Home » ბიზნესი » წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე გავიდა
წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე გავიდა

წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე გავიდა

წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე იყიდება. ჩაის კომანია „ლაზში“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათას დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავ ჩაის ჩინური ტექნოლოგიით აწარმოებენ. ამჟამად ჩაის კრეფის პროცესში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია ლაზი ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.

“წლების განმავლობაში საქართველოში ჩაის კულტურა გაჩერებული იყო. ჩვენ ჩამოვედით და შევისწავლეთ მისი ხარისხი. თქვენ ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ჩაი გაქვთ. ჩაის უნდა მოვლა, რომ ამ ბიზნესმა წინ წაიწიოს, ამიტომაც ჩვენი ტექნოლოგიებით ვამზადებთ ქართულ ჩაის. აქ წარმოებული შავი და მწვანე ჩაი უმაღლესი ხარისხისაა. ვაპირებთ უფრო მეტ მუშაობას და ვგეგმავთ დიდი პროექტს, სადაც ინვესტიციები განხორციელდება” – აცხადებს ჭან ვან ხუ – ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელი.

მისი ქართველი პარტნიორის, გონერ სალიას, განცხადებით, ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მოთხოვნადია:

მისი ქართველი პარტნიორის გონერ სალიას განცხადებით, ქართულ ჩაიზე ჩინურ ბაზარზე მოთხოვნაა. პირველი პარტია 80 და 100 დოლარად გაიყიდა, მეორე პარტიის ხარისხი და დამზადების ტექნოლოგია კი გაუმჯობესდა და ახლა, წალენჯიხასი წარმოებული 1 კილოგრამი ჩაის ფასი, ჩინურ ბაზარზე 300 დოლარია.

გონერ სალიას თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა ქართული ჩაის 100-წლიან ისტორიაში, როცა ადგილობრივი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე მოხვდა.

„მიმდინარე წელს დაახლოებით 80 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოიტანეს. შემოიტანეს სასუქები და დავიწყეთ გადამუშავება. ქართულ სინამდვილეში პირველად ფოთოლში მათ გადაიხადეს წელს 20 ლარი. უკვე ტონა-ნახევრამდე ჩაის ფოთოლია მოკრეფილი. ფასი არის 4-დან 20 ლარამდე“, – განმარტა გონერ სალიამ.

საწარმოო პროცესს ინვესტორებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მისი მოადგილე, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა ინვესტორებს რეგიონით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჩინელი ინვესტორები ქართველი ჩაის ტექნოლოგების გადამზადებას და ტრენინგებსაც გეგმავენ.

 

Share