Home » საზოგადოება » „ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმების იგნორირებით მიმდინარეობს და უკან გადადგმული ნაბიჯია“

„ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმების იგნორირებით მიმდინარეობს და უკან გადადგმული ნაბიჯია“

„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სრულად დისკრედიტირებულია, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკან გადადგმული ნაბიჯია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ 2021 წლის საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი შარშან ყველაზე უარესი სცენარით წარიმართა: არანაირი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან მიღწეულიყო კონსენსუსი ოპოზიციურ პარტიებთან, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების სრული იგნორირება, მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატების მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა და მათი თანამდებობაზე გამწესება ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციით, 6 თვის ვადით. ყველა სხვა სიახლე, როგორიცაა საკონკურსო კომისიის ახლებური დაკომპლექტება, გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა და კენჭისყრის პროცედურებს შორის ინტერვალები, ფასადური ხასიათის აღმოჩნდა.

რაც შეეხება ახლა მიმდინარე პროცესს, ის უკანგადადგმული ნაბიჯია შარშანდელ კონკურსთან შედარებითაც კი, რადგან ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რომლითაც კანდიდატების კენჭისყრის პროცედურებს შორის ოთხკვირიანი შუალედები გააუქმა. ამით მმართველმა ძალამ აღარ დატოვა სივრცე პოლიტიკური კონსულტაციებისთვის. ეს ნაბიჯი იყო მორიგი დეკლარირება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ფორმალური ბარიერებიც კი არ უნდა გადაეღობოს წინ.

ამასთან, განსხვავებით გასული წლისგან, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს ისეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა :„სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და IDFI. შესაბამისად, მიმდინარე შესარჩევი პროცესი მესამე სექტორის მხრიდანაც პრაქტიკულად დისკრედიტირებულია, ვინაიდან ის იმედი, რომელიც შარშან არსებობდა, რომ რეალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია, აღარ არსებობს“, – აცხადებს სიორიძე.

Share