Home » საზოგადოება » უცხოელებს საქართველოში ბინადრობის საფასურს 3-ჯერ უძვირებენ
უცხოელებს საქართველოში ბინადრობის საფასურს 3-ჯერ უძვირებენ

უცხოელებს საქართველოში ბინადრობის საფასურს 3-ჯერ უძვირებენ

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესაძლოა ინიცირებული ცვლილება შევიდეს, – აღნიშნული ინიციატივით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრებს მიმართა.

დღეს არსებული რეგულაციის მიხედვით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, მას განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება ენიჭება, მაგრამ ახალი რეგულაციის მიხედვით, 300 000 ლარი შესაძლოა 300 000 აშშ დოლარით შეიცვალოს.

როგორც კალაძემ თქვა, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია და კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება.

„დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.

„აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას.

„ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის.

„ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან.”

კალაძემ განაცხადა, რომ ინვესტიციის საფუძველზე განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლების მინიჭება 5 წლით შეიცვლება და აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის წევრ ილია წულაიას.

„ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება.

„ჩვენი ინიციატივაა, 300 000 ლარი შეიცვალოს 300 000 აშშ დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთ წლიანი ბინადრობის უფლებით. ამის თაობაზე კანონპროექტი ინიცირებულია და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა დროულად დამტკიცდეს. მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის ცვლილება ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბინადრობის გაცემის ნებართვა თავიდანვე შესაძლოა მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცეს და არა მუდმივი ცხოვრები უფლებით. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესაბამისი ცვლილებები შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ივლიანე წულაია არიან.

Share