Home » ეკონომიკა » უცხოური ინვესტიციების კლება – ინვესტორებისთვის ყვითელი სიგნალი?
უცხოური ინვესტიციების კლება - ინვესტორებისთვის ყვითელი სიგნალი?

უცხოური ინვესტიციების კლება – ინვესტორებისთვის ყვითელი სიგნალი?

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის Iკვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარმონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატში აცხადებენ, რომ შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას სექტორულ ჭრილში თუ შევხედავთნათელია, რომ შემცირებაა ტრანსპორტის სექტორში,“ – ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე აკეთებს.  ტრანსპორტის სექტორში შემცირების გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32,9%-ით შემცირებას მინისტრის მოადგილე ერთ-ერთი გაზსადენის პროექტის დასრულებასაც უკავშირებს. „ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ BP-ს მიერ გაზსადენის მშენებლობის პროექტი დასასრულს უახლოვდება და მოსალოდნელიც იყო, რომ წელს ამ მიმართულებით კლება გვექნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის მასშტაბები ძალიან დიდი იყო. და ამ პროექტის დასრულებისკენ სვლამ შეამცირა უცხოური ინვესტიციები ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სახელმწიფო უწყებებისგან განსხვავებით საქასტატის მონაცემში უცხოელი ინვესტორებისთვის ყვითელ ნიშანს ხედავს ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე.

„როდესაც უცხოური ინვესტიციები მცირდება ეს შესაძლოა სხვა ინვესტორებისათვის ყვითელი ფერის გაფრთხილება იყოს. ისინი გაცილებით მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას,“ – განაცხადა არჩვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ მონაცემს არჩვაძე მიიჩნევს, რომ ბოლო 16 კვარტლის, ანუ ფაქტობრივად 4 წლის მანძილზე, აღნიშნული მონაცემი 2014 წლის მეორე კვარტლის შემდგომ ყველაზე დაბალია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული დაფიქრებისა და განსჯის საფუძველს იძლევა.

„ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მესაკუკთრეთა ცვლილება მოხდა და ის კაპიტალი რომლის ინვესტირებასაც უცხოელები ახორციელებდნენ ადგილობრივი რეზიდენტების ხელში გადავიდა,“ – განმარტავს ეკონომიკის დოქტორი.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე აცხადებს,,რომ    განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით ლიდერობს გაერთიანებული სამეფო (82.7მლნ დოლარი), სამეულში შედის აზერბაიჯანი (51 მლნ დოლარი) და ჩინეთი (41.6 მლნ დოლარი). ხუთეულს აბოლოებს ნიდერლანდები (32.3 მლნ დოლარი) და აშშ (23.8 მლნ). ასევე, პირველ კვარტალში ინვესტიციების მნიშვნელოვანი მოცულობა განხორციელდა ლუქსემბურგიდან (18.6 მლნ) და პანამიდან (16.9 მლნ).

როგორც აბულაძე აცხადებს,  საინვესტიციოდ მიმზიდველობას ინარჩუნებს საფინანსო სექტორი (110.6 მლნ), მშენებლობის სექტორი (69.1 მლნ) და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი (40.2 მლნ). ამასთან, ინვესტორების ინტერესები შემცირდა სოფლის მეურნეობისა და კავშირგაბმულობის სექტორის მიმართ.

მისი ინფორმაციით, სამწუხაროდ, ბოლო შვიდ წელიწადში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. „გავიზიარებ საქსტატის შეფასებას, რომელიც შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზად მიიჩნევს რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას. თუმცა ასევე, აღვნიშნავ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა კვლავ რჩება ხელისუფლებისათვის რთულ ამოცანად, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრასტის გამო-აცხადებს რატი აბულაძე.

როგორც ეკონომიკის დოქტორი აცხადებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირდაპირიუცხოური ინვესტიციების შემცირება პირდაპირ კავშირშია:

  • ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება უცხოელი ინვესტორების ნდობისა და მათი ინტერესების შემცირების ერთგვარი სიგნალია. იგი ასახავს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის ზრდის არაეფექტიან მიდგომებს (ცალკეულ სფეროში);
  • ეკონომიკის სექტორების მიმზიდველობასთან. აღმასრულებელი უწყებები ეფექტიანად ვერ ახდენენ ეკონომიკის სექტორების საინვესტიციო პრომოუშენს, დროულად ვერ ამთავრებენ პროექტებს, აგვიანებენ რეფორმირების პროცესებს. მაგალითად, მსოფლიოში, კავშირგაბმულობის სექტორი, ინტერნეტ სივრცე და ბაზარი არის მომგებიანი და საინვესტიციოდ მიმზიდველი სფერო. საქართველოში, გამომდინარე იმისა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ დასრულდა, ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს;
  • საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობასთან. საინვესტიციოდ მიმზიდველი გასაყიდი ობიექტების შემცირებასთან;
  • მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ ფონთან. ქვეყანაში მცირეა საშუალო კლასი, დიდ ნაწილს აქვს დაბალი შემოსავლები ან ვალი. ინვესტორები მხედველობაში იღებენ მცირე ბაზარს, დაბალი მსყიდველობითუნარიანობას და ეკონომიკური პროგრამების სუსტ ეფექტს;
  • გეოპოლიტიკურ რისკებთან, პოლიტიკურ გაურკვევლობასთან;
  • ეკონომიკური დიპლომატიის მასშტაბებთან

ჯამში, აღვნიშნავ, რომ ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი, იმისათვის, რომ ამაღლდეს ქვეყნის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს უცხოური და შიდა საინვესტიციო აქტივობა. თუმცა, ამ ყველაფერს ხელს უშლის საკადრო პოლიტიკა და კადრების „ჩაძირვის სისტემა“.

საქართველოში ყველაზე წარმატებული პოლიტიკა ეს არის საზოგადოებრივად და აკადემიურად აქტიური რესურსის „ჩაძირვის პოლიტიკა“, რაც ძველი ძალაუფლების შენარჩუნებისა და მოძრაობაში მოყვანის ტექნოლოგიაა. „ჩაძირვის პოლიტიკის“ საფუძველზეც ქვეყანაში ნარჩუნდება:

  • ცვალებადი და არამყარი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრასტი;
  • პოლიტიკური და ინფორმაციული ქაოსი;
  • კადრების დეფიციტი, სადაც შესაძლებლობების ზღვარი მხოლოდ ძველ პოლიტიკურშესაძლებლობებზე გადის;
  • მმართველობითი და პოლიტიკური აზრის სასურველი მიმართულებით ფორმირება დაკონტროლი (ასეთი მოცემულობა ქმნის ქართულმმართველობით ბუფერს“);

„ჯამში, „ჩაძირვის პოლიტიკა“ სასიკეთო გავლენას არ ახდენს ევროპული და ევროალანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საინვესტიციო პოტენციალის ათვისებასა და უცხოელი ინვესტორების აქტივობაზე. სწორედ ჩაძირვისა და ვადაგასული პოლიტიკის მიზეზია ქვეყნიდან ადამიანური რესურსის (სხვა რესურსიც) გადინება, საზოგადოების დაბალი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

დაბოლოს, ქვეყანას გააჩნია რესურსი შექმნას ახალი პოლიტიკური გარემო, რომელიც სახელმწიფო პროგრამებითა და ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს უცხოური ინვესტიციების ზრდას, ქართული კაპიტალდაბანდებისა და შიდა ინვესტირების გააქტიურების პირობებს. სწორედ, ამიტომ ახალი პოლიტიკური რესურსი და ქარიზმატული ენერგია გახდება ქართული ეკონომიკის ზრდისა და საზოგადოების აქტივიზების „ლოკომოტივი“ -აცხადებს რატი აბულაძე.

კავკასიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე შოთა ბუჩუქური აცხადებს, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციემა 279,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით ნამდვილად არაა სახარბიელო მაჩვენებელი. მიუხედავად საქსტატის მიერ გაკეთებული განმარტებისა, რომ ინვესტიციების შემცირება რამდენიმე მსხვილი საწარმოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლითა და ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებითაა გამოწვეული, დაფიქსირებული მაჩვენებლები მაინც საყურადღებოა და ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით მეტ ინიციატივებსა და მუშაობას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 32%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

ბუჩუქურის ინფორმაციით, იმის ფონზე, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა, ინვესტიციების შემცირება დადებითად ნამდვილად არ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და, შესაბამისად, ამ პრობლემების გადაჭრაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ჩვენი მოწინავე ეკონომიკური პარტნიორების მხრიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან განხორციელებული ინვესტიციები, ხოლო თითქმის გაორმაგდა რუსული ინვესტიციები.

„რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე თვალშისაცემი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ასევე უძრავი ქონების სექტორებში დაფიქსირებული შემცირებაა. იმის ფონზე, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი სწორედ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდიოდა, ეს ნამდვილად საყურადღებო სიგნალი უნდა იყოს. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ განხორციელებული ინვესტიციების დიდი ნაწილი კვლავ დედაქალაქზე მოდის და, შესაბამისად, ძირითადი  ეკონომიკური აქტივობა სწორედ თბილისში ხდება, ხოლო რეგიონებში ამ მხრივ არც ისე კარგი ვითარებაა.

ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, რომ მხოლოდ ის ღონისძიებები, რასაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ატარებს, არაა საკმარისი და საჭიროა, რომ მთავრობამ მეტი ძალისხმევა მიმართოს საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად, რაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ლარის კურსის სტაბილურობას, ხოლო მეორე მხრივ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში“-აცხადებს ბუჩუქური.

cbw.ge

Share