Home » ეკონომიკა » ტრანზიტული ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა მომავალ წელს ამოქმედდება
ტრანზიტული ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა მომავალ წელს ამოქმედდება

ტრანზიტული ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა მომავალ წელს ამოქმედდება

საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული (სატრანზიტო) ავტომანქანების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს. სავალდებულო დაზღვევის პროექტი ეკონომიკურმა საბჭომ უკვე მოიწონა.

კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში შემოსული სატრანზიტო მანქანების მძღოლებს დაზღვევის შეძენის ვალდებულება ექნებათ. შედეგად, თუ ისინი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ რაიმეს დააზიანებენ – იქნება ეს ქონების თუ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება – ამ ხარჯებს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ.

ზოგადად, ავტომფლობელთა მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულოდაზღვევის შესახებ საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე შესაბამისი კანონი არ არსებობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ სატრანზიტო ავტომანქანებისმფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის  დაზღვევა პირველი სავალდებულო დაზღვევა იქნება, რომელიც ქვეყანაში  ამოქმედდება. სწორედ ეს იქნება მოსამზადებელი პერიოდი ქვეყნის შიგნით რეგისტრირებული ავტომანქანებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებად. ორივე სახის დაზღვევის შემოღება საქართველოსთვის ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებაა.

„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია დეტალები, თუ რას ითვალისიწინებს საქართველოში პირველი სავლადებულო დაზღვევის პროექტი?

მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში განგვიცხადეს, რომ პროექტი კონცეფციის დონეზე განიხილეს და დეტალების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

კონკრეტიკაზე საუბარი უჭირთ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურშიც, თუმცა, უწყებაში რამდენიმე დეტალი „კომერსანტთან“ გაასაჯაროვეს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის  სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის გიორგი წერეთლის განცხადებით, იარსებებს სხვადასხვავადიანი პოლისები და მძღოლებს ყველა შემოსვლაზე ახალი პოლისის აღების ვალდებულება არ ექნებათ.

მაგალითად პოლისის მინიმალური ვადა 15 დღე იქნება, სადაზვევო კომპანიები ასევე შესთავაზებენ ერთთვიან, 3-თვიან, 6-თვიან და სხვადასხვა ვადიან პოლისებს. მძღოლებს კი პოლისის მოქმედების ვადაში ერთი პოლისის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

ასევე, პოლისების გაცემის შესაძლებლობა არა ერთ რომელიმე კომპანიას, არამედ საქართველოში რეგისტრირებულ, ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევოს ექნება.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი კანონის ამოქმედების შემდეგ 700-დან 1000-მდე სამუშაო ადგილის გაჩენასაც ვარაუდობს.

„უფრო საზღვრისპირა რეგიონებში დასაქმდება ხალხი. ამაში ვთვლით მომსახურე პერსონალსაც, პროფილაქტიკებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც. ეს კანონი სადაზღვევო სფეროში ინვესტიციების მოზიდვასაც შეწუყობს ხელს. სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მოხდება, ცოტა ამოისუნთქებს ეს ბიზნესი“,- აცხადებს იოსებ გოგოლაშვილი.

რაც შეეხება შემოსავალს, რომელსაც სადაზღვევო სფერო კანონის ამოქმედების შემდეგ მიიღებს, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ეს პოლისის ღირებულებაზეა დამოოკიდებული, რომელიც ჯერ დაზუსტებული არ არის. კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფი ამ მიმართულებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.

მისივე თქმით, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში შემოვა უცხოური ვალუტა და ლარზე მოთხოვნა მოიმატებს, რადგანაც პოლისების გაყიდვა ეროვნულ ვალუტაში მოხდება.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]

წყარო: commersant.ge

Share