიგი კომპანიები, არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები მომხმარებელს იმ კუთხით ატყუებენ, რომ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქტს ყიდიან და მათ შორის ზომა-წონაშიც იტყუებიან. შიდამონიტორინგზე დაყრდნობით 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში უხარისხო საწვავი იყიდება”, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა

რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში მოხვდეს უხარისხო საწვავი, ამ კითხვით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსს, პაატა ბაირახტარს მივმართეთ.

ანალიტიკოსის აზრით ბრალდება აბსურდულია და ის კონკრეტული, ბიზნეს სუბიექტების ინტერესებს ემსახურება.

„იმის თქმა, რომ არაბრენდირებულ ბენზინ გასამართ სადგურებზე უხარისხო საწვავი იყიდება, მსუბუქად რომ ვთქვათ, სიცრუეა. ვინაიდან, ქვეყანაში შემოსვლისას ნებისმიერი ტიპის საწვავი გადის შემოწმებას საზღვარზევე და თუ ის ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, უბრალოდ ვერ გადმოკვეთს საზღვარს. ამას გარდა, ეტაპობრივად შემოწმებებს ატარებს გარემოს დაცვის სამინისტროც და ამოწმებს როგორც ბრენდირებულ ისე არაბრენდირებულ კომპანიებს. ასერომ ქვეყანაში სტანდარტებთან შეუსაბამო საწვავის შემოტანა–რეალიზაცია პრაქტიკულად გამორიცხულია. დღეს ბაზარზე მეტ–ნეკლებად შეინიშნება კონკურენტული გარემო და პატარა კომპანიები ცდილობენ დიდ და ბრენდულ კომპანიებს კონკურენცია გაუწიონ, მეორე საკითხია რამდენად გამოსდით ეს, ვინაიდან მათი წილი ბაზარზე საკმაოდ მცირეა, მაგრამ წლების წინ ეს კონკურენციაც არ გვქონდა. ჩემი აზრით სწორედ პატარა კომპანიების დისკრედიტაციას ემსახურება მსგავსი განცხადებები.

რაც შეეხება ზომა-წონაში მომხმარებლის მოტყუებას, ამ მიმართულებითაც მკაცრი კონტროლია, შემოსავლების სამსახური საკმაოდ ეფექტურად აკონტროლებს კომპანიებს. თუ მსგავს დარღვევებს ადგილი მართლაც ქონდა ერთეულ შემთხვევებში, ეს შესაძლოა მოხდა, კონკრეტული კომპანიის, თანამშრომლების არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად, მაგრამ იმის თქმა, რომ არაბრენდირებულ  ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებელს მასობრივათ ატყუებენ ეს ჩემი აზრით გადაჭარბებულია,“ – განაცხადა ბაირახტარმა.

Share