Home » ბიზნესი » უცხოელი ტურისტები ქართულ სასტუმროებს გაურბიან
უცხოელი ტურისტები ქართულ სასტუმროებს გაურბიან

უცხოელი ტურისტები ქართულ სასტუმროებს გაურბიან

ტურისტულ რეგიონებში პატარა სასტუმროების უმეტესობას ხარისხის პრობლემა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ეტიკის” ინფორმაციით, ყოველი ათიდან ოთხ სასტუმროში მომსახურების დონე ძალიან დაბალია. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, კვლევის ავტორების შეფასებით, სასტუმროების დირექტორების ნაწილმა არ იცის, როგორ გამოასწოროს ხარვეზი, ბევრს – ამის სურვილიც არ აქვს.

ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო კამპანიაში ქვეყანა მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ არსებული ხარვეზის გამოსწორებას არავინ ფიქრობს. სასტუმროების უხარისხო, ფასთან შეუსაბამო მომსახურება უკვე კვლევებითაც დასტურდება.

სპეციალისტების განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს სასტუმროების სერტიფიცირებისა და ლიცენზირების ორგანო, რაც მომსახურების ხარისხს განაპირობებს. ამდენად, როგორც ექსპერტები განმარტავენ, დიდია შეუსაბამობა ფასსა და ხარისხს შორის, რაც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა.

როგორც აღმოჩნდა, სასტუმროების თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ ენის ბარიერი აქვთ, კლიენტების მომსახურებისას ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ეტიკის” ხელმძღვანელის, ამირან შენგელიას ინფორმაციით, გაცილებით მეტი პრობლემა ზღვისპირა კურორტებზეა, განსაკუთრებით ქობულეთში, სადაც სასტუმროების მომსახურე პერსონალი შესაბამის კვალიფიკაციას არ ფლობს.

როგორც შენგელია აცხადებს, ხშირია შემთხვევა, როცა სასტუმროების თანამშრომლებს არ აცვიათ უნიფორმა, არ იციან არცერთი უცხო ენა და მომხმარებლების მიმართ თავაზიან დამოკიდებულებასაც არ იჩენენ. “ყველაზე მეტი შენიშვნა კვების ბლოკის საქმიანობას შეეხება. მასობრივად ხდება შეკვეთილი მენიუს დაყოვნება, ხშირად კლიენტს საფირმო კერძის ლოდინი 20-25 წუთითაც უწევს, როცა ამ მომსახურებისთვის 5 წუთიც საკმარისი უნდა იყოს. თანაც, ეს დრო ისე გადის, ყურადღებას არავინ გაქცევს. ჩვენ რამდენიმე უცხოელი ტურისტიც გამოვკითხეთ და თითქმის ყველა ყურადღებას მომსახურების ამ ხარვეზზე ამახვილებს”.

“ჩვენ რამდენიმე ათეული სასტუმრო და რესტორანი შევამოწმეთ, მათ დიდ ნაწილს, დაახლოებით 40%-ს, მომსახურების სერვისი არ უვარგა. ზოგიერთ სასტუმროში თანამშრომლებს არ აცვიათ უნიფორმა, ვერ გაარჩევ, მიმტანია, მზარეული თუ დამლაგებელი. ხდება ისეც, რომ ერთსა და იმავე ადამიანს აკისრია დამლაგებლის და ჭურჭლის მრეცხავის ფუნქცია, რასაც დაწესებული სტანდარტი კრძალავს. თუმცა ამ ხერხს სასტუმროების მფლობელები შემოსავლის დაზოგვის მიზნით ხშირად მიმართავენ”, – ამბობს შენგელია და დასძენს, რომ ასეთი არასწორი მიდგომით ქვეყნის ტურისტული იმიჯი ილახება.

“დასაქმებულების უმეტესობას უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობისას აქვს ენის ბარიერი. ზოგიერთმა, ელემენტარულად, სალაპარაკო რუსულიც არ იცის. ასეთი შემთხვევა უმეტესწილად საოჯახო სასტუმროებშია. ეს სეგმენტი სერიოზულ მიხედვას საჭიროებს. უცნაური ფაქტები დავაფიქსირეთ – საოჯახო სასტუმროებში ორი ერთნაირი ოთახი სხვადასხვა ფასად გაქირავდა – ერთი 40 ლარად, მეორე – 50 ლარად. ვერ გავარკვიე, რა კრიტერიუმით ისარგებლა მენეჯერმა. ერთი ადამიანის კვალობაზე, სასტუმროს მომსახურების გადასახადი არის ძალიან ძვირი. ფაქტობრივად, ერთი დამსვენებელი ოთხი ადამიანის მომსახურების თანხას იხდის. ნორმალურ კურორტებზე ასე არ ხდება. მესმის, რომ ბევრს ვალი აქვს ბანკში, მაგრამ გაუმართლებლად მაღალი ფასებით არ უნდა ცდილობდნენ სესხის დაფარვას. თურქეთი ტურისტულ სერვისს აიაფებს და აქ პირიქითაა, გაძვირებისკენ უჭირავთ თვალი. ვფიქრობ, ცუდი სტრატეგია შეარჩიეს,”- ამბობს შენგელია.

აღნიშნული პრობლემის გარდა, როგორც უფლებადამცველი განმარტავს, სერიოზული დარღვევებია სურსათის უვნებლობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება უსაფრთხოების სტანდარტს, ამ მხრივ თითქმის არაფერი გამოსწორებულა ქობულეთში, სადაც შარშან ხანძარმა პატარა მოცეკვავეები იმსხვერპლა.

“ეტიკის” კვლევის მიხედვით, ტურისტული რეგიონებიდან მომსახურების სფეროში ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ჯერჯერობით სიღნაღშია, სადაც ხარისხი აშკარად არის გაუმჯობესებული. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკო კვარაცხელია თვლის, რომ სასტუმროები და რესტორნები საქართველოში თვითნებურად მიშვებული ბიზნესია.

მისი თქმით, ამ სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რის გამოც რეალურად არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ.

“სასტუმროების ბიზნესში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. არც სტანდარტი მიგვიღია, არც სერტიფიცირება ხდება და არც სახელმწიფო ახდენს ხარისხის უზრუნველყოფას. სასტუმროები დღეს, პრაქტიკულად, ბაზარზე არიან დამოკიდებული, თვითნებურად მიშვებული ბიზნესია. მნიშვნელოვანია, შეიქმნას გაერთიანებები, რომ ერთიანი სტანდარტი დაინერგოს. მომხმარებლები იხდიან ფულს და ბოლომდე არ არიან გარკვეული, რაში ხარჯავენ თანხას. მეტი ყურადღება სჭირდება, რომ მომხმარებლის ინტერესი უფრო მეტად იყოს დაცული. ბაზრის თავისუფლების გამო ყველას შეუძლია მომსახურების გაყიდვა ნებისმიერ ფასში, როგორც მოესურვება, რაზეც გარკვეული შეზღუდვა უნდა დაწესდეს. ელემენტარულად, გაკეთდეს განმარტება, რა განაპირობებს მაღალ ფასს სასტუმროში, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება”, – აცხადებს კვარაცხელია.

მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სასტუმროების ლიცენზირებისა და სერტიფიცირების ორგანო, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით პრობლემას ქმნის.

“მომხმარებელმა არ იცის, სად უნდა იჩივლოს, ვის უჩივლოს, როცა კერძოა ყველაფერი და სახელმწიფო ამ მიმართულებით არანაირ ბერკეტს არ ფლობს. სასტუმროების მფლობელებიც სარგებლობენ იმით, რომ არ არსებობს ლიცენზირება, სერტიფიცირება და სხვა მექანიზმი, რაც იქნება შემაკავებელი ამ ბიზნესისთვის. ამიტომ გვაქვს ასეთი დიდი სხვაობა მომსახურების ფასსა და ხარისხს შორის. სახელმწიფო ვალდებულია, აიძულოს მეწარმე, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ის მომსახურება, რა ფასსაც ახდევინებს. ამისთვის კი ევროკავშირის სტანდარტი დაინერგოს, რის გარეშეც ტურიზმის დარგში შედეგი ვერ მიიღწევა”, – განმარტავს ნიკა კვარაცხელია.

სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ სასტუმროების ბიზნესში არსებული მდგომარეობა განათლების დაბალ დონეს უკავშირდება. ტურიზმის სფეროს ექსპერტ მარინა მეტრეველის მოსაზრებით, სახელმწიფოს როლი ტურიზმის სფეროში სარეკლამო კამპანიით შემოიფარგლება და პოლიტიკა არ კეთდება ტურიზმში. ეს, მისი აზრით, სერიოზულ პრობლემას ქმნის, რაც საბოლოოდ ქვეყნის ტურისტულ იმიჯს აზიანებს.

“მომსახურება უკავშირდება განათლებას. ასეა ყველგან, მათ შორის, ტურიზმის სექტორშიც. იმისთვის, რომ ხარისხი გაუჯობესდეს და კონკურენცია გაიზარდოს, ფასები მომსახურების შესაბამისი უნდა გახდეს. ამისთვის კი განათლების დონე აიწიოს და პროფესიონალიზმი ამაღლდეს ტურიზმში. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. განათლების სამინისტროს მიდგომა ასეთი არ უნდა იყოს – “უნივერსიტეტის საქმეებში არ ვერევი”. თუ სახელმწიფო პროფესიონალიზმის დონეს არ გაზრდის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს, პროფესიონალიზმს თუ არ განავითარებს. პოლიტიკა არ კეთდება ტურიზმში, ქვეყანას არ აქვს სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და არ აქვს კანონი, რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ტურიზმის განვითარებისთვის”, – აცხადებს მეტრეველი.

ამდენად, როგორც მეტრეველი განმარტავს, სასტუმროების და რესტორნების მომსახურებაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა კვალიფიციური კადრის დეფიციტია. “რამდენიმე თვის წინ, როცა რუსეთმა თავის მოქალაქეებისთვის თურქეთში დასვენებაზე შეზღუდვა დააწესეა, ქვეყანამ აქტიურად დაიწყო სარეკლამო კამპანია რუსი ტურისტების მოსაზიდად. იმთავითვე განვაცხადე, რომ ეს ფაქტორი საქართველოს სასიკეთოდ ვერ იმოქმედებდა, ასეც მოხდა, ფაქტობრივად, არაფერი არ შეცვლილა, რადგან რუსი ტურისტები არიან შეჩვეული ეგვიპტეს, თურქეთს და უამრავი სხვა ქვეყნის ბაზარს, სადაც მაღალ მომსახურებასა და დაბალ ფასს ღებულობენ. ეს სერვისი არ აქვს საქართველოს. შეიძლება, რაღაც რაოდენობა შემოვიდა, მაგრამ რაც დახარჯა რეკლამაში, მისი ნახევარიც ვერ გაკეთდა. სხვა რომ არაფერი, ვარსკვლავების მიმნიჭებელი ორგანიზაციაც არ გვაქვს, რომელიც გასცემს სერტიფიკატს შესაბამის ვარსკვლავზე, ამის გამკითხავი არავინ არ არის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტო რეკლამას ახორციელებს და არა პოლიტიკას, რაც შედეგს ვერ მოიტანს”, – აცხადებს მარინა მეტრეველი.

მარი ჩიტაია
გაზეთი “რეზონანსი”

Share