Home » ეკონომიკა » “თურქეთში მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება საქართველოზეც დადებითად აისახება”
"თურქეთში მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება საქართველოზეც დადებითად აისახება"

“თურქეთში მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება საქართველოზეც დადებითად აისახება”

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი სახელმწიფოს საიმედოობის მაჩვენებელია, ის ინვესტორებს აძლევს ინფორმაციას, რამდენად სარისკოა კონკრეტულ ქვეყანაში ფინანსების ჩადება ან ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის ფულის სესხება, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, მერაბ ჯანიაშვილმა Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივით „BB“-დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ამჯერად, რეიტინგი უცვლელი დარჩა, მაგრამ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ შემცირდება ან განეიტრალდება ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკები, მათ შორის, თურქეთში განვითარებული ნეგატიური მოვლენები, ან რუსეთის მიმართ აშშ-ის მიერ სანქციების შესაძლო დაწესება.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს რეალურად შეუძლია, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი, პრეტენზია ჰქონდეს საკრედიტო რეიტინგის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე.

როგორც მან განმარტა, საკრედიტო რეიტინგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის, მეზობელი ქვეყნების რეიტინგებს.

„ამდენად, თურქეთში მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება დადებითად აისახება საქართველოზეც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკრედიტო რეიტინგის გაზრდის პერსპექტივაა“, – დასძინა მან.

ამასთან, მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგი რისკების შეფასებისას, ეკონომიკურთანერთად, პოლიტიკურ ფაქტორებსაც მოიცავს.

„ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობისთვის, განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა კარგი რეიტინგის მიღება უმნიშვნელოვანესია. იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს და სახელმწიფოს უცხოეთიდან თანხების მოზიდვა გაუიაფდეს, ქვეყანა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისკენ უნდა ისწრაფოდეს. დღეისთვის,  საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ისტორიაში ყველაზე მაღალ დონეზეა“, – განაცხადა მან.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს პოზიტიური პერსპექტივით საკრედიტო რეიტინგი „BB-“  შეუნარჩუნა.

Share