Home » ახალი ამბები » ტურიზმის დეპარატმენტში 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტები განიხილეს
ტურიზმის დეპარატმენტში 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტები განიხილეს

ტურიზმის დეპარატმენტში 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტები განიხილეს

რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი შესაძლოა 1 700 000 ლარით გაიზარდოს. 2017 წლისთვის, აჭარაში ტურიზმის დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობისთვის 1 346 000 ლარის, ხოლო  ტურისტული პროდუქტებისა და სერვისის განვითარებისთვის 986 500 ლარის გამოყოფა იგეგმება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი 5 425 000 ლარი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე რეკლამირებისთვის დაიხარჯება. 2017 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად 7 522 500 ლარის დახარჯვა იგეგმება. აღსაღნიშნავია, რომ მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 5 823 300 ლარს შეადგენდა.

1 000 000 ლარით იზრდება რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხა. 2017 წლისთვის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნების რაოდენობის გაზრდას 11-დან 15 ქვეყნამდე გეგმავს. ახალ სამიზნე ქვეყნებად სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და ბალტიის ქვეყნების დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტის რეგიონის რეკლამირებას 11 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს (თურქეთი, ისრაელი, ბელორუსია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო).

დეპარტამენტი 2017 წლისთვისაც გააგრძელებს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარე წელს დაწყებულ ახალ პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომლის ფარგლებშიც ხარიხის ნიშანი პროექტში ჩართულ ტურისტულ ობიექტებსა და გიდებს გადაეცემათ. ასევე, გაგრძელდება ტრენინგები რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებში დასაქმებული კადრებისთვის, რაც აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სულ აღნიშნული პროექტებისთვის  ბიუჯეტიდან 59 500 ლარი დაიხარჯება. 2017 წელს, ასევე გაგრძელდება მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის მქონე ობიექტების წახალისების პროექტიც, რომელიც ტურიზმის რეგიონალური ფორუმის „მაგნოლია 2017“-ზე საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტების დაჯილდოვებას ითვალისწინებს.

2017 წელს, ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურიზმის კვლევას ითვალისწინებს. 2017 წლისთვის სიახლე იქნება რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსებისა და კვების ობიექტების აღწერა. სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 145 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

დეპარტამენტი 2017 წელს კვლავ ჩაატარებს შემოდგომისა და ფრინველების ფესტივალებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაში. გაზრდილი ბიუჯეტით განახორციელებს ეკო და სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებას, გააგრძელებს ტურიზმის დარგში მომსახურე პერსონალის უფასო გადამზადებას. 2017 წლისთვის, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებას გეგმავს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 50 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტის განხილვა დეპარტამენტში დღეს გაიმართა. განხილვას ტურიზმის რეგიონალურ მრჩეველთა საბჭოს წევრები და ტურიზმის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share