Home » საზოგადოება » წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო მიწა უსასყიდლოდ დამუშავდება

წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი სასოფლო-სამეურნეო მიწა უსასყიდლოდ დამუშავდება

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელ პირებთან, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გასულ წელს განხორციელებულ და 2021 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ ისაუბრეს.

„სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა გრძელდება. პროგრამა აპრილის თვიდან დაიწყება და 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. აღსანიშნავია, რომ პირველად, კოვიდ პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის დამუშავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ათწლეულების განმავლობაში დაუმუშავებელი მიწების დახვნა განხორციელდა.

„სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება 15 პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება – შენახვა – რეალიზაციის მიმართულებით. 2020 წელს, ამავე პროექტით დაფინანსდა 18 პროექტი და დასაქმდა 100-მდე ადამიანი.

ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყის მდგრადი მართვის ღონისძიებებზე. ტყეების მდგრადი მართვის მიზნით გატარდება ზომები ტყის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share