Home » ეკონომიკა » „თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“ – ზურაბ ნოღაიდელი

„თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“ – ზურაბ ნოღაიდელი

ელექტროენერგეტიკული ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და ეს ეხება როგორც მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელებს, ისექვეყნის შიგნით არსებულ ინფრასტრუქტურას. ეს არის აუცილებელი საიმისოდ, რომ ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობები უფრო მეტი იყოს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.

მისი თქმით, რაც აქამდე გაკეთდა, იყო აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მომავალი ამოცანებისთვის ეს საკმარისი ვერ იქნება. „მაგალითად, გვაქვს „მესხეთი 400“ -ის ხაზი ბორჩხის ქვესადგურთან, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, ტექნიკური თვალსაზრისით,  ჩიხს წარმოადგენს და იქედან ელექტროენერგიის გატანა დანარჩენ თურქეთში არის შეუძლებელი. ამიტომ, ის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით შემაერთებელი ხაზის მშენებლობას ტორტუმის  ქვესადგურთან, რომელიც არ იქნება ასეთი ჩიხური, არის სასწრაფოდ და გადაუდებლად განსახორციელებელი. ამით ჩვენ თურქეთთან ელექტროენერგიის მიმოცვლის (იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის) საშუალებას პრაქტიკულად გავზრდით“, – განმარტავს ნოღაიდელი.

როგორც ზურაბ ნოღაიდელი აცახდებს, საქართველოში ნებისმიერი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, იქნება ეს ჰიდრო, მზის თუ ქარის სადგური, ნიშნავს ზაფხულის ენერგიის კიდევ უფრო მეტ გამომუშავებას. „ეს პროფიციტი სადღაც უნდა წავიდეს და ეს სადღაც, პირველ რიგში, არის და იქნება სწორედ თურქეთის ბაზარი, სადაც პანდემიის გადავლის კვალდაკვალ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აუცილებლად რადიკალურად გაიზრდება. თურქეთთან მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა“, – მიაჩნია ნოღაიდელს.

მისი მოსაზრებით, ბევრად უფრო მყარი ენერგოკავშირია დასამყარებელი სომხეთთანაც, რომელთანაც მხოლოდ 200 კილოვოლტიანი კავშირი გვაქვს. „რამდენადაც ვიცი, ეს არის კიდეც გეგმაში, თუმცა, მისი საჭიროება სომხეთის ენერგოსისტემისთვის უფრო საშურია, ვიდრე ჩვენთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთიდან ახალი 500-იანი კავშირის პროექტი. მოზდოკი – ქსანზეა საუბარი, მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსები ადგილიდან არ ძვრიან, რამდენადაც, როგორც ჩანს, ისინი ამ პროექტში საკმაო კომერციულ ინტერესს ვერ ხედავენ. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს პროექტიც ასევე აუცილებლად განსახორციელებელია“, – მიაჩნია ზურაბ ნოღაიდელს.

 

Share