Home » ბიზნესი » ცეზარ ჩოჩელი: ვერც იმას ვხსნით, რატომ უფასურდება ლარი და ვერც იმას, რატომ მყარდება

ცეზარ ჩოჩელი: ვერც იმას ვხსნით, რატომ უფასურდება ლარი და ვერც იმას, რატომ მყარდება

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება ხელოვნურადაა გამოწვეული. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ბიზნესისთვის,  გაუგებარია, რატომ მერყეობს ლარის კურსი.

“ეს არის ამოუხსნელი რამ. ვერც იმას ვხსნით, რატომ უფასურდება ლარი და ვერც იმას, გამყარების საფუძველი რა არის. ვფიქრობ, ეს ხელოვნურადაა გამოწვეული. ჯერჯერობით, რამე მნიშვნელოვანი არ იკვეთება, რამაც შეიძლება გაუფასურება ან გამყარება გამოიწვიოს”,- აცხადებს “ბიზნეს ფორმულასთან” ცეზარ ჩოჩელი.

ცეზარ ჩოჩელის თქმით, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ბიზნესზე ნეგატიურად მოქმედებს და ინვესტიციების შემცირებას უწყობს ხელს.

“ლარის არასტაბილური მდგომარეობა გვანგრევს, ინვესტორებს უკარგავს სურვილს, ინვესტიციები განახორციელონ. ეს არ ეხება მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს, აქ ლაპარაკია ადგილობრივ ინვესტორებზეც. ბევრი პროექტი გააჩერა ლარის მერყევმა მდგომარეობამ. ჩვენს ჯგუფს 2-3 პროექტი შეგვიჩერდა. 8 წელია ზოგ კომპანიაში ერთი თეთრი დივიდენდი არ განაწილებულა”,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 5 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.3056 ლარი შეადგინა.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Share