Home » ეკონომიკა » ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ იზრდება
ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ იზრდება

ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ იზრდება

ბოლო წლებში დამკვიდრებული სასიამოვნო ტენდენცია 2016 წელსაც გრძელდება და საქართველო უფრო და უფრო მეტ უცხოელ ტურისტს მასპინძლობს ყოველწლიურად. ტურიზმი ერთ-ერთია იმ სფეროთაგან, თუ ერთადერთი არა, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე სტაბილურად იზრდება. მიმდინარე წელს ქვეყანაში შემოსული ტურიზსტების რაოდენობამ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 2016 წლის 7 თვეში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 3,400,335 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.6%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მონაცემები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. მათივე ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ (ვიზიტორი, რომლებმაც რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში) 1,401,914 შეადგინა, რაც 208,436-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით (ზრდა +17.5%). 2016 წლის იანვარი – ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (+10.3%) და უკრაინიდან (+24.3%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ სლოვაკეთი +32.8%, ლატვია +25.1%, უნგრეთი +21.4%, ჩეხეთი +19.5% და იტალია +16.5%.  განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია (+472%), ირანი (+457%), პაკისტანი (+455%), ინდოეთი +(347%), შრი-ლანკა (+239%), სირია (+190%), ფილიპინები (+186), ეგვიპტე (+176%) და ომანი (+163%).

რაც შეეხება მიმდინარე წლის ივლისის თვეს, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +3.5%)-ია. ტურისტების რიცხვმა, კი 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).

”პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩნენ: გერმანია +18%, ლიტვა +17%, საბერძნეთი +14% და გაერთიანებული სამეფო +12%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +575%, სირია +453%, ინდოეთი +368%, ეგვიპტე +263% და საუდის არაბეთი +112%” – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა, რამდენიმე ტერაქტი და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოც. რადგან რეგიონში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო ბევრმა ვიზიტორმა გააუქმა უკვე დაჯავშნული რეისები. 15 ივლისს მომხდარმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარების დაძაბვა გამოიწვია. პოლიტიკური დაძაბულობისა და საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების გამო საერთაშორისო ვიზიტორთა გარკვეულმა ნაწილმა რეგიონში – მათ შორის საქართველოში მგზავრობისგან თავი შეიკავა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო საქართველომ მარტო ივლისში დაახლოებით 30 ათასი საერთაშორისო ვიზიტი დაკარგა.

მიუხედავად რეგიონში არსებული არასტაბილური სიტუაციისა, როგორც ზემოთ აღინიშნა 2016 წლის შვიდ თვეში საქართველოში 3.4 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია. ქვეყნების მიხედვით მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ. წელს განსაკუთრებით მაღალი ტემპით გაიზარდა ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რაც შეგვიძლია საქართველოს მიერ სავიზო რეგულაციების გაუქმებას უკავშირდება. ასევე მაღალი ტემპით იზრდება ისრაელიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.

ათი ქვეყანა, რომლიდანაც წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

  1. აზერბაიჯანი – 0.85 მილიონი, ზრდა +15%;
  2. თურქეთი – 0.77 მილიონი, ზრდა +1.5%;
  3. სომხეთი – 0.71 მილიონი, კლება -0.8%;
  4. რუსეთი – 0.53 მილიონი, ზრდა +10.3%;
  5. უკრაინა – 92 ათასი, ზრდა +24.3%;
  6. ირანი – 61 ათასი, ზრდა +82%;
  7. ისრაელი – 46 ათასი, ზრდა +69%;
  8. ყაზახეთი – 27 ათასი, ზრდა +35%;
  9. პოლონეთი – 23 ათასი, ზრდა +5%;
  10. გერმანია – 20 ათასი, ზრდა +4%;

რაც შეეხება ფინანსურ შემოსავლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 1.94 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა + 8.3) შეადგენდა, რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით კი, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 354.5 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა + 15.7) შეადგენს, რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად ჩამოყალიბდა. აი, მაგალითად ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 6.7%-ს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით 16.2%-ით მეტია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, + 11.5 %-ია.

საინტერესოა, რომ ბოლო 10 წელიწადში ტურიზმის ზრდის ტემპი, უმეტესწილად წლიურად 10%-ზე მეტი იყო. 2012 წელს საერთოდ, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2013 წელს ტურიზმის ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი – მხოლოდ 2.3%. ზრდის ტემპი 2015 წელს გაუმჯობესდა  და ის 7% გახდა, 2016 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით კი ისევ ორნიშნიან ნიშნულს დაუბრუნდა და 11%-მდე გაიზარდა.

მერაბ ჯანიაშვილი

Share