Home » ფინანსები » „წინა ხელისუფლების დროს პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100% -120%-ს შეადგენდა, ახლა არის 35%, მაგრამ საკმარისი არაა, კიდევ უნდა დაიწიოს“

„წინა ხელისუფლების დროს პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100% -120%-ს შეადგენდა, ახლა არის 35%, მაგრამ საკმარისი არაა, კიდევ უნდა დაიწიოს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთმა, რომელიც ახლა, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს, კიდევ უნდა დაიწიოს.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

„პარლამენტში დაისვა საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს პენსიონერებს, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე გავმართეთ არაერთი შეხვედრა, მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სახელმწიფო კომისია.

მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება მე გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე- პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში, ფინანსთა მინისტრი იქნება, ბუნებრივია, ჩართული, ასევე, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს ვადაში.

შედარებისთვის, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი, დაახლოებით, 100% და 120%-ს შეადგენდა და ახლა არის, დაახლოებით, 35%, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა, ამიტომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

Share