Home » ფინანსები » „თურქული ლირის 14%-იანი გაუფასურება ლარის მორიგი დევალვირების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია“

„თურქული ლირის 14%-იანი გაუფასურება ლარის მორიგი დევალვირების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია“

„თურქული ლირის 14%-იანი გაუფასურება ლარის მორიგი დევალვირების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია“, – ასე ეხმაურება “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბა-ს ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ბოლოდროინდელ პროცესს.

“ბლუმბერგის სიტემაში ვაჭრობის დღევანდელი შედეგების მიხედვით ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურების გზას დაადგა. ზოგადად, ლარმა მიგვაჩვია მსგავს “საჩუქრებს” და ეს სულაც არაა მისი ბრალი. ეროვნული ბანკი წინა წლებისგან განსხვავებით, ბოლო პერიოდში ერევა პროცესში, ხშირად აკეთებს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს (სავალუტო რეზერვებიც იძლევა ამის საშუალებას) და არ ერიდება მკაცრი მონეტალური პოლიტიკის გატარებას, რაც, ჩემი აზრით, დღევანდელ სიტუაციაში სწორია.

არ ვთვლი, რომ ის ინტერვენციები ცაში გასროლილი მილიონებია, რადგან სავალუტო ბაზარზე დოლარის არმიწოდების შემთხვევაში, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა. თანაც ისეთ დროს, როდესაც ფინანსური ნაკადების შემოსვლა ქვეყნისათვის ძირითადი არხებისგან – ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თითქმის არ ხდება. ერთადერთი ჩვენი ემიგრანტები არიან ისევ მოწოდების სიმაღლეზე და დღევანდელ რეალობაში ქვეყნის მთავარ ინვესტორებად მოგვევლინენ.

მონეტალური პოლიტიკის გამკაცრებაც 8-დან 8.5%-მდე გამოძახილია იმისა, რომ ინფლაცია იქნას მოთოკილი, რომლის ძირითადი მდგენელიც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტაა. ძირითადად ყველაფერს ვყიდულობთ, რისთვისაც გვჭირდება უცხოური ვალუტა და შესაბამისად, ლარის მედეგობაც ამაზეა დამოკიდებული.

ახლა რა ხდება ლარის თავსს?! მარტის თვის მონაცემებით, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი მეზობელი ქვეყანა რუსეთი, თურქეთი და ჩინეთია. ამათგან საიმპორტო ნომერ პირველი ქვეყანა თურქეთია და იქ მიმდინარე სავალუტო პროცესები ჩვენზეც მოქმედებს. და რა ხდება თურქეთში – ბოლო 2 კვირაში თურქული ლირა 14%-ით გაუფასურდა, რაც უკვალოდ ჩვენთვისაც არ ჩაივლიდა (ყველაზე მსხვილი საიმპორტო ქვეყანაა ჩვენთვის).

პლუს ამას, “ენგურჰესი” გაჩერებულია, რამაც ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად შეამცირა ელექტროენერგიის გენერირება და მეზობელი ქვეყნებისგან ელექტროენერგიის შეძენა გაზარდა, რაც უფრო მეტი უცხოური ვალუტის დახარჯვას მოითხოვს.

მოკლედ, მეტი ყურადღება ეროვნულ ვალუტას ამ გაჭირვების პერიოდში, როგორც ფისკალური, ასევე მონეტალური ხელისუფლებისგან. ლარის სტაბილურობაზე ზრუნვა კანონპროექტი არაა, რომელიც შეიძლება თაროზე შემოდო მუდმივი პროცესია, რომელიც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი პოლიტიკით”, – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე.

 

Share