Home » ბიზნესი » უკანონო ლობირება არშემდგარ სახელმწიფოში
უკანონო ლობირება არშემდგარ სახელმწიფოში

უკანონო ლობირება არშემდგარ სახელმწიფოში

თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში პროგრესს კონკურენცია უზრუნველყოფს. ინდივიდები და ბიზნესსტრუქტურები ერთმანეთს ეჯიბრებიან ძირითადად კანონიერი, დროდადრო უკანონო გზებით. საბოლოო ჯამში ამა თუ იმ პიროვნების თუ ბიზნესსტრუქტურის წარმატებას ეფექტურ მენეჯმენტთან და სხვა კომპონენტებთან ერთად ლობირებაც განაპირობებს.

ლობირება ცივილიზებულ ქვეყნებში კანონმდებლობით რეგულირდება. შედარებით უკეთ ამ მიმართულებით საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია ორგანიზებული. საქართველოში კანონი არსებობს, 1997 წელს მიღებული კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ, რომელიც მოამზადა ჯგუფმა პარლამენტარ გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, თუმცა, კანონის შესაბამისად ამ სფეროს და ამ სახის საქმიანობის დარეგულირება არ მომხდარა. შეიქმნა რამდენიმე ასეთი კომპანია და მათ შორის გამორჩეული იყო ,,პირველი ლობი”, რომელსაც ირაკლი მელაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს კომპანია ძირითადად ,,ეიეს თელასის”, ამერიკული კომპანიის მომსახურებით იყო დაკავებული. სულ მალე კანონიც ყველამ მიივიწყა და აღარც ლობისტური კომპანიები არიან არენაზე. ეს, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ლობისტურ საქმიანობას საქართველოში არავინ ეწევა. ბუნებრივია, ბიზნესინტერესები არ არსებობს ლობიზმის გარეშე, ასეთი საქმიანობა მიმდინარეობს და ძირითადად უკანონო სივრცეშია გადატანილი, რასაც კორუფციის სუნი უდის.

სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების უსუსურობა და ფარული ლობირებით გადაქელილი ეროვნული ინტერესები
სამაგიეროდ ,,ძლიერნი ამა სოფლისანი”, განსაკუთრებით გავლენიანი საელჩოებით და უცხოელი ემისრებით გულმოცემულნი არად დაგიდევენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, არად აგდებენ მართლაცდა შეჭირვებულ ქართულ მართლმსაჯულებას და განუკითხაობის ატმოსფეროში ერთმანეთზე მეტად განსაცვიფრებელ შედეგებს აღწევენ. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა როგორც იქნა ნავთობიმპორტიორი კომპანიები დააჯარიმა, შეთანხმებული ფასებისთვის, სულ 55 მილიონი ლარით. და თქვენ რა გგონიათ? გადაიხადეს? ნურას უკაცრავად!

მძლეთამძლე ,,სოკარი”
,,ორი პრეზიდენტის ბიზნესი”, როგორც მას უწოდებდნენ საქართველოში სააკაშვილის ზეობის დროს, ისევ განუკითხავად სარგებლობს რეალური მონოპოლიის სიკეთით, გაზის სფეროში გნებავთ, თუ ნავთობპროდუქტების. ჩანს ამჯერადაც აამოქმედა ფარული ლობირების ბერკეტები და სასამართლომ ბათილად ცნო ,,სოკარზე” დაკისრებული 14 მილიონიანი ჯარიმა. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა. სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგაენტოს დასკვნა იმის შესახებ, თითქოს ,,სოკარმა” კონკურენციის კანონმდებლობა დაარღვია და საქმე ხელახალი შესწავლის ისევ სააგენტოში დააბრუნა. სხვა კომპანიებიც დაობენ, მაგრამ ,,სოკარს” პირველ რიგში დაუდრიკა ქედი უზენაესმა სასამართლომ. ყველა მოიგებს სასამართლოებს, მაგრამ პირველ რიგში მოიგო ,,სოკარმა”. ნავთობკომპანიები ხომ მძლეთამძლენი არიან.
,,გალფი” 11,2 მილიონითაა დაჯარიმებული და განა მას აკლია ფარული ლობისტები ამ ხელისუფლებაში, კეზერაშვილის ბიზნესს, ანუ სააკაშვილის ბიზნესს, რომელიც დღეს რუსეთში მოღვაწე იაკობაშვილის ბიზნესადა არის ცნობილი. ახლა ეძებე ქარწაღებულები და არკვიე, მართლა იყიდა კეზერაშვილ-სააკაშვილისგან იაკობაშვილმა ,,გალფი”, თუ უბრალოდ ,,შეუნახა”?
ასე რომ, ლობისტები თავის საქმეს აკეთებენ, თან უკანონოდ, ამასთან ფარულად, რის უკანაც ან ივანიშვილის ნება იკითხება, ან უფრო უარესი – კორუფცია.

ნიკოტინმაც ,,ტკბილი ფული იცის”
პარლამენტმა რეპუტაციის გამოსასწორებლად თამბაქოს წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯი გადადგა – შეფუთვის უნიფიცირება გადაწყვიტა 2018 წლიდან. ეს, მოგეხსენებათ, ხარჯია და შემცირებული მოგება. ჩანს, დატრიალდნენ ,,მეთამბაქოეები” და კანონის ამოქმედება 2022 წლამდე გადაიდო. ბუნებრივია, არც ეს საქმე მოხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე ლობირების გარეშე. ახლა, ბიძინა ივანიშვილს მაგათი ფული არ უნდა, მაგრამ ხომ არიან სხვებიც?

მძლეთამძლე ფადი
2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკამაყოფილა ,,თბილისის თამბაქოს” სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების – ,,ფილიპ მორის ეს ეი”-ს და ,,ფილიპ მორის საქართველოს” მიმართ და მათ ,,თბილისის თამბაქოს სასარგებლოდ” 93 მილიონამდე ლარის გადახდა დააკისრა.

ჩვენ, ბუნებრივია, გულუბრყვილოები არ ვართ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ,,თბილისის თამბაქომ” სასამართლოში ,,გააიმასქნა” ეს საქმე. მაგრამ, მოდი, დავუშვათ, რომ სასამართლომ ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დემპინგი ანუ რეალურზე დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვას მართლაც ჰქონდა ადგილი. მაშინ რატომ ამუშავდა ,,მძიმე არტილერია”, ფადი ასლი, ამერიკის სავაჭრო პალატა და ფაფუ – გადაწყვეტილება გაუქმებულია. ცხადია ბატონი ფადი მარტივი ფიგურა არ გახლავთ, მას ქართველები მორიდებით და ნაზად დიდი ხანია ეძახიან ,,ბარკლების მეფეს”. ბუნებრივია, ის ავტორიტეტული პიროვნებაა, მაგრამ მხოლოდ თავისი სახელით როდი მოქმედებს, როცა რამეს ფადი ასლი აპროტესტებს, ეს მიკლუხო მაკლაისა და პაპუასების დიალოგს ემსგავსება და მძლეთამძლე ფადი მთელი დასავლეთის, უფრო მეტიც, მთელი ცივილიზებული ბიზნესის უანგარო ემისარი ხდება. არადა, ვინ ვინ და ფადი ასლიმ კარგად იცის საქართველო. ლიბანური წარმოშობის ამერიკელი თავისუფლებასთან ერთად შემოვიდა საქართველოში და დღემდე დაჩაგრულ ბიზნესებს უანგაროდ ეხმარება.

დავუშვათ ასეა!
არის თუ ეს კანონიერი ლობირება მოცემულ შემთხვევაში უცხოური კომპანიების? წესით და რიგით ქართულ და უცხოურ კომპანიებს თანასწორი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, ფადი ასლი კი თავისი ჭარბი წონით ისედაც გასავათებულ და გაძვალტყავებულ ქართულ კომპანიებს ჩაგრავს.

სხვა საქმეა, რომ ,,ქართულ თამბაქოს” ასევე დაუშვებელი მეთოდებით და ასევე უკანონო ლობირებით, შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ასეა თუ ისეა, ყველა შემთხვევაში ამდაგვარი ლობირებანი უკანონოა, რაც წესად იქცა თანამედროვე საქართველოში.
ბატონებო, მეგობრებო, ამხანაგებო – უკანონო ლობირება აკანონებს კორუფციას.

აამუშავეთ კანონი ლობირების შესახებ.
ან მიიღეთ ახალი კანონი.
სხვა შემთხვევაში ტერიტორია სახელად საქართველო ვერასდროს ჩამოყალიბდება ცივილიზებულ სახელმწიფოდ.

ბექა ციხისელის ბლოგი

 

Share