Home » ფინანსები » ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა
ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა

ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა შემცირდა

საქართველოში ტურისტი საშუალოდ სომხეთთან 2-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანთან შეადრებით 4-ჯერ ნაკლებს ხარჯავს

2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, დაფიქსირდა 4.6%-იანი ზრდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე და 4.2%-იან ზრდას გულისხმობს.

მთლიანად პირველი 4 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1 617 548 ვიზიტი განხორციელდა, რაც 35 166-ით ანუ 2,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-აპრილში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882 130 შეადგინა, რაც 42 590-ით ანუ 5,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 839 540.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +50.8%, იტალია +45.6%, ესპანეთი +43.8%, საფრანგეთი+43.7%, გერმანია +43.5%, ჩეხეთი +38.2% და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაში მცირდება უშუალოდ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტების ხვედრითი წილი და მნიშვნელოვნად იმატებს საქართველოდან დაშორებული ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტების ხვედრითი წილი, რაც, ბუნებრივია, საქართველოს, როგორც ტურისტულ თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყნის როლის ზრდაზე მიუთითებს. საქართველოში აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ერთად საქართველოში 2018 წლის პირველ ოთხ თვეში განხორციელებული ვიზიტების ხვედრითი წილი სულ ყველა ქვეყნიდან ერთად განხორციელებულ ვიზიტებში შეადგენდა 66,00%-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის პირველ ოთხ თვეში შემცირდა2,17%–ით და შეადგენს 62,87%-ს.

რაც შეეხება შემოსავლებს, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 277 მილიონ დოლარს (ზრდა +16.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტურისტების და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა განუხრელად იზრდება, ერთი ტურისტის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის ოდენობა ძალიან მცირეა და გასულ წელთან შედარებით შემცირებულიც კია. ასე მაგალითად, საქსტატის მონაცემებით 2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ტურისტულ ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა. 2012-2017 წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა, თითო ტურისტის მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხა, მცირედით 318.6 დოლარიდან 364.2 დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჩამოუვარდება მის მსგავს ეკონომიკებს, სადაც თითო ვიზიტზე ტურისტის მიერ დახარჯული თანხა საშუალოდ 500-800 დოლარს შეადგენს.

მსოფლიო ბანკის 2016 წლის მონაცემებით კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თითო ტურისტის მიერ დახარჯული თანხის მოცულობა საშუალოდ შემდეგია: უნგრეთი – 1400 დოლარი; აზერბაიჯანი – 1400 დოლარი; თურქეთი – 900 დოლარი; კვიპროსი – 900 დოლარი; სომხეთი – 750 დოლარი; ჩეხეთი – 750 დოლარი; ლატვია – 700 დოლარი; პოლონეთი – 650 დოლარი; საბერძნეთი – 600 დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, ქვეყნის მშპ-ში მისი წილი ტურისტული ქვეყნების ანალოგიურია და 2018 წლის მონაცემებით 7,6% შეადგენს. მაგალითად, მონტენეგროში ეს მაჩვენებელი 21%-ს აღემატება, ხორვატიაში 19%-ს. მშპ-ში ტურიზმის წილით საქართველო საბერძნეთის დონეზეა, სადაც ეს მაჩვენებელი 8%-ზე დაბალია.

საქართველოში ტურიზმის მომავალშიც მზარდ ტენდენციას ჩვენი ქვეყნისადმი ავიაკომპანიების დაინტერესებაც ადასტურებს. ბოლო ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლით არაბული ავიაკომპანია FLY EMIRATES-ია დაინტერესებული. ასევე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ღყანაირ შემოდის. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბოლო 1 წელში საქართველოში 11 ახალი ფირმა, მათ შორის შემდეგი ავიაკომპანიები შემოვიდნენ: უკრაინული ავიაკომპანია სკყ უპ, რუმინული ავიაკომპანია ტარომ, საუდის არაბეთის ავიაკომპანია ლყნას, ჯაზზერა აირწაყს, სალამ აირ, აირ ფრანცე, აირ მალტა, აირ კორეა, ელლინაირ, უზბეკისტან აირწაყს, რედ წინგს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 20% გაიზარდა. 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. აპრილში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

ჯამში, 4 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მერაბ ჯანიაშვილი

Share