Home » საზოგადოება » ცუცქირიძე – ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ

ცუცქირიძე – ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ

„ქვეყანა, მიუხედავად პოლიტიკური რყევებისა და გლობალური პანდემიური შოკისა, რომლის ინერცია გლობალურ ბაზრებზე დღემდე გრძელდება, ვითარდება და ამას გლობალური ინდექსებიც ადასტურებენ.

საქართველომ 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“, რომელიც კორუფციის და კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსებთან ერთად, ერთ- ერთი წამყვანი ინდიკატორია მთავრობის ეფექტურობის და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

საქართველო 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგი კი ორი ადგილით გაიუმჯობესა, ხოლო შეფასების 100 ბალიანი სისტემით 62.3 ქულა მიიღო, რაც ასევე ახალი ისტორიული მაქსიმუმია,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება.

„აღსანიშნავია, რომ გასული 2020 წლის ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავი მიეძღვნა. კერძოდ, ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა. გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაანგარიშებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა, 2013 წლამდე კი ქვეყანა მუდმივად 60-ეულს მიღმა იყო. კვლევაში გაანალიზებული იყო საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით,“ – აღნიშნავს ექსპერტი თავის ფეისბუქ-პოსტში. მისი ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ კეთილდღეობის ანგარიშს ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აწარმოებს.

„2021 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში რეგიონის ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი (ათწლიანი) გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო სულაც პირველ ადგილზე გავიდა,“ -წერს გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავთ იმ თვალსაჩინო პროგრესს, რომელსაც ბოლო ათწლეულში ქვეყანა ადგას სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, ეკონომიკა, რომელიც ვითარდება და მდგრადია შოკების მიმართ. ამის მაგალითია მიმდინარე წელს პანდემიური შოკიდან სწრაფი გამოსვლის და ორნიშნა ზრდის დინამიკა, რაც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის ზრდასთან ერთად, ექსპორტის სარეკორდო ზრდით და დასაქმების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ეს მორიგი შეფასებაც აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს კარგი პერსპექტივა, პანდემიური და პოლიტიკური რისკების შემცირებით, უკვე უახლოეს წლებში ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გავზარდოთ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, დასაქმების და შემოსავლების ზრდასთან ერთად.

Share