Home » ახალი ამბები » თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაპირისპირება პიკს აღწევს
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაპირისპირება პიკს აღწევს

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაპირისპირება პიკს აღწევს

Commersamt.ge მეორე თვეა აკვირდება დაძაბულობას, რომლის ერთ მხარესაც ეკონომიკის 8 დოქტორი, ხოლო მეორე მხარეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი აღმოჩნდნენ.

პროფესორები დეკანის არჩევნების შედეგებსა და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და მათ ბათილად ცნობას ითხოვენ. ისინი კომისიისა და დეკანის, გიორგი ღაღანიძის მოქმედებების მიღმა ფაკულტეტზე არსებულ ფარულ და კლანურ გავლენებსა და გარიგებებზე ღიად საუბრობენ.

ეკონომიკის დოქტორები: ეკატერინე გულუა, თეა კასრაძე, დავით ნიჟარაძე, ნინო პაპაჩაშვილი, გიორგი შიხაშვილი, ეკა ჩოხელი, ავთანდილ ჩუთლაშვილი და ვახტანგ ჭარაია საკუთარი უფლებების დაცვასა და აღდგენას სასამართლოს მეშვეობითაც ცდილობენ.

დღეს ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ პროფესორმა ავთანდილ ჩუთლაშვილმა, რომელიც თავის დროზე „თეუსუ-ს ( თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი)“ რექტორი, ხოლო შემდგომ თსუ-ის პრორექტორი იყო, საკუთარ სოციალურ ქსელში ვრცელი საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ უსამართლობამ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დატრიალდა, ერთ-ერთი მძიმე დარტყმა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას მიაყენა და რომ ახლოვდება დრო, როდესაც ბევრ ფარულ გარიგებას აეხდება ფარდა და ჩვენი დროის „გმირების“ სახელები ყველასათვის ცნობილი გახდება.

თუ ვისზე საუბრობს, ჩუთლაშვილი სტატუსში არ აკონკრეტებს, თუმცა მისი შინაარსიდან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იგი აკადემიკოსებს ავთანდილ სილაგაძესა და ვლადიმერ პაპავას გულისხმობს.

Commersant.ge -დაუკავშირდა ავთანდილ ჩუთლაშვილს, რომელმაც ჩვენი ეს მოსაზრება არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ იმ ყველაფრის უკან, რაც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ტრიალებს სწორედ უმაღლესი რეგალიების (მათ შორის, ჩუთლაშვილის აზრით, ზოგიერთი სრულიად უსამართლოდ) მქონე ადამიანები დგანან და სწორედ მათ კლანურ და მერკანტილურ ინტერესებს ეწირება ფაკულტეტზე ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპი.

კერძოდ, ჩუთლაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა, ლადო პაპავას რექტორობის დროს, და ბუნებრივია, მისი თანხმობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, სპეციალურად და პერსონალურად, მთელი რიგი აუცილებელი პროცედურული მომენტების გვერდის ავლით და უხეში დარღვევებით გაიხსნა ავთანდილ სილაგაძისთვის.

ავთანდილ ჩუთლაშვილის ფეისბუქ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს; მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!“ დავით გურამიშვილი.

უსამართლობამ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დატრიალდა, ერთ-ერთი მძიმე დარტყმა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებას მიაყენა – ფინანსებისა და საბანკო საქმის, საერთაშორისო ბიზნესისა და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრები.

ახლოვდება დრო, როდესაც ბევრ ფარულ გარიგებას აეხდება ფარდა და ჩვენი დროის „გმირების“ სახელები ყველასათვის ცნობილი გახდება. ამ ეტაპზე კი ერთ სატკივარზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიისა და თეორიული ეკონომიკის კათედრების პერსონალს. იქ ბევრი კარგი მეცნიერი და პედაგოგი საქმიანობს და აქ მოყვანილ მოვლენებთან, მათ უმეტესობას არანაირი კავშირი არ აქვთ.

მაშინ როცა ფაკულტეტზე კათედრების ერთი ნაწილი უსამართლოდ ვიწროვდება, სხვა კათედრების მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას იჩენენ. ამ დასკვნამდე მიდიხარ, როდესაც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ეცნობი, რომელმაც მ/წ 12 ოქტომბრის სხდომაზე დაადგინა – „1. 2018 წლის 1 ნოემბრამდე გამოცხადდეს კონკურსი თეორიული ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური მოძღვრებათა ისტორიის კათედრების პროფესორის (უვადო) თანამდებობაზე თითოეული კათედრის მიხედვით თითო საშტატო ერთეულზე.“ ….  „5. თითოეულ საშტატო ერთეულზე არჩეულ პროფესორს (უვადო) მიეცეს „ვადიანი“ პროფესორისათვის დადგენილ თანამდებობრივ სარგოზე დანამატი არაბაკლებ 20%-სა“. დადგენილების დანარჩენი დებულებანი ისეა ჩამოყალიბებული, რომ საქმეში ჩახედული ადამიანი გაიფიქრებს – „ბარემ გვარებიც მიგეწერათ, თუ ვისთვის უნდა გამოცხადდეს ეს კონკურსი.“ (დეტალები გთხოვთ იხილოთ ბმულზე -https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/oqmi15.pdf, გვ.28-29).

მართლაც გამიმართლა და ზემოთ ნახსენებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგანაც აღარა ვარ ფაკულტეტის საბჭოს წევრი. მახსენდება ერთი კარგი ნათქვამი -„ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ვთვლი, რომ უნივერსიტეტში ერთი მიმართულების კათედრების გამოყოფა ან „ზე“ რჩეულთა უვადო პროფესორთა ჯგუფის ფორმირებას, რომელთა თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრული ოდენობა დადგენილი არაა, მძიმე ფინანსური შედეგები მოჰყვება. აღნიშნულ განცდას აძლიერებს საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური მოძღვრებათა ისტორიის კათედრის უახლესი ისტორია, რომლის გაცნობისას ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მიმართ.

 ძლიერდება განცდა, რომ საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური მოძღვრებათა ისტორიის კათედრის დღევანდელი ფუნქციონირება მოკლებულია მყარ სამართლებრივ საფუძვლებს. კერძოდ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ დროისათვის მოქმედი დებულების 33-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტი (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 მარტის №43/2013 დადგენილება, გთხ. იხილოთ ბმული – https://www.tsu.ge/…/…/axad_council_resolutions/2013/432013/) განმარტავს, რომ ”ფაკულტეტის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით“, ხოლო აღნიშნული მუხლის პირველი ორი ქვეპუნქტი ითხოვს – „1. ფაკულტეტის სტრუქტურისა და დებულების პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და განსახილველად გადასცემს აკადემიურ საბჭოს. 2. ფაკულტეტის დებულება მიიღება აკადემიური საბჭოს მიერ და მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.“

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2013 წლის 27 სექტემბრის სხდომამ (გთხ. იხილოთ ბმული -https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/oqmi10.pdf) დაადგინა:

1. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნას ახალი სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული – კათედრა სახელწოდებით: „საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა.

2. აღნიშნული კათედრის აკადემიური პერსონალის უზრუნველყოფის მიზნით, ეთხოვოს თსუ-ს რექტორს, აკადემიურ საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საშტატო განრიგში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.

მოგვიანებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ 2013 წლის 4 ოქტომბრის სხდომაზე (გთხ. იხილოთ ბმული – https://www.tsu.ge/…/file_…/iuridiuli_cnobari/oqmi6-2013.pdf) აკადემიური საბჭოს თანხმობის გარეშე დაამტკიცა გადაწყვეტილება – „შევიდეს ცვლილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულების დანართში და დანართით განსაზღვრული სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების (კათედრების) ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა“.

მეტიც, აღნიშნული საკითხის განხილვა (მიღება) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დღემდე არ მომხდარა დაუდგენელი მიზეზების გამო. ცნობისათვის შეგიძლიათ იხილოთ აკადემიური საბჭოს მიერ 2013 წლის 23 სექტემბრიდან – 21 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული გადაწყვეტილებების ნუსხა, (გთხ. იხილოთ ბმული: https://www.tsu.ge/…/juridic…/axad_council_resolutions/2013/).

დარღვეულია უნივერსიტეტის წესდება და ფაკულტეტის დებულება, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. ყოველივე ამის შემდეგ ჩნდება კითხვები. ზოგიერთი მათგანის გაჟღერება საინტერესოდ გვეჩვენება. კერძოდ,

1. რის საფუძველზე გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 14 ნოემბრის №143/01-01 ბრძანება (გთხ. იხილოთ ბმული – https://www.tsu.ge/ge/juridical/orders/X6utUYdcP7S0T2Km3/…), რომლითაც გამოცხადდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანონდარღვევით შექმნილ სტრუქტურულ ერთეულში?

2. რის საფუძველზე გამოსცა უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თავისი 2014 წლის 13 იანვრის № 2/2014 დადგენილება, რომლის თანახმად დამტკიცდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია?

3. რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა სასწავლო წლის შუაგულში ახალი საშტატო ერთეულების დაშვებისა (გამოყოფის) და აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის სასწრაფო წესით ჩატარების?

4. როგორ მოხდა არარსებულ (ფინანსურად არაუზრუნველყოფილი) საშტატო ერთეულებზე კონკურსის ჩატარება? ვინ, რატომ და როგორ აჩქარებდა ყოველივეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გვერდის ავლით?

 5. გამოიწვია თუ არა ზემოთ აღნიშნულმა ქმედებებმა დამატებითი ფინანსური ხარჯების განხორციელების აუცილებლობა?. და ა.შ. და ა.შ.

მინდა გამოვთქვა იმედი (მცირედი), რომ ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელობა, დაინტერესდება აღნიშნული საკითხით და მეტ კონცენტრაციას მოახდენს თავის შიდა საკათედრო და არა სხვა, მათვის არაჩვეული საკითხების დალაგებაში.

ყოველივე ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი კითხვა წარმოიშვა, რომელზედაც პასუხები მოსაძებნი და გასაანალიზებელია. ერთ-ერთი მათგანი, ჩვენი პატივცემული რექტორის პოზიცია გახლავთ. -რატომაა აქამდე უსამართლობის მხარეზე? რატომ სურს კლანურმა გარიგებებმა შეიწიროს უნივერსიტეტის მომავალი? და ა.შ. და ა.შ. უნივერსიტეტი, ხომ ურთიერთობებია და რა სულისკვეთებაა ეხლა უნივერსიტეტში?!…

და ერთიც, მორალური ხასიათის დილემა – ახლა, როდესაც ჩემთვის უჩვეულო საქმიანობით ვარ დაკავებული და მოწყვეტილი ვარ სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას, მიჩნდება კითხვა – ამ პაექრობაში, იმ ვირტუალურ ძალებთან, რომლებიც უსამართლობასა და ღალატს ნერგავენ, ხომ არაა საშიშროება დავემსგავსოთ მათ ვინც ყოველივეს სულის ჩამდგმელი შემოქმედია და სადღაც ზემოთ/ქვემოთ სიბნელეშია მიმალული?

მორალზე, ზნეობაზე, სიკეთეზე, მომავალზე ორიენტირებულ ახალგაზრდა თაობის ფორმირებაზე მათთან საუბარი ნაკლებად ეფექტურია, რადგანაც ზუსტადაც, რომ ამ სიტყვებს ამოფარებული ჩადიოდნენ და ახლაც აგრძელებენ უსამართლო და ბოროტ ქმედებებს. გარე, უცხო დამკვირვებელი სიბნელესა და სინათლეს ვეღარ არჩევს, „ერთნაირად ცუდები ხართ თქვენ ყველანიო“ გაიფიქრებს და ხელს ჩაიქნევს და ა.შ. და ა.შ. ეს ხომ არაა ჩაფიქრებული იმის, უხსენებლის მიერ ! ???“ – აღნიშნავს ავთანდილ ჩუთლაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

commersant.ge