Home » ბიზნესი » უცხოურ ბანკებს საქართველოს ოლიგოპოლიური ბაზარი აშინებთ
უცხოურ ბანკებს საქართველოს ოლიგოპოლიური ბაზარი აშინებთ

უცხოურ ბანკებს საქართველოს ოლიგოპოლიური ბაზარი აშინებთ

უცხოური ფინანსური ინსტიტუტების შემოყვანაზე მხოლოდ დაპირებებია

,,საქსო ბანკი’’ საქართველოში ფილიალის გახსნას არ აპირებს. ქვეყანაში არც ყოფილი პრემიერის მიერ დაპირებული უდიდესი საინვესტიციო ჯგუფი ,,ჯიპი მორგანი’’ შემოსულა. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოს პატარა და ოლიგოპოლიური ბაზარი უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ჯერჯერობით, საინტერესო არ არის, შესაბამისად რომელიმე მათგანის ფილიალით შემოსვლაზე საუბარი მხოლოდ თავის მოტყუებაა.

ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური კომპანია ,,საქსო ბანკი’’ საქართველოში შემოსვლას გეგმავდა. თუმცა, ,,საქსო ბანკის’’ თანადამფუძნებელმა ლარს სეიერ კრისტენსენიმ ,,ბანკებსა და ფინანსებს’’ განუცხადა, რომ საქართველოში ფილიალის გაკეთება მათ გეგებში არ შედის. ,,საქსო ბანკს’’ 26 ქვეყანაში აქვს ფილიალი საქართველოს ბაზარი კი მათთვის ძალიან პატარა და ნაკლებად განვითარებული აღმოჩნდა.

,,საქსო ბანკის’’ საქართველოში შემოსვლა ქართულ კომპანიებთან პარტნიორობით ამოიწურება. კერძოდ, ,,გალტ & თაგარტმა” ამ ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად ონლაინტრეიდინგის პლატფორმა გაუშვა. ნებისმიერ ადამიანს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში შეეძლება მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე აქციებით ივაჭროს. ამასთანავე, ,,საქსო ბანკის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ქართველი ბიზნესმნებისთვის ,,ფანჯარას’’ გააკეთებს, რათა დაინტერესების შემთხვევაში ქართული აქციები უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ამასთანავე, ცნობილია, რომ ბაზარზე ახლადშემოსული კომპანია ,,პირადი ბანკირი”, რომელიც დაგროვების მართვის სფეროში საქმიანობს ,,საქსო ბანკთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. პარტნიორობაზე შეთანხმების შემთხვევაში ,,პირადი ბანკირს’’ კლიენტებს ,,საქსო ბანკის’’ პროდუქტებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

რაც შეეხება უდიდეს ფინანსურ ჯგუფს ,,ჯიპი მორგანს’’, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ, 2013 წელს განაცხადა, რომ ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოში ,,ჯიპი მორგანს’’ შემოიყვანდა. ამ განცხადებიდან ცოტა მოგვიანებით დავოსის ეკონომიკური ფორუმიდან დაბრუნებულმა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი დავოსში ,,ჯიპი მორგანის’’ პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც საქართველოსთან თანამშრომლობის მზად ყოფნა გამოთქვა. ,,ჯიპი მორგანი” სუვენერული ფონდის მთავარი პარტნიორი უნდა გამხდარიყო. თუმცა, საქართველოში არც ,,ჯიპი მორგანი” უნახავს ვინმეს და არც სუვერენული ფონდი.

გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელის საქართველოს საბანკო სივრცეში ახალი უცხოური ბანკი არ გამოჩენილა, რომელიც რამდენიმე ბანკის მონოპოლიას დაანგრევდა და ბიზნესს კონკურენტულ საბანკო პროდუქტებს შესთავაზებდა.

ბოლო პერიოდში საბანკო სივრცეში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, მსხვილი ბანკები კიდევ უფრო გამსხვილდნენ. “პროგრეს ბანკის” საკონტროლო პაკეტი კი 78,21% პანამაში რეგისტრირებულმა PINTEX GROUP CORP-მა იყიდა, ხოლო ბანკის 21.71% ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. მანამდე, ,,საქართველოს ბანკმა’’ ,,პრივატბანკი შეიძინა. უფრო ადრე კი “კონსტანტა” – “თიბისი ბანკმა”.

ამ დროისთვის საქართველოში 19 ბანკია. მათი მთლიანი აქტივები 24,4 მილიარდი ლარია. სექტემბერ-ოქტომბერში საბანკო სექტორის მთლიანმა შემოსავალმა 2,643 მილიარდი შეადგინა. წმინდა მოგების მაჩვენებელმა კი 377 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში კონკურენციის დეფიციტია, ვინაიდან მთელ ბაზარს, ფაქტობრივად, 3-4 ბანკი ინაწილებს. ბაზრის 79%-ს მხოლოდ 4 ბანკი ფლობს, დანარჩენი 21% კი – 15 ბანკზე ნაწილდება, რომელთა ძირითადი ფუნქცია (აზიური ბანკები) ფულის გატარებაა.

საბანკო სპეციალისტის, ლია ელიავას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს საბანკო სექტორი ოლიგოპოლიურია და ასეთ პირობებში რაიმე კონკურენციაზე საუბარი საერთოდ ღიმილის მომგვრელია. “ოლიგოპოლიური ბაზარი ეფექტური არასდროს არის. იგი თავისი საქმიანობით ვნებს სხვა სექტორებს. ბუმბერაზი ბანკები სხვა კომერციული ორგანიზაციებს განვითარების საშუალებას არ მისცემენ”, – ამბობს ლია ელიავა და დასძენს, რომ ამიტომაცაა, რომ საქართველოს საბანკო სექტორის კარი არც ერთი განვითარებული ქვეყნის ბანკს არ შემოუღია. პირიქით, რამდენიმე წლის წინათ ბრიტანულმა ბანკმა HTBC საქართველო დატოვა.

,,შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ HTBC აქედან გააგდეს, ვინაიდან იგი დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე მუშაობდა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ ვერ ეგუება ოლიგოპოლიური ბაზარი განსხვავებულ წესს. საბანკო სექტორის წარმომადგენლებისგან პირადი საუბრებისას მსმენია – მზად ვართ ვიმუშაოთ დაბალ საპროცენტო განაკვეთებზე, მაგრამ პირობები არ გვიწყობს ხელსო. ოლიგოპოლიურ ბაზარზე წვრილი ბანკები მსხვილი ბანკების მომსამსახურები არიან”, – ამბობს ლია ელიავა.

ეკონომიკის დოქტორი დავით ასლანიშვილი კი მიიჩნევა, რომ საქართველოს ფინანსური ბაზარი ძალიან პატარაა. საკმაოდ კარგად არის განვითარებული საბანკო სექტორი და ამ შემთხვევაში სხვა ბანკისთვის ნიშა აღარ რჩება.

,,შესაბამისად მათ ინტერესი არ აქვთ, რომ აქ ფული დააბანდონ’’, – ამბობს დავით ასლანიშვილი და აღნიშნავს, რომ უცხოური ფინანსური ორგანიზაციებისთვის არც რეგიონული ფილიალის გახსნაა საინტერესო, ვინაიდან საქარველოზე უკეთესი ვითარება არც სომხეთშია, ხოლო აზერბაიჯანული ბაზარი სპეციფიკურია, თან ნავთობის ფასები დავარდა.

 

მაკა ვარადაშვილი

Share