Home » ეკონომიკა » წინასწარი მონაცემებით, 3 თვის განმავლობაში საქონლის ექსპორტი 5.9%-ით, იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 3 თვის განმავლობაში საქონლის ექსპორტი 5.9%-ით, იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, სამი თვის განმავლობაში საქონლის ექსპორტი 5.9%-ით, იმპორტი კი 1.4%-ით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.9 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარს (1.4 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-მარტში, 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტია. 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (121.9 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (99.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (91.2 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (348.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (210.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (184.3 მლნ. აშშ დოლარი).

“საქსტატის” მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (402.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (306.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (301.4 მლნ. აშშ დოლარი).

„იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 159.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 127.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 58.2 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 173.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 150.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები 135.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი),”-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

Share